სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესში ვითარება ვერაფრით გაჯანსაღდა. თითქოს ქვეყანაში ყველა შეზღუდვა მოხსნილია, მაგრამ უამრავი ირიბი ხელისშემშლელი ფაქტორი ვითარებას უმართავს ხდის. შესაბამისად, რესტორნებიც და სასტუროებიც მუდმივი წნეხის ქვეშ ფუნქციობენ და მათი საკმაო ნაწილი დღესაც დახურულია მომხმარებლის დაბალი აქტიურობის გამო.
ფაქტია, რომ სარესტორნო ბიზნესს ვერც „მწვანე პასპორტის“ შემოღებამ უშველა. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, კლიენტების დიდი ნაწილი დაიკარგა და ბევრმა ვერც თანამშრომლები შეინარჩუნა.
როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, პანდემიისა და ჩაკეტილობის პერიოდში რესტორნებსა და სასტუმროებში დასაქმებულთა ნაწილმა პროფილის შეცვლა და სხვა სფეროში დასაქმება შეძლო, რის გამოც ახლა კადრების დეფიციტია. პანდემიის გამო სექტორში დასაქმების დონე 50%-ით შემცირდა, რაც დიდი დანაკარგია და სიტუაციის გაუმჯობესება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება.
„სარესტორნო ბიზნესი პანდემიის გამო დიდ დანაკარგს განიცდის. კოვიდის გამო ძალიან გართულებულია სიტუაცია და ეს აისახება როგორც თანამშრომლებზე, ისე სტუმრებზე. შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობაც და მომხმარებელთა კონტინგენტიც.
ხშირად მითქვამს სხვადასხვა პერიოდში, რომ „მწვანე პასპორტი“ იმას, რასაც უნდა ემსახურებოდეს და რა მისიაც უნდა გააჩნდეს, ვერ ასრულებს. ის ვერ გახდა საზოგადოებისთვის ბიძგის მიმცემი, რომ იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებისთვის შეეწყო ხელი. სამწუხაროდ, სარგებლის ნაცვლად, დამატებითი წნეხი აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესისთვის.
მთლიანად სფერომ დაკარგა თანამშრომელთა დიდი ნაწილი, განახევრდა მათი რაოდენობა. პარადოქსულია, როცა ამხელა უმუშევრობაა ქვეყანაში და ჩვენ თანამშრომლებს ვეძებთ. კოვიდ 19-ის გამო ბევრი მოუგვარებელი პრობლემაა და ამას ბუნებრივია, „მწვანე პასპორტი“ ვერ უშველის“, - განახცხადა ბურჯანაძემ.
მისი შეფასებით, პრობლემაა იმის გამოც, რომ მთავრობამ „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით არასწორი მექანიზმი შეიმუშავა და ბიზნესის მხოლოდ მცირე სეგმენტისთვის გახდა სავალდებულო, როცა კომპანიების უმეტესობა საქმიანობას ამ შეზღუდვის გარეშეც აგრძელებს.
გაცილებით ნაკლები ხელისშემშლელი პირობებია სასტუმროების ბიზნესში, მაგრამ ვერც ამ სექტორის ფეხზე დაყენება მოხერხდა. აქ უმთავრესი პრობლემა ისევ და ისევ შეზღუდული ტურიზმია, რომელიც პანდემიური ვითარების გართულების გამო კვლავ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ რეალურად სასტუმროებში ფუჭი ჯავშნები კეთდება.
„დამსვენებლები თანხების პირველადი გადარიცხვისგან თავს იკავებენ. ამდენად, სასტუმროების ჯავშნების ბადეს თუ გადავხედავთ, მაისი ძირითადად შევსებულია, მაგრამ თუ ადრე დამსვენებლები ჯავშნების გაკეთებისას სასტუმროს ღირებულების, დაახლოებით, 30%-ს რიცხავდნენ, რაც გულისხმობდა იმას, რომ ეს დაკვეთა იყო გარანტირებული, სამწუხაროდ, დღეს წინასწარი გადახდისგან თავს იკავებენ, ანუ არსებული ჯავშნები ნებისმიერ წუთს შეიძლება გაუქმდეს. ეს კი ბიზნესისთვის რისკია.
ივლისიდან, როცა კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყება დაანონსდა, მაგალითად, ისრაელიდან ჯავშნები მთლიანად გაგვიუქმდა. რაც შეეხება შემოდგომის სეზონს, სექტემბერში 50%-იანი დატვირთულობა გვქონდა, თუმცა ნოემბერი და დეკემბერი 30%-35%-ზე ჩამოვიდა“, - დასძინა ალავერდაშვილმა.
ზოგადად კი სასტუმრო ინდუსტრიისთვის აღდგენის პროცესი 2021 წლის მაისიდან დაიწყო და პიკური პერიოდი ივლისი იყო, თუმცა წლის ბოლოს ისევ მკვეთრი ვარდნა შეინიშნებოდა.