რა იწვევს ლარის გამორჩეულ სტაბილურობას და გაგრძელდება თუ არა მისი გამყარება?

რა იწვევს ლარის გამორჩეულ სტაბილურობას და გაგრძელდება თუ არა მისი გამყარება?

მსოფლიოში დღეს ეკონომიკური კუთხით უამრავი გამოწვევაა. ქვეყნებს სულ უფრო უჭირთ პრობლემებთან გამკლავება. განსაკუთრებით მწვავეა ვალუტის სტაბილურობისა და ინფლაციის საკითხები. ამ მხრივ საქართველო შედარებით უკეთეს პირობებშია. მართალია, ფასების მოთოკვა ჯერჯერობით ისევ ვერ ხერხდება, მაგრამ ეროვნული ვალუტის გამყარება უკვე ტენდენციად იქცა. მაინც რა ფაქტორები მოქმედებს დადებითად ლარზე, რომელსაც დღეს ყველა სტაბილურობას უწინასწარმეტყველებს?

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის აზრით, ლარს სამი ფაქტორი ასტაბილურებს: რეფინანსირების განაკვეთი, რეკორდული ფულადი გზავნილები და მაკროეკონომიკური ფაქტორები.

„ლარის სტაბილურობის ძირითადი ფაქტორი, ეს არის მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რომლებიც ლარშია, რაც ქმნის ლარში დეპოზიტების მოზიდვის შესაძლებლობას, მათ შორის უცხოელი ინვესტორებისგან.

მეორე ეს არის დოლარში შემოდინებები, რომლებიც რეკორდულია, 2021 წელს ფულადი გზავნილები 2,35 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და დეკემბერში რეკორდულ ნიშნულს - 229 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. ეს ქმნის დამატებით ფაქტორს იმისთვის, რომ ლარზე მაღალი იყოს მოთხოვნა და მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ლარის სტაბილურ და მყარ პოზიციებზე მიგვითითებს, მიუხედავად მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობისა“, - განმარტა ვეფხვაძემ.

კონკრეტულ პროგნოზს აკეთებენ ფინანსისტები. ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ გამყარების ტენდენცია არა მკვეთრად, თუმცა თებერვლის შუა რიცხვებამდე ნამდვილად გაგრძელდება. მნიშვნელოვან ცვლილებებს ფინანსისტი არც მომავალში ელის.

„როგორც წესი, იანვარში დოლარზე მოთხოვნა ნაკლებია. დღესასწაულები გადავლილია და პროდუქტების, სურსათისა და სხვა იმპორტირებული პროდუქციის მარაგი დეკემბერშია გაკეთებული. ეს იმპორტის შემცირებასა და დოლარზე მოთხოვნის შემცირებას განაპირობებს. ყოველთვის ასეა წლის დასაწყისში.

ვფიქრობთ, თებერვლის 10 რიცხვიდან ლარი დაიწყებს მცირედ გაუფასურებას, მაგრამ ეს ვერ იქნება მნიშვნელოვანი, პირველ კვარტალში, მაქსიმუმ, 3.13 ნიშნულს მიაღწიოს. რაც შეეხება თებერვლის შუა რიცხვებამდე მდგომარეობას, არც მკვეთრი გამყარებაა მოსალოდნელი, ლარი ძირითადად იმოძრავებს 3.04-3.10 დიაპაზონში“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ბიზნესი სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაციით კმაყოფილია. კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის, თამაზ დაუშვილის აზრით, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკა და კოორდინირებული მუშაობაა, რომ ლარი იყოს სტაბილური, მაშინ ეს მიიღწევა კიდეც, რაც ბოლო თვეებმა კარგად აჩვენა.

„ეროვნულმა ბანკმა იზრუნა იმაზე, რომ ის ლარის მასა, რომელიც ქვეყანას უცხოეთიდან აღებული სესხის სახით დაუგროვდა, ბაზარზე დროულად შემოეშვა. საბოლოო ჯამში, ყველა ამ მოქმედებით მივიღეთ გამყარებული ლარი...

გაიზარდა უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვები. ბალანსი ლარის მასასა და უცხოური ვალუტის, ამ შემთხვევაში დოლარისა და ევროს მასას შორის ისეთი აღმოჩნდა, რომ გამოიწვია სტაბილურობა და ცოტა ლარის გამყარებაც.

მოგეხსენებათ, ლარის კურსი - ეს არის თავისუფალი მცურავი კურსი და მასზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა არავის არ შეუძლია. ერთი რამ კი ცხადია, თუ იქნება კოორდინირებული მუშაობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის, ამის მიღწევა შესაძლებელია, ადრეც შეიძლებოდა და მომავალშიც მიღწევადია“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას თამაზ დაუშვილმა.

არსებობს საერთაშორისო ფაქტორებით, რაც ქართული ვალუტის წისქვილზე ასხამს წყალს. ბოლო თვეების განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენციას საერთაშორისო ბაზრებზე დოლარისა და ევროს დასუსტებაც უწყობს ხელს.

„ლარის გამყარება ორი ვალუტის, დოლარისა და ევროს გლობალურ სტაბილიზაციასა და გაუფასურებას უკავშირდება. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს - დაწყებული პოლიტიკური თემებით, დამთავრებული მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, რომლებიც ინფლაციას უკავშირდება. სხვა წლებისგან განსხვავებით, ინფლაცია არ არის სექტორული, არც რომელიმე კონკრეტულ ინდუსტრიას ეხება. გლობალურად ხდება ყველა მიმართულებით ფასების ზრდა, შესაბამისად, აქტივობა შედარებით შემცირებულია. თანხაში გამოკვეთილი მიწოდების მოცულობა თითქმის იგივეა, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებელია შემცირებული.

ეს გავლენას ახდენს ჩვენს რეალობაზეც, ამიტომ ეკონომიკური აქტივობა შედარებით შეკვეცილია, რის გამოც ვალუტაზე დატვირთვა მცირდება და გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს“, - განაცხადა კომპანია „ჯორჯიან ბეიქერსის“ დამფუძნებელმა მიხეილ ფარულავამ.