„არავითარი სამიტები რუსებს არ აინტერესებს, აინტერესებთ ამერიკელების პასუხი და ელოდებიან ამ პასუხს“

„არავითარი სამიტები რუსებს არ აინტერესებს, აინტერესებთ ამერიკელების პასუხი და ელოდებიან ამ პასუხს“

რუსეთის გაზრდილი აგრესიულობის ფონზე, საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი საქართველოს გარშემო, რაც თავისთავად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დინამიკაზე. შექმნილი ვითარების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი მადრიდის სამიტის მოლოდინშია და იმედს იტოვებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უცვლელი დარჩება.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ ცვლის კრემლი. რუსეთის ხელისუფლება ითხოვს გარანტიებს, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ში არ გაწევრიანდებიან და ალიანსი 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებას შეცვლის. ბრიუსელში ამბობენ, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკაზე ვეტოს უფლება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ნატო-ს გაფართოება მხოლოდ სუვერენული ქვეყნების და ალიანსის წევრების გადასაწყვეტია.

მადრიდის სამიტამდე ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში შეხვედრებს მართავს ქართული დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა ალიანსის მტკიცე მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ქართულმა მხარემ ნატოს მოკავაშირეებთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა 2022 წლის სამიტის მოლოდინებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს ალიანსის ღია კარის პოლიტიკა და ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მიმართ ერთგულება, აისახოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ინტეგრაციის პროცესში. გარდა ამისა, ქართულმა მხარემ მოითხოვა, გაწევრიანების გზაზე გაკეთდეს მკაფიო ჩანაწერები საქართველოს დაწინაურებასთან დაკავშირებით.

მადრიდის სამიტზე, სადაც განიხილება ნატოს სტრატეგია მომავალი წლებისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა მხარემ მიიღოს შემოთავაზება.

„აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სტრატეგიაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ღია კარის პოლიტიკა აისახოს, რომელსაც მადრიდის ნატოს სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს. დარწმუნებული ვარ, მადრიდში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი. კონსტიტუციით არის გათვალისწინებული ქართველი ხალხის ნება, რომელიც გარდაისახება ვალდებულებად ნებისმიერი ხელისუფლებისთვის და აქედან გამომდინარე „ქართული ოცნების“ პირობებში ეს კონსტიტუციური დავალება ჩაიწერა. ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი და მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველომ თავისი წილი საქმე შეასრულოს ნატოში გასაწევრიანებლად და როდესაც იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად გავწევრიანდეთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრაზე გაკეთდა მკაფიო გზავნილები საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის მიმართ და აღინიშნა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა რჩება უცვლელი. სამხარაძის თქმით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მუშავდება ნატო-ს სტრატეგიული კონცეფცია და საქართველოს ეთხოვა მიიღოს მონაწილეობა ახალი დოკუმენტის შექმნაში და საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წარადგინოს, რომელიც შემდეგ მოკავშირეების მხრიდან იქნება გაზიარებული.

„უახლოეს მომავალში ასევე იგეგმება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები და სავარაუდოდ, მადრიდის სამიტამდე ასევე გაიმართება მაღალი დონის ვიზიტიც საქართველოში.

ჩვენ მივიღეთ სამი ძირითადი გზავნილი, რომელიც საკმაოდ მკაფიო იყო. პირველი, რომ საქართველოს გარეშე, საქართველოს შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ გაიმართება და ყველა იმ საკითხზე, რომელიც საქართველოს შეეხება, საქართველო მუდმივად იქნება ჩართული პროცესში. მეორე იყო ის, რომ ნატო არ შეეგუება მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფის მცდელობას და ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა ერთიანია ამ სულისკვეთების მიმართ და შესაბამისად, არანაირი დათმობა ამ მხრივ ნატო-ს მხრიდან არ იქნება და მესამე, მკაფიო გზავნილი იყო ის, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დარჩება უცვლელი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნატო-ში საქართველოს ელჩი, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს და როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით პარტნიორებთან აქტიურ კონსულტაციებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, სავარაუდოდ, აპრილში იქნება ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა და შემდეგ არაფორმალური შეხვედრა. გარდა ამისა, დოლიძე ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა წარმოდგენილი იქნებიან მადრიდის სამიტზე, მაგრამ რა ფორმატში, ამ ეტაპზე უცნობია.

„ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაზე ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის რეგიონული უსაფრთხოება, ოკუპირებული ტერიტორიები და დეოკუპაციის მნიშვნელობა. ჩვენთვის ახლა, ალბათ, ყველაზე მთავარია, რომ ალიანსი არის ერთიანი ისე, როგორც არასდროს. ამას ყველა ერთხმად აღნიშნავს. ცალკეული დელეგაციების განცხადებების სიმძაფრე შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ის, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებზე არავინ თანხმდება და არც კი განიხილავს ამ საკითხს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შეუქცევადობა. სწორედ ამ პაკეტით უნდა მივიდეთ მადრიდის სამიტამდე. საქართველო მზად არის გაწევრიანებისთვის, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი მამუკა ნებიერიძე თვლის, რომ მადრიდის სამიტზე აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება, მათ შორის ნატო-ს გაფართოების კუთხით და ამ შემთხევებაში, მადრიტის სამიტს შეუძლია ერთი რამ თქვას - ნატო ერთგულია მიღებული გადაწყვეტილებების, რომ ნატოს გაფართოება გაგრძელდება, მაგრამ ხაზი არ გაესმევა იმას, რომ გაფართოება დაჩქარდება.

„ამის მიუხედავად, დასავლეთი არ აპირებს რამე დაუთმოს რუსეთს, იმიტომ რომ რუსების შეთავაზება არის ულტიმატუმი და ულტიმატუმზე დასავლეთი, კონკრეტულად აშშ ხელს არ მოაწერს. აქედან გამომდინარე, მადრიდის სამიტი იქნება ზუსტად იგივე, რაც იყო მანამდე, რომ ყველას აქვს უფლება გადაწყვიტოს საკუთარი ბედი, მათ შორის - საქართველოს და უკრაინას. მადრიდის სამიტს რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც რუსები ამერიკელებისგან მოითხოვენ პასუხებს. რუსებს სამიტი არ სჭირდებათ, მათ სჭირდებათ პასუხი ამერიკელებისგან. გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ბრძანა, რომ ჩვენ ამერიკელებისგან გვაინტერესებს პასუხიო.

რუსებისთვის ნებისმიერ სამიტს აქვს შუალედური მნიშვნელობა, მთავარია რას იტყვიან ამერიკელები. ამერიკელებმა კი გადაწყვიტეს, რომ უკრაინას ამარაგებენ იარაღით, აპირებენ ევროპაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში და კერძოდ, პოლონეთში, ბალტიის პირეთში და რუმინეთში. ანუ, ამერიკელები ემზადებიან უარესი სცენარისთვის, რასაც ჰქვის რუსეთის შეჭრა უკრაინაში, რაც ამ ეტაპზე გამორიცხულია. კიდევ ერთხელ, არავითარი სამიტები რუსებს არ აინტერესებს, აინტერესებთ ამერიკელების პასუხი და ელოდებიან ამ პასუხს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას მამუკა ნებიერიძე.

ჩატარდება თუ არა მადრიდის სამიტი - ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ დამოკიდებულია იმ პროცესებზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება. მისი თქმით, ერთგვარი სიმტკიცის ტექსტს გადის ევროატლატიკური ალიანსი. აქედან გამომდინარე, როგორ იქნება ვითრება, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული იმ პროცესზე, რაც შეიძლება უკრაინაში განვითარდეს ნებისმიერი ფორმით.

„უკრაინის კრიზისი ნამდვილად განსაზღვრავს ნატოს მომავალს. მადრიდის სამიტზე მიღებული უნდა ყოფილიყო რამდემიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. პირველი - ახალი სტრატეგული კონცეფციის მიღება, რომელიც განსაზღვრავდა ნატოს განვითარებას 2030 წლისათვის, ანუ სტრატეგიული კონცეფცია გამიზნული უნდა ყოფილიყო 7 წელზე; მეორე - განსაზღრული უნდა იქნას რა ახალი გამოწვევები და საფრთხეები არის ნატოს წინაშე და, როგორ აპირებს ნატო გამკლავებას;

მესამე - როგორი უნდა იყოს აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა, კერძოდ, საქართველოსთან, უკრაინასთან და ბოსნია ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს პოლიტიკა და მეოთხე - ის, პრობლემები, რომელიც არსებობს ატლანტიკური სივრცის ფარგელებში, იგივე თავდაცვის ბიუჯეტის მიყვანა 2-დან 3%-მდე, მათ შორის კიბერდანაშაული, ეს საკითხები უნდა განიხილონ მადრიტის სამიტზე. ამიტომ, დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და სწორედ ამაზეა დამოკიდებული, ჩატარდება თუ არა მადრიდის სამიტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაიამ.