ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ თურქული შეკრების მეორე ნაწილში ის გუნდთან ერთად მოემზადება.
ხვიჩა პირველ შეკრებაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, თუმცა, როგორც ჩანს ენერგია აღიდგინა და ახლა უფრო მეტად დატვირთავენ.
"ფეხბურთელები, რომლებმაც პირველი საწვრთნელი შეკრება გამოტოვეს, ნელ-ნელა გვიბრუნდებიან. სამოშნიკოვი, კვარაცხელია და აბილდგორი მთავარ გუნდში მეორე საწვრთნელ შეკრებაზე იქნებიან. კვარაცხელია და სამიშნიკოვი ფიზიოთერაპევტთან და ფიტნეს მწვრთნელთან ერთად უკვე მუშაობენ. უბრალოდ, ამჯერად გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ“, - თქვა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ „რუბინი“ რუსეთის პრემიერლიგაში 18 ტურის შემდეგ 22 ქულით მეათე ადგილზეა და სეზონს 28 თებერვალს, „ზენიტთან“ საგარეო მატჩით განაახლებს. თუმცა, მანამდე შეკრებაზე ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი, მათ შორის „დინამო ბათუმთან“.