„დამნაშავესთან კოაბიტაციით მახინჯი ბავშვი იბადება“

„დამნაშავესთან კოაბიტაციით მახინჯი ბავშვი იბადება“

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მოუწოდებს მსახიობ დეპუტატებს ბოდიში მოუხადოს. ჯაჭვლიანის განაწყენება იმ განცხადებამ გამოიწვია, რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა. კერძოდ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „უსუფაშვილი მეუბნება, არ გავბედო არჩევნებში მსახიობებისა და რეჟისორების დაყენება, კანონპროექტების წერაში ერთი კაციც კი ვერ მეხმარებაო“.

„უსუფაშვილს მივესალმები, რომ ჩიორას ბოდიში მოუხადა, მაგრამ არც ჩვენ გვაწყენდა ბოდიშის მოხდა, რადგან არ ვართ დასაკარგი ქართველები. უსუფაშვილმა არ უნდა თქვას, რომ მსახიობები არ სჭირდება“, - აცხადებს დეპუტატი.

სპიკერს სოსო ჯაჭვლიანისთვის ბოდიში არ მოუხდია და სავარაუდოდ, არც მოუხდის, რადგან ამ თემაზე, მედიის მცდელობა, რომ დავით უსუფაშვილი ჩაგვეწერა უშედეგოდ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსახიობი და რეჟისორი დეპუტატებიდან უსუფაშვილის განცხადება მხოლოდ სოსო ჯაჭვლიანმა გააპროტესტა, რომელსაც for.ge პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა:

მმართველი გუნდიდან დავით უსუფაშვილს მხოლოდ თქვენ გაუნაწყენდით. ერთის მხრივ, ყოველთვის აკრიტიკებთ ნაციონალებს, მაგრამ თქვენს გუნდსაც არ წყალობთ?

- ღმერთმა დამიფარაოს თუ ის არ ვთქვი, რასაც ვფიქრობ. იმიტომ ვარ სოსო ჯაჭვლიანი. თუმცა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვებუტები და ვუნაწყენდები, არამედ იცით, ჯანსაღი როდისაა ორგანიზმი? როდესაც, იქ სწორად ჩაერევი. ძველ გაზეთებს თვალი გადავავლე და დავრწმუნდი, რომ საკითხებთან დაკავშირებით, ქართველებს სერიოზული ამნეზია გვჭირს. შარშან ამ დროს, გაზეთების პირველ გვერდზე, დიდი შრიფტით იყო დაწერილი - თუ რას ვიძახდი პრეზიდენტზე, მაშინ ტერორი, წივილ-კივილი, დუბინკები და ცოცხები იყო, მაგრამ იგივე ლექსიკით საუბარი, რომ გავაგრძელო არასწორია.

თუმცა, „ლექსიკისგარეშე ჯანსაღი კრიტიკა არ შეგიძლიათ?

- როცა ადამიანი წაქცეულია, მას ჩაქოლვა აღარ უნდა, მაგრამ კანონი თუ დაარღვიე, პასუხი უნდა აგო. მაშინ რა გამოდის, მე დავაშავე, მართალია მთავრობაში არ ვარ, მაგრამ მეპატიება?! ვისაც მძიმე დანაშაული აქვს, ყველა უნდა დაისაჯოს. პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტმა გასცა თუ არა აფრასიძეების ოჯახზე ბრძანება, რომელსაც რა მოჰყვა? - ოთხი ვერტმფრენით 1200 კაცი აფრასიძეების ოჯახს თავს დაესხა. იქედან ერთი ადამიანი იყო დასასჯელი და არა დასახვრეტი, მაგრამ ყველას გაუსწორდნენ. ეს არ გავახმიანო?! პრეზიდენტი ლაჩარი, მკვლელი და მსუბუქი ყოფაქცევის რომ არის, ხომ ვიცით?! სააკაშვილი მთელ მსოფლიოში დაწანწალებს და ქვეყანას აბეზღებს.

სამართლიანობის აღდგენის მომხრე ხართ, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს პროცესი ჭიანურდება. პროკურატურის მუშაობით, კმაყოფილი ხართ?

- პროკურატურაში 70-80 პროცენტი ძველი კადრებია. შესაბამისად, როდის იყო, რომ დამნაშავე იძიებდა დანაშაულს?! მაგალითად, მე და თქვენ მეგობრები ვართ და ერთ სისტემაში ვმუშაობთ, მე არ ვარ დამნაშავე, თქვენ კი ხართ, მაგრამ საქმე უნდა ვაწარმოო და რა გავაკეთო? სუფთა ადამიანური მომენტიდან გამომდინარე, რაღაც ანგარიშს ამას გაუწევ და ამიტომ, ფერხდება ეს ყველაფერი.

თქვენს მიერ მოყვანილი მაგალითი საზოგადოებისთვის მიუღებელი იქნება, რადგან ბევრი უკანონობის უკან დაზარალებული ადამიანები არიან. თქვენი გუნდი კი, დამნაშავეების დასჯას აანონსებდა და ამ დრომდე, მხოლოდ ბაჩო ახალაიას პროცესი მიდის...

- დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან, მაგრამ ეს არის პროცესი.

თქვენ 26 მაისის აქციის მონაწილე და დაზარალებული ხართ. აქციის დარბევის გამოძიებას, რატომ არ ითხოვთ?

- ყველა უნდა დაისაჯოს. ამ აქციის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა - ასათიანი, კვინტრაძე, ლუკა კურტანიძე, ბექა სივსივაძე და ა.შ. მ მიუხედავად ამისა, პირადად მე მათ მივუტევებ, რადგან ეს ჩემი საქმეა, მაგრამ ვთქვი, რომ ლუკასა და სხვებს პასუხი გაეცით-თქო! ისეთი რაღაცეები გადამხდა, რომ კინაღამ მოვკვდი. ერთი თვე არაფერი მიჭამია და პატრიარქმა რამდენიმე ადამიანი შემოაგზავნა და მათ დააბარა - მივალ ოღონდ ჭამოსო. მაშინ, ფაქტიურად, ჰალუცინაციები დამეწყო, კრიტიკულად ვიყავი და შევუთვალე - უწმინდესო უზარმაზარო, ნუ დამჩაგრავ- მეთქი! ყველაზე დიდი ვაჟკაცობა, იცი რა არის? როცა ბოდიშს შენ მოიხდი. ერეკლე მეფე მაჩაბელს ეუბნებოდა, თქვენ უნდა გიცავდეთ და აქეთ მიცავთო. პარლამენტში მსახიობი და რეჟისორი მაქსიმუმ 12 დეპუტატია და იქეთ, რამდენი არიან?! იქით, არ არიან უფრო მეტნი და მაინცდამაინც ჩვენზე, რატომ ლაპარაკობ?! როცა ამბობ, (დავით უსუფაშვილს გულისხმობს) სამი-ოთხი კაცი მუშაობსო, მაშინ დანარჩენზეც თქვი რამე. როცა მტყუანი ხარ და სხვის სიმართლეში დარწმუნდები, ბოდიში უნდა მოიხადო, მაგრამ ქართველებს ყველაზე მაგრად ბოდიშის მოხდა უჭირთ.

თქვენგან განსხვავებით, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომაღნიშნული თემა უკვე მოძველდა და ჯაჭვლიანმა თავისი სათქმელი გვიან თქვა...

- ბოდიში, მაგრამ თავზე რომ გიზამენ, დაგვიანებულია - ამას თუ როდის იტყვი და რას იტყვი?! დაგვიანებული როგორ არის, პირიქით, ჩემი მადლობელი არ უნდა იყო, რომ რამდენიმე დღე გიყურე და ეს ფაქტი მერე გავაპროტესტე?! პირიქით, შენზე მაგარი ტიპი ვარ, რომ ამდენი ხანი მოგითმინე და ეს არ ვთქვი. ე.ი. ამათ ჰქონიათ, თუ რაიმე დაგვიანდა, პასუხი აღარ უნდა გაგცენ?! სისხლის აღება რატომ იყო? კანონი არ კანონობდა და ადამიანს ბევრი რაღაც ეშლებოდა. სისხლის აღება ძალიან ცუდია, მაგრამ კანონი უნდა კანონობდეს. ვინც ღებულობს მიიღოს და ვინც არა - გაგვატაროს!

უსუფაშვილის განცხადება გეწყინათ, თუმცა, როგორც მსახიობმა და ამჟამად პოლიტიკოსმა, თქვენს მაჟორიტარულ ოლქს რა გაუკეთეთ? შვიდი თქვის განმავლობაში, მოსახლეობისთვის რისი შეცვლა შეძელით?

- მოსახლეობას არასასესიო კვირას ვხვდები. თქვენ მეკითხებით, რა გავაკეთე? ეს კითხვა არასწორია, რადგან ორხელისუფლებიანობაა და პრობლემებს ქმნიან. ქვეყანას რა დონეზე უნდა მტრომდე, რომ გამგეობაში მოქალაქეებს უთხრა - ჯაჭვლიანი აირჩიეთ და გზაც მან გაგიკეთოსო. საქმეს ერთად უნდა ვაკეთებდეთ. კაბინეტის კაცი არ ვარ და იმდენ გაჭივრებულს ვხვდები, რომ გაოცდებით. მაჟორიტარის ბიუროს ვუთხარი, რომ ისე ვიმუშაოთ, როგორც წინასაარჩევნოდ. მოსახლეობას ვხვდები, მათ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ვესაუბრები. იცი, ეს რა კარგად გამომდის? - შეხვედრებზე თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი წყალში.

ერთია პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მეორეა, მათი გადაჭრა. ამომრჩეველი მხოლოდ პრობლემებზე საუბარს სჯერდება?

- იმაზე ვსაუბრობთ, რა პრობლემები აქვთ და რა კეთდება. გზა არ აქვთ და მათ ვუთხარი, რომ განცხადება დაწერონ და ეს საკითხი გამგეობაში დააყენონ. მე კი, მათ გვერდზე ვარ და გამგეობას მოვთხოვ პასუხს - თუ ამ გზის ფული ბიუჯეტით გათვალისწინებულია, რატომ არ აკეთებს და თუ არ არის, მაშინ თანხების მოძიებას დავიწყებ. ერთ-ერთმა ამომრჩეველმა მითხრა, საქმე რომც არ გამოგვივიდეს, თქვენთან ერთად ვარ, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში, დეპუტატს ვერ ვნახულობდით, შენ კი ჩვენს გვერდზე დგახარო. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვი ერთ თვეში გაჩნდეს, მაგრამ ვერ გაჩნდება. ადრე ხალხი ხმას ვერ იღებდა, ახლა კი ყველა ალაპარაკდა. ერთ-ერთი ჩემი ახლობელი შემხვდა და ვკითხე - სად მუშაობ-თქო, მითხრა, ნაციონალებთან ვიყავი და სამსახურიდან გამიშვესო. მიზეზი ვკითხე და მიჩქმალა, მერე ვკითხე - რას აპირებ-თქო, მითხრა სასამართლოში აღდგენაზე სარჩელი შევიტანეო და დავინტერესდი - რა იმედი ჰქონდა, რაზეც მან მიპასუხა, რომ აღდგენის 100 პროცენტიანი იმედი მაქვსო. აგაშენა ღმერთმა. ამ ადამიანს ვკითხე, გიხარია ეს დრო, როცა თავისუფალი ხარ და ხომ არ დაგავიწყდა-მეთქი მიშას დროს, გაგიყრიდნენ ერთ ადგილას ცოცხს-თქო. როდესაც, კოაბიტაცია დამნაშავესთან არის, მაშინ მახინჯი ბავშვი იბადება.

თქვენი გუნდით კმაყოფილი ხართ? მერვე მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან ერთი კვირის თავზე, უმრავლესობის სხდომის ფორმატში, რომელიც დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, თქვენ კომუნიკაციის ნაკლებობაზე ისაუბრეთ და თანაგუნდელებს მიმართეთ, რომმათ იმედები გაგიცრუეს“. ამ პოზიციის შემდეგ რა შეიცვალა, იმედები გაგიმართლდათ?

- ჩვენსა და ნაციონალებს შორის განსხვავება, იცით რა არის? - გეგონება, რომ ისინი კლონით არიან გაკეთებულნი. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. რამდენიმე წლის წინ, ძიუდოისტების მწვრთნელად ოლიმპიური ჩემპიონი ზაიზერ ბახერი მოიყვანეს, რასაც პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ დღეს, ნახეთ რა მოხდა? საქართველოს ნაკრები ჩემპიონია. საფუძველი რომ არ ჩადებულიყო, შედეგი არ იქნებოდა.

ანუ, თქვენი შეფასებისას იჩქარეთ?

- როცა გირეკავ, ხომ უნდა მიპასუხო? მაგრამ დედაჩემი, რომელიც ჩემი უძვირფასესი ადამიანია, შეიძლება ერთი თვე ვერ ვნახო. ხომ არის ამის ობიექტურ-სუბიექტური მიზეზები? ეს გუნდი ახალია და შეკავშირება ხდება.