„ქართულმა მხარემ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუმცა რეზოლუციის მიღება შესაძლებელია, რომ საქართველოს პოზიცია ნათელი იყოს“

„ქართულმა მხარემ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუმცა რეზოლუციის მიღება შესაძლებელია, რომ საქართველოს პოზიცია ნათელი იყოს“

ოპოზიციური სპექტრის ნაწილი, კერძოდ „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ჯგუფი მმართველ პოლიტიკურ გუნდს მიმართავს, პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი ერთობლივი საპარლემენტო რეზოლუცია მიიღოს. აღნიშნულს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ნაწილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია საქართველომ, უკრაინასთან დაკავშირებით, თავისი პოზიცია ნათელი და მკაფიო გახადოს.

გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია გამოდის ინიციტივით, საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფი გააქტიურდეს და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდამჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტი დაორგანიზდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს რუსეთ-უკრაინას შორის არსებული, დაძაბული ვითარების ფონზე, მნიშვნელოვანია ქართულმა მხარემ მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. თუმცა, მენაღარიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციის მიღება შესაძლებელია იმისათვის, რომ საქართველოს პოზიცია ნათელი იყოს.

„შეუძლებელი არ არის ეს, საქართველოს თავისი პოზიცია აქვს და შესაძლოა, რომ ის განაცხადოს, მაგრამ,  რა თქმა უნდა, სიფრთხილე საჭიროა, რომ ამ დაძაბულ სიტუაციაში რუსეთმა, რომელიც პრაქტიკულად, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილია და განსაკუთრებული არაფერი სჭირდება თავისი აგრესიული პოლიტიკის გასაგრძელებლად, კვლავ არ ჩაიდინოს მძიმე დანაშაული. თუმცა, ამ სიტუაციაში ჩვენი აზრი და დამოკიდებულება უმჯობესია, რომ იყოს ნათელი და არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, თუკი გონივრულად მოფიქრებული განცხადება გაკეთდებოდა.

რაც შეეხება უკრაინაში ჩასვლას, ესეც შეიძლება, რატომაც არა. ყველაფერს ამას ნუ შევხედავთ ისე დრამატულად, როგორც გვეჩვენება ხოლმე. შესაძლებელია, ეს ზედმეტი დაძაბვის გარეშე შესრულდეს. ალბათ, სიფრთხილის პირობას ხელისუფლება ითვალისწინებს და მნიშვნელობას ანიჭებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მოვლენები როგორ ვითარებდება საქართველოში, ეს სპეციალური ორგანოების საქმეა. თუ მათ რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნიათ, მაშინ სიფრთხილე, რა თქმა უნდა, უფრო საჭიროა. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ერთიანობა საზოგადოებაში და აქ რაიმე შინაგანი წინააღმდეგობრივი მომენტების ხაზგასმა, სულაც არ ვთვლი, რომ მომგებიანია.

ჩვენ უკვე ვიყავით ამ ვითარებაში, 2008 წელს საქართველოში სწორედ ის მოხდა, რასაც ახლა უკრაინას უმზადებს რუსეთი. არც უკრაინას დააკლდა რუსეთის აგრესია, მხედველობაში მაქვს ყირიმის და დონბასის მოვლენები. საქართველოს რიგში ჩადგომა აღარ სჭირდება, მან უკვე თავის თავზე იწვნია, რას ნიშნავს რუსეთის მხრიდან აგრესიული რევანშიზმი.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოიქცევა დასავლეთი, - იგი ჯერჯერობით მკაცრ, პრინციპულ პოზიციაზე დგას. მოახერხებს ამ პოზიციის შენარჩუნებას ბოლომდე თუ ვერა, ძალიან დიდი მნიშვნელობის არის, საქართველოს ბედი ახლა მთლიანად ამაზე კიდია.

ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი არჩევანის გადახედვას და დათმობას, რუსეთი კი სწორედ ამას მოითხოვს, როდესაც ის დასავლეთს მიმართავს, რომ „მომეცით გარანტიები, რომ არ მიიღებთ უკრაინას და საქართველოს ნატო-ში“ - ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ ხელი უნდა აიღონ თავიანთ სტრატეგიულ არჩევანზე, რასაც ჩვენ მიუღებლად მივიჩნევთ და სრულიად ლოგიკურადაც“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ამასთან, როგორც 24 იანვარს ოპოზიციის მიერ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე აღინიშნა, საჭიროა მიმდინარე კვირას საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით.

„მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით. საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე. მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად“, - ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განცხადა, რომ როცა შეიკრიბება უმრავლესობა და პარლამენტი, მიიღებენ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას. მისი თქმით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ირაკლი ზარქუამ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას მხარს უჭერს და ამასთან დაკავშირებით მკაფიო განაცხადიც უნდა გაკეთდეს.

„მგონია, რომ ჩვენ მკაფიო განაცხადი უნდა გავაკეთოთ უკრაინასთან მიმართებით, რაც არაერთხელ გაკეთებულა, დღესაც ვაპირებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს და არავის აქვს უფლება შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. მოვუწოდებდი საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებით, მეტად დავიცვათ ჩვენისთანა ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე, მიუღებელია ოკუპაცია და ვგმობთ. ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიას, მის სუვერენიტეტს, იქნება მკაცრად დასჯილი საერთაშორისო თანამეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია და აქვთ ფანტაზიები, რომ ხან ის გადაკეტონ, ხან ეს... ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც უფრთხილდება სახელმწიფო ინტერესებს, პარტნიორების ინტერესებს“, - განაცხადა ზარქუამ.