გივი თარგამაძე საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა

გივი თარგამაძე საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვა

პარლამენტში ნდობის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პრობლემებია. კერძოდ, როგორც ცნობილი ხდება, საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის მიერ ნდობის ჯგუფში წარდგენილ კანდიდატს, გივი თარგამაძეს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ გააკეთა. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ოპოზიციას ვუთხარი, რომ თუკი სხდომაზე გივი თარგამაძის კანდიდატურას დააყენებენ, ის "ჩავარდება". ისინი ამბობენ, რომ კანდიდატურის შერჩევა და დაყენება მათი პრეროგატივაა. კი ბატონო, დააყენონ, მაგრამ ჩვენ მხარს არ დავუჭერთ. ისინი დაჟინებით მოითხოვენ ნდობის ჯგუფში თარგამაძის შეყვანას, რაზეც ჩვენ ვპასუხობთ, რომ თარგამაძე ნდობის ჯგუფში არ იქნება. თარგამაძის მისამართით ბევრი კითხვა არსებობს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მიპასუხეთ, სად არის ახლა ის? არის საქართველოში? რატომ არ არის და რამდენი თვეა, რაც არ არის? კიდევ რამდენი თვე შეიძლება არ იყოს? - ეს ყველაფერი არ ვიცით. შეიძლება პარლამენტის ნდობის ჯგუფში იყოს ადამიანი, რომელიც რამდენიმე თვეა, ქვეყანაში არ იმყოფება და როდის ჩამოვა, კაცმა არ იცის?! დავიჯერო, თარგამაძე უმცირესობაში შეუცვლელია და ვერ ცვლიან სხვა დეპუტატით?! რაც შეეხება იმას, თუ ვინ ეძებს თარგამაძეს, ეს ჩვენთვის ფაქტორი და არგუმენტი არ არის. არც ვუშვებ, რომ თარგამაძე შეიძლება რუსეთის საგამოძიებო ორგანოების ხელში აღმოჩნდეს. თარგამაძის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ პირველი მე წავალ - ეს გამორიცხულია და ასეთ ვარიანტს თეორიულადაც არ ვუშვებ“, - განუცხადა სააგენტოს დავით საგანელიძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დავით დარჩიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა, არადა უკვე თვეებია გასული ახალი პარლამენტის შეკრებიდან და საჭიროა რაღაც გადაწყვეტილების მიღება. დეპუტატი ამბობს, რომ აქ კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის წინააღმდეგობა არ უნდა იყოს და დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს უფრო პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის კანდიდატურა დაიბლოკოს. დავით დარჩიაშვილის აზრით, ყველა ის არგუმენტი, რაც გივი თარგამაძის წინააღმდეგ დასახელდა, ხელოვნურია.

“მთავარია ის, რომ პოლიტიკური გუნდის ძალიან ცნობილი წარმომადგენლის დაბლოკვა მეორე პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელს უნდა. მე მგონია, რომ აქ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენი კანდიდატურა ჩააგდოს. არ გამოვრიცხავ, რომ აქ რუსული უნტერესის გათვალისწინებასთან გვქონდეს საქმე. რამდენიმე დღის წინ პრემიერის აწ უკვე ოფიციალურმა მრჩეველმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, ვის კანდიდატურას რუსეთიც დაეთანხმებაო. ეს არის სკანდალური განცხადება, რომელიც როგორც ჩანს, ყველა თანამდებობაზე ვრცელდება, ანუ თუკი თარგამაძე რუსეთისთვის მიუღებელია, ეჭვი მაქვს, რომ ის პრემიერ-მინისტრისთვისაც მიუღებელი ხდება“, - აცხადებს დავით დარჩიაშვილი.

მისი თქმით, არასწორია გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტისთვის არ არის ცნობილი გივი თარგამაძის ადგილსამყოფელი და ყველასათვის, ვისაც ამის ინტერესი ექნებოდა, ცნობილი გახდებოდა, სად არის გივი თარგამაძე. დეპუტატის თქმით, თარგამაძე რამდენიმე დღეში იქნება საქართველოში და ამაზე კომენტარს თავადვე გააკეთებს. დარჩიაშვილი განმარტავს, რომ გივი თარგამაძე ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის ტერიტორიაზეა და არკვევს იმ საკითხს, რამდენად შეიძლება რუსეთის პროკურატურის პოლიტიზირებული გადაწყვეტილება პრობლემური იყოს ევროკავშირის ქვეყნებისათვის.

აღსანიშნავია, რომ ნდობის ჯგუფი აღმასრულებელი ხელისუფლების საიდუმლო საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანოა. ჯგუფი ხუთი წევრისაგან უნდა შედგებოდეს და მის შემადგელობაში შედიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ერთი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ერთი მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთა მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატი, ორი – უმცირესობის ან იმ ფრაქციის წევრი, რომელიც უმრავლესობაში გაერთიანებული არ არის. საპარლამენტო უმრავლესობამ ნდობის ჯგუფში დავით საგანელიძის კანდიდატურა წარადგინა, მაჟორიტარების მხრიდან წარდგენილია ზვიად ძიძიგურის კანდიდატურა, უმრავლეობისა და უმცირესობის გარეთ მყოფი ფრაქციის "უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების მხრიდან" კახა ოქრიაშვილის კანდიდატურა დასახელდა. ნდობის ჯგუფის შემადგენლობაში ავტომატურად შედის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი, ხოლო უმცირესობამ ამ ჯგუფში პარლამენტს გივი თარგამაძის კანდიდატურა შესთავაზა.

ექსპერტი სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია განმარტავს, რომ თუკი საპარლამენტო უმრავლესობისთვის გივი თარგამაძის კანდიდატურა მიუღებელია, შეუძლია მას ნდობა არ გამოუცხადოს და პრობლემა არ იქნება, თუკი ნდობის ჯგუფი ერთი წევრის გარეშე იარსებებს, მაგრამ მთავარია, ეს ჯგუფი შეიქმნას. ექსპერტი ამბობს, რომ როდესაც შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით საპარლამენტო კონტროლზეა საუბარი (მით უმეტეს საბიუჯეტო კონტროლზე), ამ კუთხით ნდობის ჯგუფის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქუბარდიას თქმით, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი“ და პრეზიდენტის 42-ე ბრძანებულება საიდუმლოებოს შესახებ განსაზღვრავს, რომ ინფორმაციის მეტი წილი, მათ შორის თუნდაც სამხედრო ბაზების მშენებლობა და ამ კუთხით თანხის გახარჯვა, საიდუმლო ინფორმაციაა. ნდობის ჯგუფს კი ამ ინფორმაციაზეც მიუწვდება ხელი და ზოგადად სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე, რისი უფლებაც პარლამენტის რიგით წევრებს არ გააჩნიათ.

თეონა აქუბარდიას თქმით, პარლამენტში შესულია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა -ცვლილებები ნდობის ჯგუფის და თავდაცვის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის სამინისტრო შესყიდვებზე 2 მლნ-ზე მეტს დახარჯავს, ინფორმაციის საიდუმლო ნაწილზე ნდობის ჯგუფს მიუწვდება ხელი. ეს ცვლილებები უკვე მეორე მოსმენით არის მიღებული და შესაბამისად, ნდობის ჯგუფს მოუწევს ამ ვალდებულებების შესრულება. ამასთანავე, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ნდობის ჯგუფი წელიწადში ორჯერ მაინც უნდა შეიკრიბოს, თუმცა აქვე გარკვეული საკანონმდებლო პრობლემაა, რადგან არ არის განსაზღვრული ვადა, პარლამენტი რომ შეიკრიბება, რამდენ ხანში უნდა მოხდეს ნდობის ჯგუფის წევრების არჩევა. ამდენად, თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს ვერ დავაბრალებთ, რომ მან კანონი დაარღვია, რადგან ნდობის ჯგუფი არ შექმნა.

„თუ თვალს გადავავლებთ წინა მოწვევის პარლამენტებს, ნდობის ჯგუფის შეკრება პარლამენტის შეკრებიდან ორ-სამ თვეში ხდებოდა ხოლმე. ამიტომ მიმაჩნია, რომ მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა არ არის ის, რომ პარლამენტის შეკრებიდან 6 თვის თავზე ნდობის ჯგუფი არათუ არ შეკრებილა, არამედ არც კი შექმნილა. თეორიულად არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, თუნდაც გივი თარგამაძეს უნდობლობა გამოუცხადოს, მით უმეტეს, რომ ამის მიზეზები არსებობს“, - ამბობს თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, პირველი მიზეზი ამისა არის ის, რომ, რამდენადაც ცნობილია, გივი თარგამაძე დიდი ხანია საქართველოში არ იმყოფება და პარლამენტის სხდომებს არ ეწსრება, ხოლო მეორე არის ის, რომ თარგამაძესთან დაკავშირებით რუსეთში მიმდინარეობს მოკვლევა. ამიტომ თუკი კულუარულად მოლაპარაკება არ ხდება, პარლამენტს შეუძლია ამ პროცედურაზე მუშაობა დაიწყოს და თუკი უმცირესობა თარგამაძეს სხვა დეპუტატით არ ჩაანაცვლებს, უმრავლესობას შეეძლება მას უბრალოდ უნდობლობა გამოუცხადოს.

თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ გივი თარგამაძე ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ნდობის ჯგუფის წევრი იყო, თუმცა ექსპერტი იხსენებს, რომ ნდობის ჯგუფის ფარგლებში მას ბევრი არაფერი გაუკეთებია. ამის მაგალითად, თეონა აქუბარდიას მოჰყავს ის ინფორმაცია, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს ეხებოდა, კერძოდ, ის, რომ მან თანხები გაფლანგა. ექსპერტის აზრით, ნდობის ჯგუფის მხრიდან მეტი კონტროლი რომ ყოფილიყო, ეს შედეგი არ დადგებოდა.

„ამასთანავე, როდესაც საუბარია იმაზე, რომ გივი თარგამაძე რუსეთში რევოლუციას გეგმავდა, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა გამოიკვლიონ, თუმცა მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების მიზეზი შეიძლება ისიც გახდეს, რომ ადამიანს, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციაზე არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი. აქ მეორე არგუმენტიც არის - ვინმემ იცის სად არის გივი თარგამაძე? თუ საპარლამენტო უმცირესობის მიერ ნდობის ჯგუფში წარდგენილი კანდიდატი, ამ ჯგუფის შეკრებებზე არ ივლის, მაშინ არ მესმის, რა აზრი აქვს მის ამ ჯგუფში ყოფნას“, - აღნიშნავს ექსპერტი.