„ეროვნულ მოძრაობას უნდა ეზრუნა ერის ინტელექტის ამოძრავებისათვის.“

„ეროვნულ მოძრაობას უნდა ეზრუნა ერის ინტელექტის ამოძრავებისათვის.“

ელდარ შენგელაია:

„დღეს საქართველოში ოპოზიციის მოქმედების არეალი სულ უფრო ფართოვდება და უპირისპირდება ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

რატომ შეიქმნა ეს მდგომარეობა?

ხელისუფლებამ ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ლოზუნგით, დაპირებებით მიიღო ხელისუფლება ხალხის ხელიდან. ამიტომ ჩანს, რომ ეს გათავისუფლება თავისთავად ხალხს უნდა და მხარს უჭერს ხელისუფლებას.

მოკლე პერიოდში გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სხვა ინტერესები ამოძრავებს - პოლიტიკური ამბიციები, პირადული განდიდება, მატერიალური ინტერესები, რომელმაც წარმოშვა ახალი ტიპის კორუფცია და სხვა პრინციპული შეცდომები: ვთქვათ ხელისუფლების პოზიცია 19-21 აგვისტოს მოვლენებისადმი, 2 სექტემბრის მიტინგის დარბევა, პრაქტიკულად სოციალისტურ სისტემაზე დაყრდნობით სახელმწიფო კაპიტალიზმის გზით სიარული.

ყველაფერი ეს ნიშნავს სოციალისტური, ფაშისტური სისტემის დამყარებას საქართველოში. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, ვინც აზროვნებს, მისთვის ნათელია, რა მწვავე კონფრონტაციაა დღეს საქართველოში.

ეროვნულ მოძრაობას უნდა ეზრუნა ერის ინტელექტის ამოძრავებისათვის. ყველა წვეთი ინტელექტისა უნდა შეერთებულიყო. მაგრამ იმ გზას, რომელიც ზვიადის მთავრობამ აირჩია, პროფესიონალიზმი არ ჭირდება.

ხელისუფლებამ სათავეში მოსვლისთანავე ინტელიგენციაზე ლანძღვის, იარლიყების მიკერების კანონადა გააჩაღა...

ჩამოიშორეს ინტელექტუალური ძალა და შედეგიც სახეზეა. ინტელექტუალური ძალების შეერთების მაგივრად მოხდა მათი დაქსასვა, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებისაგან ჩამოშორება.

სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ  2 სექტემბრის შემდეგ ღირებული ინტელექტუალური ძალები  ოპოზიციის რიგებში აღმოჩნდნენ.

ახლა უკვე გამორიცხულია საპირისპირო აზროვნების ჩამოყალიბების შიში. თუ რადიკალურად არ შეიცვალა დამოკიდებულება ხელისუფლებისა ოპოზიციის მიმართ, ზედმეტია ოცნებაც კი, სხვა ქვეყნების მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, იურიდიულ სახელმწიფოდ აღიარებაზე.

ჩვენ აღმოვჩნდებით ტრაგიკულ მდგომარეობაში. ვფიქრობ, ჯერ კიდევ არის დრო და შანსიც წავიდეთ დემოკრატიული გზით.“