მესამე ძალა, თუ ეროვნული ძალა?!

მესამე ძალა, თუ ეროვნული ძალა?!

ხშირად გაგვიგონია, რომ ქართველებს აღარ გვყავს ჭეშმარიტი ეროვნული ძალა, რომელიც ქვეყნის პრობლემებზე იქნება ორიენტირებული და არა - საკუთარ კეთილდღეობაზე. ამავდროულად, ისიც ფაქტია, რომ ეროვნულ ძალაზე საუბარი დიდი ხიფათის შემცველია, რადგან ხშირად ეროვნულობას, პატრიოტიზმს ცრუ ძალები ამოეფარიან ხოლმე და კარგად მანიპულირებენ ამაღლებული იდეალებით. ამიტომ ეროვნულ ძალაზე საუბარი აბსურდად მიაჩნია ექსპერტთა ნაწილს, ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული ძალა კი არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ - მესამე ძალა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ძალა ძალიან აბსურდული ცნებაა. ამდენად, საინტერესოა, რას ნიშნავს ეროვნული ძალა? ნუთუ უბრალო მოქალაქეები არ ვართ ეროვნული ძალები?

„არის სახელმწიფო და არის სახელმწიფო ინსტიტუტები, სტრუქტურები, ეროვნული ძალა არის ხალხის ნება, ხალხის ენერგია. კონსტიტუცია ეფუძნება ხალხის ნებას. ხალხმა არჩევნებზე ორჯერ ზედიზედ თქვა, მე უღირსი „ქართული ოცნება“ მირჩევნია უღირს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მომწონს „ქართული ოცნება“, მაგრამ „ნაცმოძრაობა“ უფრო მეტად არ მომწონს. სხვა არჩევანს ვერ ვხედავ. ხალხის ნების ერთადერთი გამომხატველი არჩევნებში მონაწილეობაა. იყიდეს, გაყიდეს, მოისყიდეს - მნიშვნელობა არ აქვს. თუ ამომრჩეველთან ღამით მივიდა „ნაცმოძრაობის“ ან „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და 50 ლარი მისცა ხმის საფასურად, ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველი თავის ხმას ყიდის და ხმის გაყიდვა მისი ნებაა. რაც შეეხება მესამე ძალას, ასეთ ძალად ქართულ პოლიტიკაში თავდაპირველად გიორგი გახარია შემოგრიალდა. როგორც კი გამოჩნდა გახარია, პირველ დღესვე ვთქვი, 9%-ს აიღებს-თქო და აიღო კიდეც 9%. ასეთი სიზუსტით არაფერი მითქვამს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ყალიბდება, უნდა ჩამოყალიბდეს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge- სთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, თუკი გიორგი გახარია არ გაითხვრება არც „ქართულ ოცნებასთან“, არც „ნაცმოძრაობასთან“, ცხადია, ორივე დააბრალებს მას რაღაცებს, მაგრამ მთავარი ეს არაა, ვინ რას დააბრალებს, მთავარია, ხალხმა დაინახოს, რომ გახარია არ ჭუჭყიანდება არც „ქართული ოცნებასთან“, არც „ნაცმოძრაობასთან“ კავშირით. თუ სუფთად დარჩენას მოახერხებს, შემდეგი არჩევნებისთვის მეტად წარმატებული იქნება.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ამასობაში შეიძლება კალაძემაც გაარკვიოს ურთიერთობები „ქართული ოცნების“ ბირთვთან. ეს კი იმას მოასწავებს, რომ საქართველოს პოლიტიკური მომავალი საინტერესო იქნება. თუ გახარიამ და კალაძემ საერთო ენა იპოვეს, ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ, მათ აქვთ რესურსი, მესამე ძალა შექმნან. ასევე მოხდა წლების წინ, როცა სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია წამოვიდნენ „მოქალაქეთა კავშირიდან“ და ახალი ძალა შექმნეს.

„ასეთივე შანსი აქვს დღეს კალაძეს და გახარიას, თუკი ისინი ერთად იპოვიან საერთოს და ვიღაცებს შემოიკრებენ გარშემო. რატომღაც მარტო სააკაშვილს ახსენებენ, არადა, ერთობა იყო, სააკაშვილი მერე ამოიზარდა ჟვანიასგან, თორემ შევარდნაძის დროს სამნი იყვნენ. კალაძისგან განსხვავებით, კობახიძე არაპოპულარული მოვიდა, კობახიძეები, მდინარაძეები, ესენი პოლიტიკოსები არ ყოფილან. მათ არ უბრძოლიათ არასდროს, საერთოდ, პაპუაშვილი 2020 წელს გახდა პარლამენტის წევრი, არავინ არ იცნობდა, ოპოზიციაშიც კი არ ყოფილა რეალურად. ამიტომ ისინი ვერ იქნებიან პოპულარულები, მათ არ უბრძოლიათ პატიოსან თუ არაპატიოსან ბრძოლაში ხელისუფლებისთვის. ისინი დასვეს. მათ ფონზე კალაძე ნამდვილად იბრძოდა, გახარიაც ხმაურითა და სკანდალით წავიდა. თუ „ნაცმოძრაობა“ ამბობს, რა ვერ აპატიეთ ასეთი სააკაშვილს 9 წლის განმავლობაშიო, მაშინ ასევე შეიძლება ითქვას გახარიაზეც, გავრილოვის ღამე მართლაც სამარცხვინო ლაქაა მის ცხოვრებაში, მაგრამ ამაზე დიდი ცოდვები ჩადენილი აქვს ყველა წინამორბედ ხელისუფალს, მათ შორის, „ნაცმოძრაობასაც“ და „მოქალაქეთა კავშირსაც“. თუ ხალხს მოუწოდებ, აპატიონ სააკაშვილს სხვების თვალების დათხრა (სხვათა შორის, სააკაშვილიც თხრიდა თვალებს) და მკვლელობები, მაშინ რატომ არ უნდა დავუშვათ, რომ სხვებსაც რაღაცები აპატიონ?!“ - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე სიტყვით, კალაძე მაინც ჩამოყალიბებული პოლიტიკოსია, ხალხის მიერ ორჯერ ზედიზედ არჩეული მერია, მებრძოლია „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ 2012 წელს, ამდენად, საკითხავია, კალაძე რატომ უნდა დაემორჩილოს კობახიძეს?

„ღარიბაშვილი ემორჩილება კობახიძეს, კალაძე კი, მე მგონი, მოგუდულად ემორჩილება და არა ხალისით. ამიტომ საქართველოში შიდა ცვლილებები მოსალოდნელია, ალბათ, უფრო 2023 წლის ბოლოსთვის, როცა დაიწყება ახალი წინასაარჩევნო პერიოდი 2024 წლის წინ. 2022 და 2023 წელი საქართველოსთვის მკვდარი წელიწადი იქნება დღევანდელი გადასახედიდან, თუ სერიოზული შეცდომა არ დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ძალაზე საუბარი არის ნატვრა იმისა, ბაზალეთის ტბის ძირში რაც დევს. ანალიტიკოსის აზრით, ცხადია, ეროვნული ძალა უნდა დავინახოთ იმ ძალებში, ვინც დღეს პოლიტიკურ არენაზეა. უფრო მეტიც, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, ვინც მონაწილეობს ქართული პოლიტიკის შექმნაში, ეს ძალა საკუთარ თავში უნდა იპოვოს, თუკი ჩვენ გვინდა გადარჩენა და განვითარება.

„ნაცები“ ვერასდროს გახდებიან ეროვნული ძალა, ეს გამორიცხულია, იმდენად დისკრედიტირებულნი არიან. მათ გამოსავლის პოვნა ძალიან გაუჭირდებათ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მარტო ოპოზიცია არ გვყავს, არამედ წამყვანი, დომინანტი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკის განმსაზღვრელი არის „ქართული ოცნება“. ვისაც შეუძლია, ეჭიდავოს მას, დემოკრატიის წესი ეს არის. გახარიასაც შეუძლია გადალახოს ის კრიზისი, რაც მან საკუთარ თავს შეუქმნა, თუკი „ნაცებს“ არ გაეკარება. ასევე, არიან სხვა ძალები, მათ შორის, ელისაშვილიც. არის საამისო პირობები, რომ კონსოლიდაცია მოხდეს თუნდაც კონსერვატიული ძალების. ფრაგმენტულად ჩანან ასეთი ძალები ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გამაერთიანებელი ფაქტორი მათთვის ჯერ არ ჩანს. გამოსავალი ისაა, რომ ვინც მოქმედებს ახლა და ვისაც რაიმე პრეტენზია აქვს, საკუთარ თავში იპოვოს ეროვნული ძალის რესურსი“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.