ფქვილის იმპორტი 7-წლიან მაქსიმუმზეა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 37,576 ტონა (12,020 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, რაც 2015 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფქვილის იმპორტი ხორბლის მკვეთრმა გაძვირებამ წაახალისა და სწორედ ესაა ადგილობრივი წისქვილკომბინატების პროტესტის მთავარი მიზეზიც.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის ფქვილის მთავარი მიმწოდებელიც რუსეთია, ისევე როგორც ხორბლის შემთხვევაში. შარშან ქვეყანამ რუსეთისგან 36 517 ტონა (11,535 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა.
ცნობილია, რომ 2021 წელს რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟი დააწესა, რაც ქართველი იმპორტიორებისთვის ერთ ტონა ხორბალს თითქმის 100 დოლარით აძვირებს. იმის გამო, რომ მსგავსი შეზღუდვა არ ვრცელდება ფქვილის იმპორტზე, კომპანიების დიდ ნაწილს ფქვილის ადგილზე გადამუშავება აღარ უღირთ, წარმოებას ხურავენ და ფქვილის იმპორტზე გადადიან.
წისქვილკომბინატები კი სწორედ ამ მიდგომას აპროტესტებენ. ისინი ითხოვენ თანაბარ პირობებში ჩადგეს ადგილობრივი მწარმოებელი და შემომტანი, რათა კონკურენცია გაუწიონ იმპორტირებულ ფქვილს. გადაწყვეტილების აუცილებლობას ადგილობრივი მწარმოებლები ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებით ხსნიან. მათი მტკიცებით, არსებულმა რეალობამ დიდი შანსია, გამოიწვიოს პურის დეფიციტი.
„პრობლემის არსი უკვე მრავალჯერ აღინიშნა და ეს, რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რომელიც 98 დოლარს შეადგენს, ფქვილზე კი მსგავსი გადასახადი არ არსებობს. შესაბამისად, სხვაობამ ნედლეულსა და მზა პროდუქტს შორის შექმნა პრობლემა. ჩვენ გვინდა, თანაბარ პირობებში ჩადგეს ადგილობრივი მწარმოებელი და შემომტანი, რათა კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ ფქვილს.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, საქართველო 2-3 თვეა კრიტიკულ ზღვარს ბევრად ქვევითაა. საქსტატის მონაცემები რომ ავიღოთ, შეიძლება პურის და ფქვილის დეფიციტამდე მივიდეთ. უხეშად რომ ვთქვათ, ბოლო სამ თვეში რა მოცულობის ხორბალიც შემოვიდა, წინა წლებში 1 თვეში შემოსულ მოცულობას უდრის.
ახლა, დაანონსებული აქვს რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომ შეისწავლონ ხორბლის, სიმინდისა და ქერის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქციაზე რამდენად შეიძლება საბაჟო გადასახადის დაწესება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება მივიღოთ შედეგი, რომ ნახტომისებურად გაიზარდოს პურის და ფქვილის ფასი, რაც ადგილზე წარმოების შემთხვევაში არ იყო, რადგან 2-3-თვიანი მარაგები მუდმივად გვქონდა და ეს გარდამავალი ნაშთი ეტაპობრივად ზრდიდა ფასს. პირდაპირ იმპორტის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება“, - განაცხადა წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორმა ლადო ბიძინაშვილმა გადაცემა „საქმეში“.
ხორბლის იპორტის შემცირების საკითხზე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრაც გაიმართა. წისქვილკომბინატების წარმომადგენლებმა ლევან დავითაშვილს ის ვითარება გააცნეს, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, შეხვედრას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ:
„ეს იყო პირველი კომუნიკაცია მაღალი თანამდებობის პირებთან. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მათგან, რომ ისინი იცნობენ პრობლემის არსს და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ არც ველოდით პირდაპირ გადაწყვეტილების მიღებას ამ კომუნიკაციის შედეგად. დაახლოებით იმ კვირის ბოლოს იქნება გამოკვეთილი კონტურები თუ რა გადაწყვეტილებამდე შეიძლება მივიდეთ. მთავარია, შენარჩუნეს ბაზარზე კონკურენცია და საფასო პოლიტიკაც დაბალანსდეს“, - განაცხადა სილაგავამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 2021 წელს საქართველომ 37,576 ტონა (12,020 მლნ აშშ დოლარი) ფქვილი შეიძინა, ხოლო 2020 წელს - 10,800 ტონა (3,062 მლნ აშშ დოლარი). რაც შეეხება ბოლო წლების მონაცემებს, ასე გამოიყურება:
2019 წელს - 16,885 ტონა (4,836 მლნ აშშ დოლარი)
2018 წელს - 14,705 ტონა (3,998 მლნ აშშ დოლარი)
2017 წელს - 15,028 ტონა (4,071 მლნ აშშ დოლარი)
2016 წელს - 26,487 ტონა (6,994 მლნ აშშ დოლარი)
2015 წელს - 38,424 ტონა (10,763 მლნ აშშ დოლარი)