ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

გერმანულ გაზეთ Bild-თან ინტერვიუში ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი გერმანიის მთავრობას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ჩვენს გერმანელ პარტნიორებს მოვუწოდებთ, ყური უგდონ უკრაინელებს. უკრაინამ დახმარება მოითხოვა. უკრაინას აგრესორისგან თავის დასაცავად მხარდაჭერა სჭირდება“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

22 იანვარს, გაზეთ The Wall Street Journal-მა გერმანელ და ესტონელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გერმანია ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გერმანული წარმოების არტილერიული შეიარაღების გადაცემას ბლოკავს.

2014 წლიდან გერმანიამ უკრაინას დახმარების სახით 1.4 მილიარდი ევრო გამოუყო, თუმცა გერმანიის მთავრობა უკრაინას ლეტალურ იარაღს არ აწვდის. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ის, რომ გერმანიას უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ სურს, რუსეთის აგრესიას ახალისებს.

„რუსეთს თავის მეზობლებზე პოლიტიკური და სამხედრო გავლენის აღდგენის საშუალებას ვერ მივცემთ. კრემლს ნატოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ხმის უფლება არ აქვს. რუსეთის ულტიმატუმები მიუღებელია“, - განაცხადა კაია კალასმა.