მას შემდეგ, რაც პრემიერმა დააანონსა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP (ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტის მედიკამენტები შემოვა, რაც წამლების ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს, ცალკეულმა ჯგუფებმა დაიწყეს ადამიანების დაშინება იმით, რომ თურქეთი უხარისხო წამლებს ყიდის, იქ მაღალია ფალსიფიცირების შემთხვევები და მათი შეძენის შემთხვევაში პაციენტებს ხელახლა მოუწევთ ძვირადღირებული მედიკამენტების შეძენა სხვა ქვეყნიდან. ეს კი პაციენტების ბიუჯეტს გაცილებით დააზარალებს.
ვის ინტერესშია ასეთი ხმების გავრცელება და რას მოგვიტანს თურქული მედიკამენტების ბაზარი, ამის შესახებ for.ge დამოუკიდებელ ექსპერტს, მედიკოს მარინა ბერაძეს ესაუბრა.
მართალია, საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების დაახლოებით მესამედი თურქულ ბაზარზე მოდის, მაგრამ ცალკეულ ადამიანებს მაინც უჩნდებათ კითხვა, მაინცდამაინც თურქეთიდან რატომ უნდა მოხდეს იაფი წამლების შემოტანა, ნუთუ არ არსებობს სხვა ქვეყნის ხელმისაწვდომი ბაზარი, რათა სანდოობაც მაღალი იყოს და ხარისხშიც არ მოვტყუვდეთ? გვაქვს კი ქვეყანაში შესაბამისი ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს გააკონტროლებდა?
- შეიძლება ასეთი კითხვაც გაჩნდეს და მადლობა ამ კითხვისთვის. ფაქტია, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს კუთვნილი ლაბორატორია, რომელიც მედიკამენტების ხარისხს შეამოწმებდა. ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გამოაცხადა, რომ მსგავსი ლაბორატორიის შექმნაზე უკვე დაწყებულია მოქმედებები. დღეს თუ ხვალ ასეთი ლაბორატორია უნდა გვქონდეს, რადგან მისი საჭიროება დაინახეს. რაც შეეხება შიშს, რომ თურქეთიდან შეიძლება ჩამოვიდეს უხარისხო მედიკამენტები, ნამდვილად არ ვფიქრობ ასე. თუ უხარისხო მედიკამენტზეა საუბარი, მაშინ, ამავე ალბათობით, შეიძლება სხვა ქვეყნიდანაც შემოვიდეს უხარისხო მედიკამენტი და არა მაინცდამაინც თურქეთიდან. მედიკამენტების შემოტანა თურქეთიდან კარგი იქნება თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენციის შესაძლებლობა იქნება, რადგან ახალი მოთამაშე გაჩნდება ფარმაცევტულ ბაზარზე. შეიძლება, ეს ვიღაცას არ აწყობს და აქედანაც მოდის ეს შიში, თითქოს თურქული წამლები უხარისხოა. ჩვენთან მედიკამენტები რომ შემოდის, ცხადია, საწამლავი არ შემოვა. მართალია, ლაბორატორია არ გვაქვს, მაგრამ ელემენტარული წესები არსებობს, მედიკამენტი საერთაშორისოდ აღიარებული თუ არ არის, ისე არ შემოვა, ვერ მიიღებს თანხმობას, ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, ასე ხდება სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ მედიკამენტებზეც, ჩვენ ვეთანხმებით საერთაშორისო აღიარებას და შემოგვაქვს ცალკეული მედიკამენტები. ჯერჯერობით ეს არის, რა ბერკეტიც გაგვაჩნია. ამიტომ ამ თვალსაზრისით საშიშროებას ვერ ვხედავ.
სხვა ქვეყნებშიც თუ არის იაფი მედიკამენტები?
- ჩვენთან შედარებით ყველგან იაფი მედიკამენტებია, მაგრამ თურქეთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია ჩვენი ქვეყნისთვის. ბარიერი შეიძლება უფრო ნაკლები იყოს სწორედ თურქეთიდან შემოტანის დროს. ჩვენი მოქალაქეები ისედაც ჩვეულებრივ სარგებლობდნენ თურქული მედიკამენტების ბაზრით, ჩვეულებრივად გადადიოდნენ ბათუმიდან, სარფის გავლით, თურქეთში ყიდულობდნენ მედიკამენტს და გაცილებით იაფად გადმოჰქონდათ, ეს კარგი საშუალება იყო და არავის შეჰპარვია ეჭვი მედიკამენტების ხარისხში. ბოლო პერიოდში ეს აიკრძალა, საზღვარზე დაიწყეს ამ ადამიანების შემოწმება და ფასთანამატს ახდევინებდნენ, ანუ ამატებინებდნენ იმ ფასის სხვაობას, რომელიც საქართველოში ჰქონდა კონკრეტულ მედიკამენტს. ამის გამო, ფაქტობრივად, აზრი დაკარგა თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანამ, რადგან ჩვენს საზღვარზე უმატებდნენ თანხას. ამის შესახებ ინფორმაცია გამოკითხვის შედეგად მაქვს, ეს ფაქტი არავისთვის დამალული არაა, ყველა ბათუმელმა იცის. არის მედიკამენტები, რომელთა გამოწერაც, მაგალითად, გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ექიმის მიერ ხდება. ოჯახის ექიმი წერს წამალს, რომლის ფასი დაახლოებით 300-დან 400 ლარამდეა. თუ ფორმა 100-ით გამოწერს ოჯახის ექიმი წამალს, მიდიხარ აფთიაქში, აფთიაქი აკეთებს შეკვეთას თურქეთში და ერთი თვის განმავლობაში ჩამოდის თქვენს მიერ გამოწერილი მედიკამენტი, რაც დაახლოებით 80 ლარი ჯდება. ასეთი განსხვავებაა ფასებში. ეს აქამდე ხდებოდა კერძო სტრუქტურის გავლით და ახლა სახელმწიფო გააკეთებს ამას.
რამდენად მართალია, რომ არა მარტო ფარმაცევტული კომპანიები გადიოდნენ ზემოგებაზე, ანუ 1000%-იან მარჟაზე, არამედ ოჯახის ექიმებიც სპეციალურად უწერდნენ პაციენტებს ძვირადღირებულ მედიკამენტებს და ეს ერთგვარი შეკრული წრე იყო?
- ოჯახის ექიმის საშუალებით ხდება წამლის გამოწერა და გაყიდვა, ოჯახის ექიმი ეკუთვნის კლინიკას, კლინიკა კი ეკუთვნის ფარმაცევტულ კომპანიას, ანუ ეს ყველაფერი აქამდე ერთად იყო. ღონისძიება, რომელიც პრემიერის დავალებით უნდა გატარდეს და დაანონსებულია, მისასალმებელია. შემდეგ გაკეთდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის კომენტარი ამ საკითხზე, მათ მიერ მიმართულებები სწორადაა დასმული, ეს ყველაფერი სისტემური ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს. უნდა გვქონდეს ლაბორატორია, რომელიც დაგვიდასტურებს, რომ შემოტანილი მედიკამენტი კარგია, ასევე, საკანონმდებლო ბაზა უნდა დაიხვეწოს, ბევრი რამ შესასწორებელია კანონში, რომ ძლიერი საკანონმდებლო ბაზა გვქონდეს, როგორიცაა განვითარებულ ქვეყნებში. არავის მითითება ჩვენ არ გვჭირდება.
ამბობენ იმასაც, რომ თურქული მედიკამენტის შეძენის შემთხვევაში, თუკი ის უხარისხოა, ადამიანს გაცილებით მეტი ფასი დაუჯდება მკურნალობა, რადგან მაინც მოუწევს ძვირადღირებული მედიკამენტის შეძენა სხვა ქვეყნიდან. ესეც სპეციალურად გავრცელებული ხმებია ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან?
- დიახ, ეს გავრცელებული ხმებია. ჩვენ ხომ ვიცით, რომ ნიჭიერი ხალხია, ვისაც ფარმაცევტული ბიზნესი აქვს. რა თქმა უნდა, თუ ისინი აქამდეც მოგებას ნახულობდნენ, გამოსავალს ამ შემთხვევაშიც იპოვიან. რეალურად, ნებისმიერ ადამიანს 400 ლარის გადახდას 80 ლარის გადახდა ურჩევნია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ სწორედ ამ ფარმაცევტული კომპანიების მეპატრონეები არიან კლინიკების და სადაზღვევო კომპანიების მფლობელები, რომლებთანაც მუშაობენ ოჯახის ექიმები, ამიტომ საკანონმდებლო ბაზის დახვეწა გულისხმობს იმას, რომ არ მოხდეს პრემიერის კარგი ინიციატივის გაფუჭება.
თუკი გავითვალისწინებთ, რომ ფარმაცევტული კომპანიები გადიოდნენ ზემოგებაზე, შეიძლება მათ გაუჩნდეთ შიში, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების ჩამოტანის შემდეგ ისინი შეიძლება გაკორტდნენ?
- არავითარი გაკოტრება მათ არ ელით, უბრალოდ, შეიძლება მილიარდები აღარ გააკეთონ ამ სიტუაციიდან. ისინი მარტო ერთი ქსელის მეპატრონეები არ არიან, ისინი მთელი სისტემის მფლობელები არიან, ფაქტობრივად, ერთი სუბიექტის ხელშია ყველაფერი. ერთდროულად ვერ გაკოტრდება საავადმყოფოც, ფარმაცევტული კომპანიაც, სადაზღვევოც, მაინც გადაირჩენენ თავს. თუ ყველაფერი დალაგდება ისე, როგორც მე წარმომიდგენია, ეს იქნება ის ფორმა, რომლითაც მუშაობს მთელი განვითარებული ევროპა.
აქამდე კითხვებს აჩენდა ისიც, რომ თვით საქართველოში წარმოებული მედიკამენტებიც კი მეზობელ სომხეთში გატანისას გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე საქართველოში.
- ეს იმიტომ, რომ იქ კანონმდებლობით საცალო და საბითუმო ფასები გამიჯნულია, ჩვენთან, პრაქტიკულად, გაუმიჯნავია. ამიტომაც არ არიან მოთამაშეები ამ ბაზარზე და სულ სამი კომპანიაა წამყვანი. ეს არ არის ჯანსაღი კონკურენცია და სასურველია, კონკურენციის სააგენტომ ამ ყველაფერზე ყურადღება გაამახვილოს. ჩვენ უნდა ვიყოთ განწყობილნი იმისკენ, რომ შეიძლება კარგი ცვლილებები განხორციელდეს და თან უნდა ვიყოთ ყურადღებით, ხბოს აღტკინებით არ უნდა შევხვდეთ ყველაფერს, რადგან უკვე გამოცდილებაც გვაქვს და ვიცით, ნებისმიერი კარგი იდეა შეიძლება გაფუჭდეს ისე, რომ ვერც განხორციელდეს.
აქამდე საიდან შემოგვქონდა მედიკამენტები?
- თურქეთიდანაც, ინდოეთიდანაც, სხვადასხვა ქვეყნიდან, ან შემოდის ნახევრად ფაბრიკატი და შემდეგ საქართველოში ხდება დაფასოება. ეს ძალიან რთული სქემაა.