მიუნხენის „ბაიერნი“ ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, მატიას დე ლიხტის შეძენითაა დაინტერესებული. ამის შესახებ Sport 1 იტყობინება.
გერმანული გამოცემის ცნობით, „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას უკვე დაუკავშირდა, მაგრამ საუბრის დეტალები უცნობია.
გერმანულ გუნდს დიდი ალბათობით, თავისუფალი აგენტის სტატუსით ნიკლას ზულე დატოვებს და დე ლიხტიც მის შემცვლელად მოიაზრება, მაგრამ ის ბავარიელთა ერთადერთი ვარიანტი არ არის – სიაში არიან მატიას გინტერი და ანტონიო რიუდიგერი, რომლებსაც „გლადბახთან“ და „ჩელსისთან“ კონტრაქტი ეწურებათ.
შეგახსენებთ, რომ მატიას დე ლიხტს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მოსალოდნელია, რომ კლუბი მას 75 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში არ შეელევა. ნიდერლანდელმა მცველმა ტურინულ გრანდში 2019 წლიდან დღემდე 97 მატჩში 6 გოლი გაიტანა.