თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ნიკა მელია - შევა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“

თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ნიკა მელია - შევა თუ არა პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“

ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო მეტად გააქტიურდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლმენტში შესვლა-არშესვლის საკითხი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს და 27 იანვარს შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდება, ვიხილავთ თუ არა ბოიკოტში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკანონმდებლო ორგანოში. შესაძლოა, რომ დახული კარს მიღმა, ამ საკითხზე სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდეს, თუმცა, ფაქტია, პარლამენტში შესვლის მომხრეებს ჰყავთ კატეგორიული მოწინააღმდეგეებიც. რით დასრულდება პარტიაში ერთგვარი დაპირისპირება, ძალიან მალე გახდება ცნობილი.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შეხვედრებს, სავარუდოდ, არ ესწრება პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია. აღნიშნულს ანალიტიკურ წრეებში იმით ხსნიან, რომ შესაძლოა, ნიკა მელია მათ რიგებში იყოს, ვინც პარლმენტში შესვლის მომხრეა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი ის ნაწილი „გაიმარჯვებს,“ ვინც საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელების წინააღმდეგია, არც ის არის გამორიცხული, რომ ნიკა მელია თამაშგარე მდგომარებაში ვიხილოთ და პარტიის თავმჯდომარე შეიცვალოს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა გასაკვირი არ არის. მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიას გავლენები შესუსტდა. შესაბამისად, იმ შესაძლო ვარიანტსაც განიხილავს, რომ ნიკა მელია შესაძლოა, მალე პარტიის თავმჯდომარე აღარ იყოს, რადგან, სავარაუდოდ, იმ კატეგორიას განეკუთვნება, ვინც პარლემენტში შესვლის მომხრეა.

„ცხადია, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არის და ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ, რა არგუმენტი აქვს იმ ნაწილს, ვინც ამბობს, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდნენ და ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ არჩევნებს, არ ვიცი. ნიკა მელის პოზიციები პარტიაში, ბოლო პერიოდში, შესუსტდა და, როგორც ჩანს, არც სააკაშვილია მისი თავმჯდომარეობით მთლად კმაყოფილი.

ვფიქრობ, რომ მელია ის ადამიანია, ვინც თვლის, რომ პარლამენტში შესვლა აუცილებელია. ალბათ, პარტიაში მიდის გადალაგების პროცესი, თუმცა, მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს და ეს ტრიბუნაც გამოიყენოს მაქსიმალურად.

თუ პარტიაში ის ფრთა გაიმარჯვებს, რომელიც მელიას საპირისპირო მოსაზრებებს იზიარებს, ეს იქნება სრულიად ბუნებრივი. როდესაც ასეთი განხეთქილებაა პარტიაში, თუ ნიკა მელიას პოზიცია პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით უმცირესობაში აღმოჩნდება, მაშინ უნდა შეიცვალოს თავმჯდომარე. არ შეიძლება, როდესაც ადამინი სხვა პოზიციაზე დგას, ის აკეთებდეს და ხელმძღვნელობდეს მისთვის მიუღებელ პოზიციას“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ფრთა ნიკა მელიას პარტიულ საქმიანობას უწუნებს. მისი თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პარტიის თავმჯდომარე შესაძლოა ბურთის გარეშე დატოვოს.

„დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში შესვლის საკითხი დადებითად გადაწყვიტა ოპოზიციამ. მეორე წელია, რაც ოპოზიციის პოლიტიკაში ბოიკოტია წამყვანი, რაც არც მოსახლეობისთვის არის მისაღები და არც დასავლეთისთვის გასაგები. ნიკა მელიას როლი იმდენად ბუნდოვანი გახდა ბოლო პერიოდში, რომ შეფასება მიჭირს. არ არის გამორიცხული, ნიკა მელია იყოს პარლამენტში მშვიდობიანი მუშაობის მომხრე. „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალური ნაწილი ნიკა მელიას სწორედ ამას უწუნებდა, რომ არ არის საკმარისად რადიკალური.

გარდა იმისა, შედეგიანია თუ არა პარტიის მუშაობა და დიდი ხანია შედეგიანი არაა, ამ პარტიის ძლიერი ფაქტორი არის მიხეილ სააკაშვილი და ის არის ბევრი საკითხის გადამწყვეტი. მათი ამომრჩევლის დიდი ნაწილიც სააკაშვილის მომხრეა. ამიტომ, თუკი სააკაშვილმა დაიკავა პოზიცია, რომ მელია მისი პარტიის თავმჯდომარედ ზედმეტია, სრულიად მოსალოდნელია, რომ პარტიამ მელია დატოვოს ბურთის გარეშე“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ფრაქციის დიდი ნაწილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა იმ სხდომას, რომელიც ორი დღის წინ პარტიის ოფისში გაიმართა.

„განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული გადაწყვეტილებები, თუ როგორ გაგრძელდება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ საქმიანობა საგაზაფხულო სესიაზე. პირველ რიგში, გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს პერიოდში. პირველი საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ამ საკითხს ცენტრალური ადგილი ჰქონდა ფრაქციის დღევანდელ სხდომაზე.

ფრაქციის წევრებს გავაცანი რა მდგომარეობაა ამ საგამოძიებო კომისიაზე დღესდღეობით. წინა კონსულტაციები ოპოზიციასთანაც იყო და არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებებიც, მაგრამ ერთიანი შეკრული მოსაზრებაა, რომ პარლამენტში ოპოზიციის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“, - განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციას აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის პარლამენტში 50 ხმა სჭირდება.