მძღოლებს ყოველთვე 50 ლარის გადახდა უფრო უღირთ, ვიდრე მანქანის ტექინსპექტირებაზე მიყვანა

მძღოლებს ყოველთვე 50 ლარის გადახდა უფრო უღირთ, ვიდრე მანქანის ტექინსპექტირებაზე მიყვანა

ბოლო პერიოდში მძღოლები პერიოდულ სავალდებულო ინსპექტირებას თავს პერმანენტულად არიდებენ. ამიტომ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები საქართველოს მთავრობას მიმართავენ. შესაბამისი წერილი როგორც პრემიერს, ისე ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა მინისტრების გადაეგზავნათ, სადაც კომპანიები სავალდებულო ინსპექტირების აღსრულების გააქტიურებას ითხოვენ.

ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ამბობს, რომ რეფორმის აღსრულებისთვის მხოლოდ ჭკვიანი კამერები საკმარისი არ არის. თანაც, ჯარიმის მცირე ოდენობის გამო, მძღოლებს ყოველთვე 50 ლარის გადახდა უღირთ და ამით თავს არიდებენ ტექდათვალიერებას.

„მხოლოდ ჭკვიანი კამერების მეშვეობით ამ რეფორმის შედეგიანად განხორციელება შეუძლებელია. პროცესებში აუცილებელია, ჩაერთოს საპატრულო პოლიცია. დღეს ჯარიმის ოდენობა არის 50 ლარი, რაც ტექინსპექტირების საფასურზე ნაკლებია. შესაბამისად, ავტომობილის მფლობელს შეიძლება უღირდეს, არ აღმოფხვრას რამე ხარვეზი, არ გასწიოს შესაბამისი ხარჯი და ყოველთვიურად იხადოს ჯარიმა. აუცილებელია ჯარიმის ოდენობის გაზრდა. ის უნდა იყოს ტექინსპექტირების საფასურზე მეტი და ავტომობილის მფლობელს არ უნდა უღირდეს ჯარიმის გადახდის მეშვეობით გაუმართავი ავტომობილით გადაადგილება“, - განაცხადა შიოლაშვილმა.

ეს პრობლემა მხოლოდ კერძო ავტომობილებით არ შემოიფარგლება. კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ ტექდათვალიერებას, პრაქტიკულად, არ გადის საზოგადოებრივი ტრასპორტი, ანუ ისინი ვინც საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელის დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ჩატარებული კვლევის თანახმად, 54 000 ერთეული რეგისტრირებული ავტობუსი და მიკროავტობუსიდან ტექინსპექტირება, 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 1602-ს ჰქონდა გავლილი.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობაზე კვლევა ორგანიზაციამ 2021 წელს ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მგზავრთა გადაყვანა რეგიონების მიმართულებით უმეტესად ხდება ამორტიზებული მიკროავტობუსებით, რომელთაგან ზოგი სამგზავროდ გადაკეთებული სატვირთოა. სწორედ ესაა ის კატეგორიაა, რომელიც ტექნიკურ შემოწმებას თავს არიდებს, ვინაიდან სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს.

„მიკროავტობუსების უმეტესობა, რომელსაც მგზავრები გადაჰყავს, არასტანდარტულია, სატვირთო გადაკეთებული. ისინი ნებისმიერ ადამიანს უქმნიან საფრთხეს, ვინც ყოველდღიურად ასეთი ტრანსპორტით გადაადგილდება. ჩვენი კვლევით, რომელიც ეხებოდა საზოგადოებრივ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, 2021 წლის მონაცემით, აქტიური სტატუსით 54 000 ერთეული იყო რეგისტრირებული. 2020 წლის 1-ლი ივლისიდან 2021 წლის 1-ელ ივლისამდე მათგან მხოლოდ 15% გამოცხადდა ტექინსპექტირებაზე, რაოდენობრივად ეს არის 1602 სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც წელიწადში 2-ჯერ ეკუთვნის ტექნიკური შემოწმების გავლა, მაგრამ ინსპექტირების ორგანოში ერთხელაც არ არის მისული.

ჩემი ვარაუდით, ისინი კუსტარულად დამზადებული, გადაკეთებული სატვირთოები ან გაუმართავი მიკროავტობუსებია და შეგნებულად არ გადიან ინსპექტირებას. ჩვენ ახლა ვდგავართ ფაქტის წინაშე, რომ მთლიანად, თუ რამე შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკა იყოს, მგზავრთა გადაყვანის სფეროა“, - განუცხადა „კომერსანტს“ მესხიშვილმა.

ტექნიკურ ინსპექტირებას სულ უფრო მეტი მძღოლი არიდებს თავს. ამაზე სტატისტიკაც მიუთითითებს. ავტომობილებისთვის სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან გახდა. 2019 წელს ინსპექტირება რეგისტრირებული ავტომობილების 57.9%-მა გაიარა, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 36.9% იყო, ხოლო 2021 წელს - 46.22%.