11 დეკემბერს, საღამოს, თბილისში ჩამოვიდა გენერალი ოთარ შალიკაშვილი. იგი NATO-ს ჯარების სარდლის, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ძმა გახლავთ. ბ-ნ შალიკაშვილის ვიზიტის კონკრეტული მიზეზი უცნობია.
კვირას გენერალი შეხვდა ბ-ნ ედუარდ შევარდნაძეს. შეხვედრა დახურულ კარებს მიღმა მიმდინარეობდა. ჩვენთან საუბარში ბ-ნმა შალიკაშვილმა უარი განაცხადა სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრის კომენტარზე. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზად მან მამამისის ნეშტის გადმოსვენება დაასახელა.
ორშაბათს გენერალ შალიკაშვილს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ სიგუასთან, შემდეგ თავდაცვის მინისტრ კიტოვანთან, შეიარაღებული ჯარების სარდალ კამკამიძესთან. გადაიდო შეხვედრები გერმანიის ელჩ დალჰოფთან და რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის ჯგუფის სარდალთან, გენერალ რეუტთან.
სამშაბათს იგი სოხუმში გაემგზავრა. დღეს მიდის ცხინვალში. 18 დეკემბერს ისევ შეხვდება ბ-ნ შევარდნაძეს. შაბათს კი ამერიკაში მიემგზავრება.
რამდენიმე დღეში დამთავრდება პარლამენტის საშემოდგომო სესია. არაოფიციალური ცნობებით, ოთარ შალიკაშვილი საგაზაფხულო სესიამდე კიდევ ჩამოვა თბილისში.
დაუზუსტებელი მონაცემებით, შესაძლებელია გენერალი შალიკაშვილი საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრად დაინიშნოს.