საქართველოში ცხოვრება წლიდან წლამდე ძვირდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2010 წელი, როდესაც არა მარტო პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტები გაძვირდა, არამედ კომუნალური გადასახადების ტარიფებმაც მოიმატა. დღეს ხუთსულიან ოჯახს კომუნალური გადასახადებისთვის (გაზი, შუქი, წყალი, დასუფთავება, ტელეფონი) თვეში, საშუალოდ, 160-170 ლარის გადახდა უწევს, არადა, ერთი წლის წინ ეს თანხა 140 ლარის ფარგლებში მერყეობდა. გამოდის, რომ მარტო კომუნალური გადასახადების მხრივ თბილისელებს წლის განმავლობაში ხარჯი მინიმუმ 200 ლარით გაეზარდათ.
მოკლედ, დავიწყოთ ხელისუფლების მიერ საკუთარი მოსახლეობისადმი გაკეთებული წლის ბოლო „სიურპრიზით“, რის შედეგადაც დასუფთავების მოსაკრებელი თითქმის 110%-ით გაძვირდა და ნაცვლად 1,20 ლარისა, 2,50 ლარი გახდა. თუ აქამდე ხუთსულიანიოჯახი თვეში ნაგვის გატანაზე 6 ლარს იხდიდა, ამერიდან 12,50 ლარი უნდა გადაიხადოს. თუ ამ გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ ასევე ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიას გაუთიშავენ.
ელექტროენერგიას გაგითიშავენ მაშინაც, თუ წყლის გადასახადი არ გადაიხადე, რომელიც ასევე მიმდინარე წლის ბოლოს გაიზარდა. დღეს ხუთსულიან ოჯახს თვეში სასმელი წყლის მოხმარებისთვის 15,75 ლარის გადახდა უწევს. ოჯახი ამ თანხას იმ შემთხვევაში იხდის, თუ წლების წინ დაგროვილი დავალიანება არ აქვს და მხოლოდ მიმდინარე დავალიანებას ისტუმრებს.
თუ ოჯახს წყლის დავალიანება აქვს, მისი რესტრუქტურიზაცია უნდა მოახდინოს, რის შედეგადაც ეს 15,75 ლარი, შესაძლოა, 30 ლარამდეც კი გაიზარდოს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს რამდენი აქვს დავალიანება და რამდენ თვეზე ახდენს ამ ვალის რესტრუქტურიზაციას.
ასე რომ, წყლისა და ნაგვის დავალიანებისთვის ხუთსულიან ოჯახს, ნაცვლად 18 ლარისა, უკვე 28,25 ლარი სჭირდება (თუ რა თქმა უნდა, თუ წყლის დავალიანება არ აქვს)
ზამთრის სეზონზე ოჯახი ერთ თვეში, დაახლოებით, 70-90 ლარის ბუნებრივ აირს მოიხმარს, ამ შემთხვევაშიც მნიშვნელობა აქვს, გამათბობელი მთელი დღის განმავლობაში აქვს ჩართული, თუ პერმანენტულად თიშავს. თუ მთელი დღის განმავლობაშია გამათბობელი ჩართული, შესაძლოა, გაზის გადასახადმა 100 ლარსაც კი გადააჭარბოს.
ხუთსულიან ოჯახს 30-35 ლარის გადახდა უწევს ელექტროენერგიაზე. ფიქსირებულ ტელეფონზე გადასახადი, საშუალოდ,10 ლარით შემოიფარგლება. ამ შემთხვევაში საუბარი არაა აქვს თუ არა ოჯახს ინტერნეტი და ასევე ინტერაქტიული ტელევიზია, რაშიც დამატებითი თანხების გადახდა უწევს.
აქედან გამომდინარე, ხუთსულიანმა ოჯახმა, ერთ თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადების სახით მინიმუმ 160 ლარი უნდა გაიღოს, ხოლო მაქსიმალური ზღვარი შეუზღუდავია. მაშინ,როდესაც საქართველოში საშუალო ხელფასი დაახლოებით 600 ლარია, გამოდის, რომ შემოსავლის მქონე ადამიანმა კომუნალურ ხარჯისთვის 25%-ზე მეტი უნდა გაიღოს.
წყლის ტარიფისა და დასუფთავების მოსაკრებლის მომატებას რომ სამომხმარებლო კალათის ფასის გაზრდაც მოჰყვება, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. ამასვე აღიარებს თავად ხელისუფლება, რომლის მტკიცებით ინფლაციის მაჩვენებელი დაგეგმილ ფარგლებში არ ჩაეტია და წლის ბოლოსთვის ნაცვლად 6%-ისა, 10,5% შეადგინა.
საერთო ჯამში საქართველოში ცხოვრება საკმაოდ გაძვირდა. პროდუქტები, პირველადი მოხმარების საგნები და კომუნალური ხარჯები, საერთო ჯამში ისე გაიზარდა, რომ ეს რიგით ქართველ ოჯახს საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვა. ხარჯების მატებას კი არ მოჰყოლია შემოსავლების მატება, რაც სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.