„კრემლმა დასავლეთი დააშინა და გამოიწვია სერიოზული აურზაური, ეს არის გამოცდა, რამდენად მყარია ევროატლანტიკური სოლიდარობა“

„კრემლმა დასავლეთი დააშინა და გამოიწვია სერიოზული აურზაური, ეს არის გამოცდა, რამდენად მყარია ევროატლანტიკური სოლიდარობა“

კრემლი რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით „ნატო“-სა და „ეუთო“-ში ოფიციალურ მოთხოვნებს გზავნის და განმარტებას ითხოვს, თუ როგორ შეესაბამება ალიანსის ქმედებები უსაფრთხოების განმტკიცების საკითხში სხვა სახელმწიფოების უფლებებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციების პასუხზე იქნება დამოკიდებული, რას შესთავაზებს პრეზიდენტ პუტინს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ფაქტია, კრემლი ყველა რესურსის გამოყენებას ცდილობს, რაც სამომავლოდ, მისი სავარაუდო ქმედებების გამართლების საფუძველი უნდა გახდეს. სრულიად ცივილიზებული სამყარო, გასულ კვირას მოუთმენლად ელოდა ამერიკის პასუხს რუსეთის ულტიმატუმზე.

ექსპერტ-ანალიტიკოსების მხრიდან განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა. პესიმისტები გარდაუვალ ომზე საუბრობდნენ, ნაწილი კი, ამ ყველაფერს კრემლის მორიგ ავანტურად რაცხავდა. ეჭვგარეშეა, რომ პუტინის რუსეთმა საუკუნის ვაჭრობა წამოიწყო. თუ გასულ უახლოეს წლებს გადავხედავთ, რუსეთმა სტრატეგია შეცვალა, ევროპის დამორჩილება უკვე ენერგოდამოკიდებულებით გადაწყვიტა, რაც ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც. 12 ათას კილომეტრიანი გაზსადენი, რომელიც ევროპას გაზით მოამარაგებს, მალე საბოლოოდ შევა ექსპლუატაციაში, რომლითაც, ბალტიის ზღვის გავლით გერმანია, წელიწადში ას მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. ამერიკა თავიდანვე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აღნიშნული გაზსადენის მშენებლობას, სამაგიეროდ, კრემლი, საუკუნის პროექტში, უპირობო მხარდაჭერას იღებდა გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელისგან, თუმცა გერმანია არც ამჯერად გამოირჩევა ხისტი პოზიციებით. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რუსეთის მიერ ბოლო პერიოდის პოლიტიკა კავკასიის რეგიონში, „3+3“ ფორმატი - რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც კრემლის თქმით, სამხრეთ კავკასიის მშვიდობასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს რუსეთ-უკრაინის ჭიდილი, ჩვენ ამ პროცესების გავლენას ვერ გავექცევით, ამ ორომტრიალში საქართველოს როლი ფაქტობრივად, ნულია, მეტიც სამხრეთ კავკასიაც და ნახევარი მსოფლიო, პოლიტიკური ბატალიების ცეცხლში უჩვენოდ იწვის.

რუსეთი ასევე ცდილობს, დაწყებული ვაჭრობით მაქსიმალური შედეგი მიიღოს. რა თქმა უნდა, რუსეთს ყოველთვის აშფოთებდა „ნატო“-ს გაფართოების პოლიტიკა, მაგრამ ასე მწვავედ ეს საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა. რატომ დაიწყო რუსეთმა დღეს ამ ყველაფერზე ლაპარაკი და არა მაგალითად, ხუთი წლის წინ, რა იყო ამ პროცესების ინდიკატორი?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია for.ge- სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პროცესების დაწყება რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია.

ვახტანგ მაისაია: ამის ინდიკატორი იყო ის, რომ დაიწყო ნატოს ინტენსიური სწავლებები უკრაინის და საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, აქტიურად დაიწყო უკრაინაზე თავდაცვითი იარაღის გადაცემა, რაც რუსეთისთვის რეალური საფრთხის შემცველი გარემოებაა და ასევე, პოლონეთსა და რუმინეთში განთავსდა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ელემენტები. რუსეთი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგაა მიმართული. იგივე, უკრაინის ნატოში შესვლის ალბათობა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ რუსეთმა, ამერიკამ და „ნატო“-მ აღიარეს, რომ ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილნი. „ნატო“ უფრო შორსაც წავიდა და მტრად ჩინეთიც აღიარა, ეს ცოტა გაურკვეველი მომენტია, სად ჩინეთი და სად ევროატლანტიკური უსაფრთხოება, ეს ცოტა სასაცილოცაა. ამ ყველაფერმა ერთად გამოიწვია ეს მაღალი დონის ესკალაცია.

ჩვენ ვხედავთ, რომ საზღვრებთან ხდება რუსული ძალების მობილიზება და მეორე მხრივ, უკრაინის შეიარაღებანატო“- წევრი ქვეყნების მხრიდან, სამხედრო კონტიგენტის გადასროლა უკრაინაში. ყველასთვის ნათელია, რომ თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები, არ არის გამორიცხული, რომ ამ ყველაფერმა გაცილებით ფართო მასშტაბები მიიღოს. არის სხვადასხვა მოსაზრებები ექსპერტების მხრიდან, რომ შესაძლოა, სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ ამ დაპირისპირებაში. არ შეიძლება ამ ვერსიას არ განიხილავდნენ და არ აცნობიერებდნენ ამ საფრთხეებს ის ქვეყნები, ვინც დღეს უკრაინას მხარს უჭერს და იარაღით ამარაგებენ, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის შესაკავებლად რეალური - ეკონომიკური სანქციები აამოქმედონ. გამოდის, რომ უკრაინა დიდი ქვეყნებისთვის პლაცდარმად მზადდება? სხვა რა ახსნა აქვს ამერიკის უმოქმედობას?

- შეიძლება ფართო მასშტაბები ამ დაპირისპირებამ მიიღოს, მაგრამ ეს მაინც იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. ამერიკა და „ნატო“ ნამდვილად არ გამოუცხადებს რუსეთს ომს და არც მათი სამხედრო კონტიგენტი არ ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. ამერიკის ხუთასკაციანი კონტიგენტი არის უკრაინაში, მაგრამ მათი დანიშნულებაა მოახდინონ ამერიკის მოქალაქეების ევაკუაცია, მაგრამ, როდესაც დაქირავებულ მებრძოლებზეა ლაპარაკი, ეს უკვე სხვა მომენტია. თუ იქ კერძო კომპანიების წარმომადგენლები იქნებიან, ეს არაფერს შეცვლის - უკრაინაში, ნატოსა და ამერიკის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არ იქნებიან. სამხედრო დახმარებას უკრაინას ამერიკა მიაწვდის თუ სხვა ვინმე, ეს არავის საქმე არ არის, ეს არის სუვერენული სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა.

სამხედრო მომზადების თვალსაზრისით, როგორია უკრაინის შეიარაღებული ძალები?

- უკრაინის შეიარაღებული ძალები 2014 წლამდე იყო აბსოლუტურად ბრძოლისუუნარო, გამოუცდელი. რაც შეეხება დღევანდელ უკრაინის არმიას, მას უკვე აქვს საბრძოლო მოქმედებებში გამოცდილება, გარკვეულწილად, დასავლეთის სახელმწიფოების მხრიდან იყო წვრთნები, რამაც უკვალოდ არ ჩაიარა, მაგრამ თუ შევადარებთ უკრაინის და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთის ძალებს გაცილებით დიდი გამოცდილება და შესაძლებლობები აქვს. რუსეთს გამოცდილების მხრივ გააჩნია ორი ჩეჩნური კამპანია, საქართველოსთან ომის გამოცდილება, სირიის გამოცდილება, მთიან ყარაბაღში არსებული სამხედრო გამოცდილება, სამშვიდობო მისიები და სხვა. ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტიგენტი ავიაციაში, სატანკო და საარტილერიო სისტემაში, ბევრად აღემატება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. მეორე მომენტია ის, რომ შეიძლება რუსეთმა დაამარცხოს უკრაინის შეიარაღებული ძალები, ისიც გააჩნია, რა მიზნები ექნება რუსეთის არმიას. აქ არის საუბარი როგორი ტიპის პოლიტიკური მიზნები აქვს რუსეთს, მეორეა ოპერატიული მიზნები რა გააჩნია, ესეც გაურკვეველია. რუსეთის მთავარი იდეა არის უკრაინაში ხელისუფლების შეცვლა. რუსეთმა ბოლომდე არ მოიხურა კარი, როგორც ეს ჩვენთან მიმართებაში გააკეთა, იმიტომ რომ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეჟიმები არ არის აღიარებული. ამიტომ, მინსკის ხელშეკრულებებიც, გარკვეულწილად, მოქმედებს. მინსკის ხელშეკრულებების ამოქმედება აძლევს საშუალებას რუსეთს, უკრაინაზე ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური მანიპულირების საშუალება.

ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადებები არის მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიური ავანტურა, რას მიიღებს ამ შემთხვევაში კრემლი ამ პროცესებიდან?

- კრემლი მიიღებს იმას, რომ ფაქტობრივად, მან დასავლეთი დააშინა და გამოიწვია სერიოზული აურზაური. ეს უკვე პუტინისთვის სავსებით საკმარისი იქნება. ეს არის გამოცდა, რამდენად მყარია ევროატლანტიკური სოლიდარობა. ავიღოთ, იგივე გერმანიის გადაწყვეტილება, რომ უკრაინას არ მისცემს ლეტალურ იარაღს, ასევე ხორვატიის პრეზიდენტის პირდაპირი და აგრესიული განცხადება, იგივე, „ნატო“-ს წევრ სახელმწიფოებში უნგრეთის და რუმინეთის პოზიცია როგორი იქნება არავინ იცის. პირველ თებერვალს უნგრეთის პრეზიდენტი ჩადის მოსკოვში, ესეც საინტერესოა. ასევე, რუსეთმა ფაქტობრივად, თურქეთი გამოიყვანა ტრანსატლანტიკური სოლიდარობის ზონიდან. ამერიკის სანქციები უკვე არა მარტო რუსეთზე, თურქეთზეც მოქმედებს. ასეთი სოლიდარული ღრმულის შექმნა, პუტინისათვის სავსებით საკმარისი იქნება.

ვამბობთ, რომ საქართველო არის უკრაინაზე მიბმული, იქ განვითარებული მოვლენები სარკისებურად აისახება ჩვენზეც, და მაინც, რა ფორმით მოხდება ბმა? უნდა ველოდოთ ანალოგიურ აგრესიას რუსეთის მხრიდან?

- თუ უკრაინაში შეიჭრნენ რუსები, ავტომატურად საქართველოშიც შემოიჭრებიან - ეს გარდაუვალია. შეიძლება ისეთი ფორმით და მასშტაბებით არ შემოიჭრან, საქართველოში უფრო მცირე მასშტაბები იქნება. თუ უკრაინაში შექმნილია 30-მდე ტაქტიკური საბატალიონო ტიპის შენაერთები, აქ ხუთი ჯგუფი რომ შემოვიდეს, ეგეც საკმარისი იქნება. საქართველო უკრაინა არ არის. 2008 წლის ომმა თავისი სამწუხარო როლი მაინც შეასრულა. დღეს, საქართველოში საკმაოდ გაზრდილია პრორუსული სენტიმენტები. არის ასეთი ტერმინი „ომის სინდრომი“, ეს მარტო ინდივიდუალურ ადამიანებს კი არ ეხება, აქ უკვე ერის დონეზეა. ეს შიშის სინდრომი თანდათანობით იზრდება. ახლა რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, მე არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ საერთოდ არ დაუჭიროს მხარი „ნატო“- ში გაწევრიანებას. ნახეთ, რომ ჩვენ რეზოლუციაში რუსეთი საერთოდ არ არის დაფიქსირებული, ასეთი რეზოლუცია ჯობია, საერთოდ არ მიიღო. ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რეზოლუცია.

იქნებ ეს სიფრთხილიდან არის გამომდინარე, გაღიზიანების პოლიტიკას ერიდება ხელისუფლება?

- თვალებში ნაცრის შეყრა არ არის საჭირო. ამას ჯობია გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეცვალათ პრიორიტეტები და რუსეთთან კონფრონტაციას ერიდებიან, ასეთი ორმაგი თამაშები არ გამოვა. ახლა დგას პრინციპულად საკითხი - სად ხარ შენ. მაგალითად, მოლდოვის პრეზიდენტმა თქვა, რომ მოლდოვა შეინარჩუნებს თავის საგარეო მიმართულებას და გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, რომ „ნატო“- ში არ შევა.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ კატეგორიულად მოსთხოვა ამერიკას, რუსეთს უკვე დაუწესოს ეკონომიკური სანქციები, შეერთებული შტატები თავს არიდებს ამ რადიკალური ნაბიჯის გადადგმას, რატომ?

- სანქციები რაც ყველაზე მტკივნეული იყო, რუსებმა უკვე მიიღეს. ფინანსური სანქციები დაარტყამს თვითონ ამერიკას და ევროპას, ეს საკმაოდ გლობალურ-ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. რუსეთ-ამერიკას შორის არის ასევე სავაჭრო ურთიერთობები, ბოლოს და ბოლოს, რუსეთი გლობალური ეკონომიკური სისტემის ინტეგრირებული ნაწილია. საბჭოთა კავშირს ამ კუთხით თავისი სისტემა ჰქონდა, მაგრამ ახლა რუსეთი ამ პროცესების ნაწილია. საქართველო-რუსეთს შორის ომი მიმდინარეობდა და ამ დროს რუსეთი ჩვენ გვაწვდიდა ელექტროენერგიას, ხომ პარადოქსია? ამიტომ, ეკონომიკურ სანქციებს აზრიც არ აქვს.

 

არაგველი641 რუსეთს "დაერხა": ბმული
2 წლის უკან