საბანკო სექტორისთვის 2010 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა

საბანკო სექტორისთვის 2010 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა

ექსპერტების შეფასებით, 2010 საბანკო სექტორმა კრიზისის დაძლევა შეძლო, თუმცა ჯერ კიდევ პრობლემურია კომერციული ბანკების აქტივების საკითხი. ექსპერტების აზრით, საბანკო სექტორში ზრდის ტემპები 2011 წელსაც გაგრძელდება.

 

„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ 2010 წელი საბანკო სექტორისთვის აღმავლობის წელი იყო. თითქმის ყველა მაჩვენებელში ზრდა დაფიქსირდა“, - ამბობს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია. 11 თვის მონაცემებით, საბანკო აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა, სარკდიტო პორტფელი 6 მილიარდი ლარია, წმინდა მოგება კი 158,6 მილიონი ლარი.

 

„ეს ყველაფერი არის იმ ფონზე, როდესაც 2009 წელი საბანკო სექტორმა ზარალით დაასრულა“, - ამბობს ზურაბ გვასალია.

 

მისი თქმით, გაისად საბანკო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ამოქმედდება ახალი საგაასახადო კოდექსი.

 

„ახალ საგადასახადო კოდექსზე მუშაობისას ჩვენი ასოციაცია მთლიანად იყო ჩართული და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შენიშვნების 90%-ის გათვალისწინება მოხდა“, - ამბობს გვასალია.

 

გვასალიას განცხადებით, ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის ინიციატივები, რომელიც შეეხო, როგორც საკანონმდებლო ბაზას, ასევე მომხმარებლის ინტერესებს.

 

გვასალია ასევე სერიოზულ ნაბიჯად აფასებს საბანკო სექტორის IBAN-ის სისტემაზე გადასვლას. მისი თქმით, IBAN ანგარიშების გამოყენების შემთხვევაში მცირდება ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა. რიგ შემთხვევებში ასევე მცირდება გადარიცხვის საკომისიო და სახსრების მიმღების ანგარიშზე ასახვის ხანგრძლივობა.

 

„ეს სისტემა დსთ-ს სივრცეში მხოლოდ საქართველოსა და ბალტიის პირეთის ქვეყნებს აქვთ“, - ამბობს გვასალია. IBAN ანგარიშების ნომრები გამოიყენება 48 სახელმწიფოში საქართველოს ჩათვლით.

 

გვასალიას თქმით, 2010 წელს საბანკო სექტორში კიდევ ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებად RTGS-ის სისტემის დანერგვას მიიჩნევს. ეს არის „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა“ და „ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების“ სისტემები, მართვის თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოდელი. ანუ გვასალიას თქმით, ოპერაციების მართვა გახდა სწრაფი და ურისკო.

 

დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემა არის საგადახდო სისტემა, სადაც გადარიცხვების დამუშავება და ანგარიშსწორება თანმიმდევრულად, უწყვეტად, რეალურ დროში ხორციელდება.

 

„კიდევ ერთი წარმატებული გადაწყვეტილებაა ელექტრონული ინკასოები, რომელიც დუბლირებას გამორიცხავს“, - ამბობს გვასალია.

 

2010 წლის ბოლოს ბანკებმა დაიწყეს საპროცენტო განაკვეთების დაწევა, მომხმარებელს 11%-იანი საპროცენტო განაკვეთი პირველმა ბანკმა „რესპუბლიკამ“ შესთავაზა, მას მხარი აუბა „თიბისი ბანკმაც“.

 

გვასალია მიიჩნევს, რომ სესხებზე პროცენტების დაწევის ტენდენცია გაისადაც გაგრძელდება, ვინაიდან ბანკების უცხოურ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა იზრდება.

 

„თუ ევროპაში რამე ისეთი, გლობალური კრიზისი არ მოხდა, ქართული ბანკებისთვის უცხოურ ფინანსურ წყაროებზე ხელმისაწვდომობა იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაისად დაკრედიტების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება“, - ამბობს გვასალია.

 

ექსპერტის ლია ელიავას განცხადებით კი, საქართველოში საბანკო კრიზისის შემდგომ მის ნორმალურ რეჟიმში ჩაყენებას თითქმის ორი წელი დასჭირდა. მისი აზრით, პოსტკრიზისულ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც იზრდება.

 

„მთლიანი შიდა პროდუქტი 2008 წლის პირველ ნახევართან, ანუ კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა. 2010 წელს მოსალოდნელია მისი თითქმის 6 პროცენტამდე ზრდა. ეკონომიკის ზრდის კვალდაკვალ აქტიურდება საბანკო სექტორის საქმიანობაც. შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორმა, პრაქტიკულად, დამოუკიდებელ რეჟიმში შეძლო კრიზისის დაძლევა. ამას მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ საქართველოს საბანკო სისტემის თითქმის 80% მოქცეულია უცხოეთის ბანკებისა და ინვესტორების საკუთრებაში. მათ მნიშვნელოვანი თანხები გაიღეს თავისი შვილობილი ბანკების საწესდებო კაპიტალის გაზრდისათვის“,- ამბობს ელიავა.

 

მისი ინფორმაციით, დღეისათვის კომერციული ბანკების საწესდებო კაპიტალმა კრიზისამდელი პერიოდის დონეს თითქმის 21%-ით გადააჭარბა, ანუ აბსოლუტურ გამოხარულებაში საწესდებო კაპიტალის ზრდამ შეადგინა 123 მილიონი ლარი.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ 2010 წლის მიწურულს ქვეყნის საბანკო სექტორში რეალურად შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება ოფიციალურად გაცხადებული შეფასებებიდან. ელიავას აზრით, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის მტკიცება, რომ კრიზისამდელი მდგომარეობა მთლიანად აღდგენილია.

 

კერძოდ, კრიზისის წინა პერიოდთან შედარებით, წმინდა დაკრედიტების მოცულობა 5.3%-ით ნაკლებია. თუმცა, ამავე დროს აშკარად შეინიშნება საკრედიტო საქმიანობის არსებითი გააქტიურება. ამას ხელს უწყობს, პირველ რიგში, ინფლაცია, რომელიც დაჩქარებული ტემპებით განვითარდება 2011 წელს და რომელიც არის საბანკო შემოსავლების ზრდის ყველაზე ნაყოფიერი საფუძველი.

 

ექსპეტი მიიჩნევს, რომ საბანკო საქმიანობის დადებით ტენდენციად შეიძლება ჩაითვალოს დღეისათვის კომერციული ბანკების მიერ მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდა.  წინაკრიზისულ პერიოდთან შედარებით, ფიზიკური პირების ვადიანი ანაბრების მოცულობა დღეისათვის 53%-ით გაიზარდა, რაც ნომინალურ გამოხატულებაში 2 მილიონ ლარს შეადგენს.

 

„მოსახლეობის საბანკო ანაბრების მოცულობის ზრდა წარმოადგენს რეაქციას ინფლაციურ მოლოდინზე და მისგან დანაზოგების დაცვის ინტერესით არის განპირობებული. ის გარემოება, რომ ამ ანაბრების საშუალო ვადიანობა არ აღემატება ერთ წელს, მოსახლეობის მხრიდან ბანკებისადმი გარკვეულ უნდობლობაზე მეტყველებს. კომერციულ ბანკებს როგორც ადრე, ასევე დღესაც, არ გააჩნიათ საკმარისი ოდენობის „გრძელი ფული“ გრძელვადიანი დაკრედიტებისათვის. როგორც ჩანს, არც გაისად შეიცვლება რაიმე ამ მიმართულებით“, - ამბობს ელიავა.

 

ასევე ჯერ კიდევ მტკივნეულ საკითხად რჩება კომერციული ბანკების აქტივების ხარისხი. ოფიციალური მონაცემებით, უმოქმედო სესხების წილი მთლიან საკრედიტო პორტფელში არ აღემატება 15%-ს. ელიავას განცხადებით, ეს ის ნეგატიური ტვირთია, რომელიც ამცირებს ბანკების მოგებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მათი კაპიტალიზაციის დონეს. ნომინალურ გამოხატულებაში ასეთი „ტოქსიკური“ სესხების მოცულობა დღეისათვის 863 მლნ ლარს შეადგენს. ექსპერტის განცხადებით, ბანკების ბალანსების მათგან გაწმენდა კი ნიშნავს მათ სრულ გაკოტრებას, ამიტომაც ისინი, ბუნებრივია, არ ჩქარობენ ამის გაკეთებას.

 

„თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა კომერციულმა ბანკმა, რომლებსაც რესურსული უზრუნველყოფის იმედი ჰქონდა, ბალანსიდან ჩამოწერა ტოქსიკური სესხები და საკუთარი კაპიტალი შეავსო „მშობელი“ ბანკების ფინანსური სახსრებით“, - აღნიშნავს ელიავა. ექსპერტი, უმოქმედო სესხების დიდი მოცულობის მიუხედავად დადებით მოვლენად მიიჩნევს აქტივების ხარისხის გაუარესების ტენდენციის შენელებას, რომელიც 2011 წელსაც გაგრძელდება.

 

როგორც კრიზისამდელ პერიოდში, ასევე დღესაც უცხოური ბანკების საქმიანობა საქართველოს ეკონომიკაზე ცალმხრივ გავლენას ახდენს. საუბარია მათი საქმიანობის ისეთ აშკარად გამოკვეთილ ტენდენციაზე, როგორიცაა მოხმარებისა და იმპორტის უპირატესი დაკრედიტება. რეალური სექტორის ისეთ დარგებზე, როგორიცაა მრეწველობა, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა, გაცემული სესხების მოცულობა კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 20% შეადგენს. დანარჩენი სეხსები გადანაწილებულია არამატერიალური წარმოების სფეროზე, სადაც რისკის ხარისხი შედარებით დაბალია.

 

ლია ელიავას პროგნოზით, 2011 წელს საბანკო სექტორში კვლავაც გაგრძელდება მისი აღდგენისა და განმტკიცების პროცესი. მისი სრული აღდგენა მნიშვნელოვან წილად დამოკიდებული იქნება ბანკების აქტივების ხარისხზე, რომლის შესამჩნევ გაუმჯობესებას, სავარაუდოდ, შეიძლება კიდევ საკმაო დრო დასჭირდეს.

საბანკო აქტივების ხარისხზე, ანუ რისკის ღირებულების შემცირებაზე და ასევე ხარჯების სტრუქტურის ცვლილებაზე დამოკიდებული იქნება კომერციული ბანკების წმინდა მოგების მოცულობაც.

 

„თუ გავითვალისწინებთ რეტროსპექტულ ტენდენციებს, მოსალოდნელია, რომ საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელი უახლოეს მომავალში ნელი ტემპებით გაიზრდება“, - ამბობს ელიავა.

 

კერძოდ, თუკი მიმდინარე წელს საბანკო სექტორის წმინდა დაკრედიტება მშპ-ს 27.5% შეადგენს, მომავალი წლისათვის იგი უმნიშვნელოდ გაუსწრებს 2008 წელს დაფიქსირებულ 28.6%-იან დონეს. ინფლაციის ზრდასთან ერთად მოიმატებს მოსახლეობის დეპოზიტების მოცულობა, მაგრამ ეს ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო პორტფელის რეალურ ზრდას, ვინაიდან კვლავაც იქნება შენარჩუნებული საკრედიტო რისკების მაღალი დონე. ჭარბი ლიკვიდობა უმეტესწილად მიმართული იქნება ფასიანი ქაღალდების შესაძენად. ლიკვიდობის ზრდის სანაცვლოდ შემცირდება ბანკების დავალიანება უცხოელი ინვესტორების მიმართ.

 

„სავარაუდოა, რომ 2011 წელს უცვლელი დარჩება დაკრედიტების სტრუქტურა, ანუ პრიორიტეტულად დაკრედიტდება მოხმარება და იმპორტი. თუმცა, შეინიშნება საბანკო საქმიანობის ბიზნეს-მოდელის უმნიშვნელო ცვლილების ნიშნები. კერძოდ, საოპერციო მიდგომიდან და პროდუქტების მიწოდების აქტიურ განვითარებიდან აქცენტი ნელ-ნელა გადაიტანება კლიენტზე ორიენტირებულ საქმიანობაზე. გარდა ამისა, თუ ზრდის პერიოდში პრიორიტეტული მიზანი იყო ბანკის კაპიტალიზაცია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ოპერაციების მოცულობის ზრდა და ბიზნესის განვითარება, მომავალ წელს შეიძლება დღის წესრიგში დადგეს ბიზნესის ეფექტურობისა და რენტაბელურობის ამაღლების საკითხები. შესაბამისად, ბანკები, ძირითადად, ორიენტირებულნი იქნებიან ისეთ ოპერაციებზე, როგორიცაა დეპოზიტების მაქსიმალური მოზიდვა და მოკლევადიანი დაკრედიტების ზრდა.

 

რაც შეეხება სახსრების გრძელვადიან დაბანდებას და საინვესტიციო საბანკო საქმიანობას, როგორც ამჟამად, ასევე უახლოეს მომავალში, საქართველოს საბანკო სექტორისათვის ასეთი პროგნოზების რეალური საფუძველი ჯერჯერობით არ არსებობს», - ამბობს ელიავა.

 

რაც შეეხება 2011 წელს ახალი უცხოური ბანკების საქართველოში შემოსვლას, გვასალია რა გამორიცხავს, რომ გაისად ახალი ბანკი შემოვიდეს. მისი თქმით, საქართველოს საბანკო სისტემა უკვე მიმზიდველი გახდა ახალი ბანკებისთვის.

 

„სერიოზული პირობები შეიქმნა საიმისოდ, რომ უცხოური ბანკები საქართველოთი ისევ დაინტერესდნენ“, - ამბობს გვასალია.