გარიგება მეოცნებეებსა და ნაციონალებს შორის, თუ სიჩუმე ქარიშხლის წინ?

გარიგება მეოცნებეებსა და ნაციონალებს შორის, თუ სიჩუმე ქარიშხლის წინ?

„სამართალი ურმით მოდის“, „სამართლიანობის აღდგენის დაპირება დროში ძალიან ჭიანურდება“ და სხვა მსგავსი ფრაზები უკანასკნელ დროს სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის. ყველაფერი კი იმას უკავშირდება, რომ მართალია, რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ ისინი დღეს თავისუფლები არიან, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთაგან კი დღესდღეობით მხოლოდ ბაჩო ახალაია ზის ციხეში. ამის გამო ქართულ საზოგადოებაში უკვე არსებობს უკმაყოფილების მუხტი, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა ქვეყანაში სწორედ სამართლიანობის აღდგენაა და ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ წინა ხელისუფლება ადამიანის უფლებებს ფექვეშ თელავდა და თავისი ქმედებებით არაერთი ოჯახი მიწასთან გაასწორა.

ამიტომ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მოსახლეობას სამართლიანობის აღდგენას პირდებოდა, ამან საზოგადოებაში გარკვეული იმედები გააჩნია, რომ დამნაშავეები, მიუხედავად მათი სოციალური, თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა, აუცილებლად დაისჯებიან, თუმცა სამართლიანობის აღდგენას ძალიან აგვიანდება.

ამ ფონზე „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრი, თეა თუთბერიძე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ წინა ხელისუფლების გარკვეულ მაღალჩინოსნებსა და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გარიგება შედგა, რითაც სააკაშვილის გუნდის წევრებმა ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს, ამის საფასური კი ახალაიას ციხეში გამომწყვდევა იყო.  

თეა თუთბერიძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა და გიგა ბოკერიამ  "ქართულ ოცნებას" შესთავაზეს ბაჩო ახალაიას პატიმრობით დაკმაყოფილებულიყვნენ და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ რეალური დევნა არ დაწყებულიყო. ამის შესახებ თუთბერიძე გაზეთ „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

"გარიგება "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ ლიდერსა და "ქართული ოცნების" ხელისუფლების ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს შორის არის შემდგარი: რა გინდათ, ხომ გყავთ დაჭერილი ახალაია, შეგიძლიათ მას "შეტენოთ", რაც გინდათ და დანარჩენზე ჩვენ მოვილაპარაკოთ. ამაზე ძალიან სარწმუნო წყაროების მხრიდან მაქვს ინფორმაციები", - აცხადებს თეა თუთბერიძე.

რამდენად რეალურია, რომ წინა და ახალ ხელისუფლებას შორის ამგვარი გარიგება შემდგარიყო?  ან, იქნებ, ივანიშვილის გუნდი უბრალოდ სასამართლო რეფორმას ელოდება, რათა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს სამართლებრივი მსველობა მისცეს? მოგეხსენებათ, აქამდე კბილაშვილის პროკურატურის მიერ წარმოებულ პრაქტიკულად არც ერთ საქმეზე კუბლაშვილის სასამართლო მტკიცებულებებს არ ღებულობს და სერიოზულ დანაშაულებში მხილებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს გირაოთი ათავისუფლებს. შესაბამისად, არ არსებობს იმის მოლოდინიც, რომ საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ობიექტურად წარიმართება.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წინა ხელისუფლებასთან გარიგებაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზული და აბსურდულია. მისი თქმით, გამორიცხულია ამ ორ ძალას შორის რაიმე სახის გარიგება იყოს.

„პირიქით, მე ვიცი, რომ მიმდინარეობს გამოძიება 26 მაისთან დაკავშირებით, ასევე უკვე დასრულების სტადიაშია გირგვლიანის საქმის გამოძიება. ეს მხოლოდ ორი საქმეა იმ საქმეებიდან, რომლებიც ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდს უკავშირდება. ცხადია, რომ 26 მაისს პირდაპირ მან გასცა დარბევის ბრძანება, სხვანაირად მე არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიციელების მიერ თვითნებურად ყოფილიყო მიღებული. მოგეხსენებათ, იქ აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს, ხოლო დაკავების შემდეგ მათ ყველანაირად შეულახეს ღირსება“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

მისი თქმით, ეს ისეთი საქმეებია, რომლებიც მერაბიშვილს სიტუაციიდან „მშრალად“ გამოძრომის საშუალებას არ მისცემს და მას აუცილებლად მოუწევს ამ საქმეების გამო პასუხისგება. დეპუტატი სანდრო გირგვლიანის მკვლელობასაც იხსენებს, სადაც ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია იყო, ხოლო ის მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ საქმეში მონაწილეობდნენ და რომლებიც თითქოს თანამდებობებიდან გადააყენეს, მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში კვლავ სამინისტროში მუშაობდნენ. მანანა კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, მაგრამ ამას გარკვეული დრო სჭირდება და პროკურატურა გადაწყვეტს, როდის მოხდება ეს.

„დღეს რომ მერაბიშვილი თავისუფალია და, ვთქვათ, 19 აპრილს მიტინგი ჩაატარა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მას ხელს აფარებს და მას და მის თანაგუნდელებს მათ დანაშაულებრივ ქმედებებს აპატიებს. ამიტომ ვერავის ეჭვებს ვერ გავიზიარებ იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი გუნდიდან მერაბიშვილს ვინმე გაურიგდა. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილმა გარკვეული გათვლა გააკეთა. მოგეხსენებათ, ის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია და ეს პოზიცია მას იმისთვის სჭირდებოდა, რომ თუკი მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყებოდა, ის გენერალურ მდივნობას ფარად აიფარებდა და იტყოდა, რომ პარტიის გენერალური მდივანია და მასზე პოლიტიკური დევნა ხორციელდება“, - ამბობს დეპუტატი.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნობა ვანო მერაბიშვილს ვერანაირ იმუნიტეტს ვერ მიანიჭებს, გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. რაც შეეხება თეა თუთბერიძის განცხადებებს, მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ ის საუბრობს იმ შიდა დაპირისპირებებზე, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის არსებობდა. დეპუტატი იხსენებს, რომ წინა ხელისუფლებაში არსებობდა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ებრძოდნენ. კობახიძის თქმით, ახლა, როგორც ჩანს, ნაციონალებმა ახალაიები მართლა გაწირეს და სურთ, ყველა დანაშაულზე მათ შეაწმინდონ ხელი, ხოლო ახალაიებს ამის გამო ბუნებრივი პროტესტი გაუჩნდათ, რადგან თუკი რამე დანაშაული აქვთ ჩადენილი, ეს ნაციონალების ჯგუფური დანაშაულია. მანანა კობახიძის თქმით, ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი აურზაურია, რადგან ვინ ვის გუნდშია უკვე გაურკვეველია, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალაიები მათი პარტიული აქტივი არ ყოფილან, რითაც პრაქტიკულად მათ გაემიჯნა. დაბოლოს, დეპუტატი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებასთან მმართველი გუნდის გარიგებას კატეგორიულად გამორიცხავს, უბრალოდ 6 თვე არ არის დიდი დრო საიმისოდ, რომ რომელიმე სერიოზულ საქმეზე გამოძიება დასრულდეს, ამას დრო სჭირდება და თავის დროზე პასუხი ყველას მოეთხოვება.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს პრიმიტიულ დაპირისპირებასთან, როგორიც ხშირად ხდება ამა თუ იმ მაფიოზურ დაპირისპირებაში. კერძოდ, დღეს მერაბიშვილი და მისი გუნდი ახალაიების ფლანგს დაუპირისპირდა, ხოლო თუთბერიძე ახალაიების უფლებების დამცველი ყველაზე აქტიური სპიკერია და სწორედ ამიტომ დაიწყო მან მერაბიშვილზე თავდასხმა.

„მიმაჩნია, რომ საზოგადოებისთვის ეს იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რომ თქვენი მკითხველი ამ თემის ანალიზით შევაწუხოთ. გაივლის არცთუ დიდი დრო, საქართველოში სამართლიანი სასამართლო ჩამოყალიბდება და შემდეგ ვიმსჯელოთ იმაზე, ვინ ვის გაურიგდა და ვინ ვისგან მიიღო ინდულგენციები. სამართლიანობის აღდგენა ქართული საზოგადოების სეზონური მოთხოვნილება არ იყო, ეს არის საკმაოდ მტკიცე მოთხოვნა, რომელსაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაექცევა“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ახალაიასთან დაკავშირებით კი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ თბილისის ციხე არის ყველაზე საიმედო ადგილი ბაჩო ახალაიას სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ამიტომ ექსპერტი მოგვიწოდებს, ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო მეტი კათოლიკეობის მოსურნე, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და რაც უფრო მალე ექნება ქვეყანას სამართლიანი სასამართლო, მით უფრო მალე განვითარდება იგი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალებიც უფრო ღირსეულად შეძლებენ საკუთარი საქმიანობის განხორციელებას.

პოლიტიკური ექსპერტის, კახი კახიშვილის შეფასებით, „ნაცმოძრაობა“ ახალაიებს ფაქტობრივად გაემიჯნა, რადგან მათი ცენტრალური ოფისის მხრიდან ახალაიას მხარდამჭერი განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა მეორე მხრივ, არც ქართული საზოგადოების მიერ მოთხოვნილი სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, რადგან მხოლოდ ერთი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული იმ გუნდიდან, რომელიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდა და ეს არის ბაჩო ახალაია.

„მართალია, მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ ძალიან ბევრი თანამდებობის პირი ჰყავს პასუხისგებაში მიცემული, მაგრამ მე ვსაუბრობ უმაღლესი თანამდებობის პირებზე, რომლებიც ქვეყანას 9 წლის განმავლობაში მართავდნენ. მათგან მხოლოდ ბაჩო ახალაიაა პასუხისგებაში მიცემული და გიგი უგულავა, და აქაც ვხედავთ, რა პრობლემებიც არის. რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და „ნაცმოძრაობის“ ელიტა რაიმე გარიგებაში არიან თუ არა, ამაზე პასუხის გაცემა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი“, - ამბობს კახიშვილი.

მისი თქმით, შესაძლოა დღეს საკითხები იმიტომ არ დაიძრას, რომ სასამართლო პოლიტიზირებულია და რეალურად დესტრუქციულ როლშია. ამიტომ სტრატეგიულად ჩათვალეს, რომ როდესაც სასამართლო რეფორმა დასრულდება, ამ საქმეებს ამის შემდეგ დაძრავენ. კახი კახიშვილი ამბობს, რომ თუ უახლოეს მომავალში ვნახავთ, რომ მთელი ეს პასუხისმგებლობა მხოლოდ ბაჩო ახალაიაზე გადატყდა და მით უმეტეს, იმ მუხლებით, რა მუხლებითაც მას ახლა აქვს წარდგენილი ბრალდება (გასათვალისწინებელია, რომ ახალაიაზე ძალიან ბევრი რამ გვესმოდა, მაგრამ საბოლოოდ, ახალაიას რაღაც სასაცილო ბრალდებები წარედგინა), მაშინ გარკვეულ გარიგებაზე შეიძლება ვისაუბროთ.

„მინიშნებები ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ ვიღაცეებს რაღაცეები უნდა ეპატიოთ, რომ უნდა მოხერხდეს მათთან თანამშრომლობა, ასევე სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან (რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაახლოებულები) აზრის ამ კუთხით ფორმირება, ეს ყველაფერი გარკვეულწილად კითხვებს ბადებს მოსახლეობაში, მაგრამ საბოლოო პასუხი მე ვფიქრობ, ოქტომბრის შემდეგ იქნება. თუ მართლმსაჯულების კუთხით „ნაცმოძრაობის“ მოღვაწეობაში წერტილი მხოლოდ ახალაია იქნება, აქ ორი აზრი აღარ იარსებებს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ რაღაც გარიგებას ჰქონდა ადგილი“, - აცხადებს კახი კახიშვილი.