თბილისის მოსახლეობა ბოლო ორი თვეა დენის გადასახადის მომატებულ ტარიფზე უკმაყოფილობას გამოთქვამს. დეკემბერში მოქალაქეებს დენის ორი ქვითარი მიუვიდათ, „თელმიკოში“ მაშინ ეს იმით ახსნენს, რომ წელი დახურეს. დაიწყო ახალი წელი, მაგრამ თბილისის მოსახლეობას კვლავ დენის გაზრდილი გადასახადის გადახდა უწევს. უკმაყოფილობას მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოთქვამენ.
სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში, „სასოწარკვეთილი მომხმარებლების ჯგუფი“ ორი დღეა მოქალაქეები აქტიურად პოსტავენ და „თელმიკოს“ მიმართ უკმაყოფილობას გამოთქვამენ.
„120 ლარს არ ვცდები გადასახადს ხოლმე, ახლა კი 161 ლარი მომივიდა“, წერს ჯგუფის ერთ-ერთი მომხამრებელი.
აქვე ვკითხულობთ სხვა „გამწარებულ“ მოქალაქეების კომენტარებს, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„მთელს კორპუსს ვუხდი და თუ მსურველი გამოჩნდებით, დამიკავშირდით, თქვენსასაც მე გადავიხდი. 556 ლარი მომივიდა“.
„მარტო მე არ ვყოფილვარ, წინა თვეებში 150 ლარს ვიხდიდი და ახლა 229 ლარი უნდა გადავიხადო“.
„მარტო ვცხოვრობ სახლში, მთელი დღე გასული ვარ. აქამდე 30 ლარი მოდიოდა ხოლმე, ახლა 90 ლარი მომივიდა. აქამდე 30 ლარზე მქონდა პანიკა და ახლა სულ გადარეული ვარ“.
ასეთ სტატუსებს თუ კომენტარებს სოციალურ ქსელში ბევრს ნახავთ. გადავწყვიტეთ გაგვერკვია თავად „თელმიკოში“ თუ რატომ მიუვიდა თბილისის მოსახლეობას გაორმაგებული გადასახადი.
როგორც for.ge-ს „თელმიკოში“ განუცხადეს, დენის გადასახადი გაძვირებული არ მისვლიათ, კომპანიის განმარტებით, აქამდე სახელმწიფო სუბსიდირებას აკეთებდა, 1 იანვრიდან კი სუბსიდირება მხოლოდ სოციალურ დაუცველ ოჯახებს შეეხებათ.
„დენის გარდილი ტარიფი რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. პირველი - 2022 წლის იანვრის თვიდან სუბსიდირების მოქმედება შეჩერდა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში მოქმედებდა. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ერთი წლის წინ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და დენის სუბსიდირება გადაწყვიტა. პანდემიამ ფინანსური პრობლემები გამოიწვია ქვეყანაში, ამიტომ გასულ წელს ელექტროენერგიის დასუბსიდირება მოხდა. ანუ, ძველსა და ახალ გადასახადს შორის სხვაობას სახელმწიფო ასუბსიდირებდა და მხოლოდ ის მომხარებელი, ვინც 300 კილოვატამდე ენერგიას მოიხმარდა, მაინც ძველი ტარიფით იხდიდა. ამ დადგენილებას ერთწლინი ვადა ჰქონდა, რომელიც დასრულდა. ახლა სუბსიდირება მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვს გაგრძელდა. შესაბამისად იანვარში მოხმარებული ელექტროენერგია მოქალაქეებს დაუანგარიშდათ სტანდარტული ტარიფით.
მეორე ფაქტორია „თელასის“ მხირდან არასწორად აღებული ჩვენებები. ჩვენების აღებას კომპანია „თელასი“ ახორციელებს, რომელიც შემდეგ მონაცემებს ჩვენ გვაწვდის. ჩვენ კანონით უფლება არ გვაქვს, რომ ამ მონაცემებს არ დავეყრდნოთ. შესაბამისად, თუ ჩვენება შეცდომით არის აღებული, რა თქმა უნდა, ქვითარიც შეცდომით იბეჭდება და შემდეგ მოქალაქეს პრეტენზია უჩნდება. ანუ, მეორე ფაქტორი, კომპანია „თელასის“ მხრიდან აღებული არასწორი ჩვენებებია.
მესამე ფაქტორი - ისევ დეკემბრის თემას უნდა მივუბრუნდე. დეკემბერში ორი ქვითარი გადაიგზავნა, მეორე ქვითრის გადახდის ვადა მოსახლეობას იანვრის ბოლომდე მიეცა. ვინც ეს 28 იანვრამდე არ გააკეთა, მისი გადასახადი ახალ ქვითარშიც აისახა“, -გვითხრეს „თელმიკოში“.
ის მოქალაქეები ვინც გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადს არ ეთანხმებიან, შეუძლიათ განცხადებით სემეკს მიმართონ. როგორც უწყებაში for.ge-ს განუცხადეს, მათ სოციალურ ქსელში „თელმიკოზე“ გამწარებული არაერთი მოქალაქე წერს.
„ბევრი უკმაყოფილო მომხმარებელი სოციალურ ქსელში მოგვმართავს და პრეტენზიას აფიქსირებს. თუმცა, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადებით არავის მოუმართავს. ყველა მომხმარებელს მოვუწოდებთ, ვისაც აქვს პრეტენზია, არ ეთანხმება „თელმიკოს“ მხირდან დარიცხულ გადასახადს, აუცილებლად განცხადებით უნდა მოგვმართოს. განცხადება მნიშვნელოვანია, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვართ, შესაბამისად, აუცილებეია კონკრეტული მოქალაქის საკითხი შევისწავლოთ, რათა საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დავიწყოთ. თუ დადგინდა, რომ ადგილი აქვს ზედმეტობით დარიცხვას, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ეს თანხა ჩამოეჭრებათ“, - გვითხრეს სემეკში.