ოღონდ აქედან მოგვაცილონ!!!

ოღონდ აქედან მოგვაცილონ!!!

წავალთ სამანქანო გზით დასავლეთისაკენ, შემოგვეგებება სოფელ უბისასთან გორაკზე ამაყად წამომართული სერგო ორჯონიკიძის ძეგლი, წამოვალთ დასავლეთიდან, მიგვაცილებს თბილისისაკენ ორჯონიკიძის მზაკვრული მზერა.

ასე გრძელდება რამდენიმე წელიწადია...

მივუახლოვდებით იმ ადგილს თუ არა, გაღიზიანებულები გავხედავთ გორაკს და შეუძლებელია არ გავიფიქროთ: „კიდევ აქა დგას ეს საქართველოს დამაქცევარი?!“

და აი, მგონი გვეშველა: როგორც შევიტყვეთ, მისთვის დიდად საამაყო, ხოლო მისი მშობელი ერისთვის შავბნელ თარიღს - 25 თებერვალს, უკანასკნელად შეხვდა ძირულას პირას ძეგლი - „რკინის კომისარი“, სულ მალე მოაშორებენ იქიდან საქართველოს პირსისხლიანი მტრის (ოი, ჩვენი ბედის ირონიავ!) ქანდაკებას... და რჩება ერთი პრობლემა: რა ვუყოთ ამოდენა ბრინჯაოს მასალას?

ჯერჯერობით, ჩემი აზრით, არსებობს სამი ვარიანტი: შეიძლება პირდაპირ გორაკიდან დავაგოროთ „რკინის კომისარი“ და ჩავძიროთ ძირულაში, შეიძლება, აგრეთვე სიამოვნებით დავუთმოთ იგი ჩვენს მოძმე ერებს, რამეთუ ისინი დიდად აფასებენ სერგო ორჯონიკიძის ღვაწლს საბჭოეთის მძიმე მრეწველობისა თუ მშობელი ხალხის წინაშე და ძეგლს დიდის ამბით წამოჭიმავენ თავიანთ ქალაქებში...

და არის ერთი ვარიანტიც, ალბათ საუკეთესო: ჯართად ჩავაბაროთ „რკინის კომისრის“ რევოლუციური ფიგურა (მოგეხსენებათ, ბრინჯაო რა ძვირფასია), ამით მაინც გაუწევს იგი დახმარებას ჩვენს ჩავარდნილ მძიმე მრეწველობას...

რაც უნდათ ის უქნან, ოღონდ უბისის წმინდა ადგილებს აღარ ფარავდეს მისი მზაკვრული მზერა.