გირგვლიანის საქმეზე გამოძიება დასრულებულია, ბოკერიას საქმეზე - დაიწყო

გირგვლიანის საქმეზე გამოძიება დასრულებულია, ბოკერიას საქმეზე - დაიწყო

მთავარი პროკურატურა მომავალ კვირას რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეს გახსნილად გამოაცხადებს. For.ge-ს ხელთ არსებული ინფორმაციით, გახმაურებულ საქმეებზე გამოძიება უკვე დასრულებულია და ახლა პროკურატურა ამ საქმეების რიგითობაზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი საქმე, ოქროყანის სასაფლაოზე ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ მოკლული, სანდრო გირგვლიანის საქმეა.

კბილაშვილის უწყებაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია არჩილ კბილაშვილის უწყება მომავალ კვირას გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებს გახსნილად გამოაცხადებს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე გამოძიება დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს.

„ამ დღეებში ძალიან ბევრი საქმე გააქტიურდება. გამოძიება ბევრ საქმეზე ძალიან აქტიური ტემპით მიმდინარეობს, რამდენადაც ამ საქმეებზე საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია და არ გამოვრიცხავ, რომ განსაკუთრებით საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე გამოძიება დაჩქარდეს,“ - აცხადება ეკა ბესელია.

პარალელურად პროკურატურამ ახალი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას. ეს ინფორმაცია for.ge-ს მთავარ პროკურატურაში ოფიციალურად დაუდასტურეს. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მიმდინარეობს ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც უკავშირდება საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების საკითხს.

გიგა ბოკერია მის უწყებაში საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლების შესვლას პრემიერ მინისტრის დაინტერესებას უკავშირებს. ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ვაშინგტონ პოსტის“ კრიტიკულ სტატიაზე გაბრაზდა და განაცხადა, რომ მისთვის ცნობილი იყო ვინ იდგა ამის უკან. მისივე მტკიცებით, პრემიერმა აღნიშნულის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებით შეკვეთა ქვეყნის უშიშროების საბჭოს დააბრალა და იქვე ამ უწყების ფინანსური ხარჯების შესწავლა დაანონსა.

„ეს პროცესი ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყო და ნიშანდობლივია, როგორ დაიწყო. შეშფოთების საფუძველი არა ამის ანატომია და გამოძიებაა, არამედ პრემიერის განცხადებაა.

„ვაშინგტონ პოსტის“ კრიტიკულ სტატიაზე გაბრაზდა და განაცხადა, რომ იცოდა ვინ იდგა ამის უკან. მაშინ მან დაასახელა ბოკერიას უწყება და მისი კონსულტანტები და იქვე დაგვემუქრა, რომ საზოგადოებას გამოძიების შემდეგ უჩვენებდა ყველაფერს.

პრობლემა ამის გამოძიება კი არაა, პრობლემა დამოკიდებულებაა. პრემიერმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ გამოძიებების დასრულება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოვიქცევით, როგორი რიტორიკა გვექნება. ის ამბობს, რომ თუ შემაწუხებთ პოლიტუკურად, მაშინ დაგიჭერთო,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პასუხობს, რომლის განცხადებით, გამომდინარე იქიდან როგორც ხდებოდა უშიშროების საბჭოში თანხების განკარგვა, არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღეებში გიგა ბოკერია დაიკითხოს.

„უნდა შემოწმდეს უშიშროების საბჭოს საქმიანობა, როგორ ხდებოდა თანხების განკარგვა, ისევე როგორც სხვა უწყებების. ასეთია რამდენიმე უწყება, რომელიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა და ბუნებრივია, გამოძიების ინტერესის ქვეშ მათი მოქცევა, სრულიად ნორმალურია.

ძალიან ბევრი საჩივარია შემოსული და ბუნებრივია ამ ყველაფერს ჭირდება რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ ბოკერია იქნება ეს თუ რომელიმე სხვა, თუ კი კითხვები არსებობს, მზად იქნებიან გამოძიებას ამ კითხვებზე პასუხი გასცენ,“ - აცხადებს ეკა ბესელია.

როდის დაკითხავს პროკურატურა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, ჯერჯერობით უცნობია. როგორც არჩილ კბილაშვილის უწყებაში აცხადებენ, მიმდინარეობს ამ საკითხის გლობალური შესწავლა.

უშიშროების საბჭოს მდივანი განმარტავს, რომ მისი უწყების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის საკითხი საჯაროა.

„მათ აქვთ სრული ინფორმაცია. ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება ჰქონდა, მას ექნებოდა ყველა ინფორმაცია, რაც ამ უწყებაში ხდებოდა. ნაწილი ამ საკითხისა ისედაც საჯარო იყო. ვგულისხმობ კონსულტანტებს აშშ-ში და შეუძლიათ გამოიძიონ ყველაფერი. ვხვდები რა არის მათი პრეტენზია - პრიორიტეტები და მასზე დახარჯული სახსრები, ადამიანური თუ ფინანსური რესურსები, მათი აზრით არ იყო მიზნობრივი, რასაც მე ფუნდამენტურად და პოლიტიკურად არ ვეთანხმები.

არ აღიარება, ნატო-ს მიმართულება, ევროკავშირი, აშშ-თან დაახლოება და საქართველოს ინტერსების ლობირება, ამ უწყებისთვის არ უნდა ყოფილიყო პრიორიტეტული. საერთოდ აბსურდად მიმაჩნია სისხლის სამართლებლივი დევნა, მაგარამ ეს არაა ჩემი კომპეტენცია. არის პროკურატურა და ისინი იძიებენ.

პირადად მე, ეს ბუნდოვანი ბრალდებები უსაფუძვლოდ მიმაჩნია. ვნახოთ თვოთონ რა პოზიციას დაიკავებენ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ სრული უფლება, რომ გამოიძიონ, მაგრამ, პრობლემა ერთი ცალკე არებული გამოძიება კი არაა, ან ამ უწყების ან ჩემი პერსონის, არამედ, პრობლემა არის დამოკიდებულება,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

გიგა ბოკერია ლობისტური კომპანიებისთვის მილონობით ლარის გადარიცხვაში, ფინასთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თანხების ამ ნაწილს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. შესაბამისად, შემცირდა უშიშროების საბჭოს ბიუჯეტიც, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეფასდა როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ვინაიდან სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები ლობისტურ კომპანიებს ხმარედებოდა, სწორედ ამას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადაყავს, ეს მისთვის პრაქტიკულად მაშველი რგოლია. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს შეფასებაც მხოლოდ თავდაცვის ხერხია. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. პოლიტიკური მოტივი რაზედაც არის ლაპარაკი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გულისხმობს, რომ უშიშროების საბჭოში ყველაფერი წესრიგშია. და, რომ მხოლოდ პოლიტიკური ანგარისწორებაა იმის მოტივი, რომ საქმე აღიძრა, ეს არის სიცრუე და ეს მათ მშვენივრად იციან,“ - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგის განმარტებით იმისათვის, რომ პოლიტიკური მოტივი გამოირიცხოს, პროკურატურამ ქმედითუნარიანობა უნდა გამოავლინოს სხვა სისხლის სამართლის საქმეებში.

„მაგრამ, იმისთვის, რომ უმცირესობის ამ განცხადებებმა არ იქონიოს გავლენა მოსახლეობაზე და მოსახლეობამაც არ იფიქროს, რომ აქ პოლიტიკური მოტივებია, ამისათვის ცოტა მეტი ქმედუნარიანობა უნდა გამოავლინოს პროკურატურამ სხვა საქმეებში. ჟურნალისტური გამოძიებებიდან ჩვენ ვიცით რასაც ედავება გამოძიება უშიშროების საბჭოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჟურნალიტური გამოძიებები, ისევე როგორც სახალხო დამცველის გამოძიებები, დღეს გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე პროკურატურის გამოძიება,“ - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

გამოძიების მხრიდან უშიშროების საბჭოს საქმიანობის შესწავლას, პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს, ექსპერტი ნიკა  ჩიტიძე, რომლის განცხადებით, ლობისტური ლომპანიების დაქირავება, აპრობირებული მეთოდია მთელს მსოფლიოში.

„მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები იგივე აშშ-ში იყენებენ გარკვეულ ლობისტებს თავიანთი საგარეო პოლიტიკური მიზნების განსახოცრცელებლად. ჩვენ ვიცით როგორ მუშაობს სომხური და ებრაული ლობი. აქიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ გარკვეული ლობისტური ჯგუფები მუშაობდნენ საქართველოზე, რომ კონკრეტული ლობირება მოეხდინა თავის საგარეო პოლიტიკის, რომელიც ეხებოდა არაღიარების პოლიტიკას, ბუბებრივია, ამ შემთხვევაში კეთდებოდა კონკრეტული საქმე. ეს არის მიზეზი თუ რატომ შეიძლება გადარიცხულიყო თანხები ლობისტურ კომპანიებზე, ეს მსოფლიო პრატქიკაში მიღებულია. ლობისტური კომპანიების საქმიანობა დადებითად აისახებოდა მის ეროვნულ ინტერესებზე,“ - აცხადებს ჩიტიძე.

მისივე განცხადებით, გიგა ბოკერია წამყვანი ფიგურაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ და შესაბამისად, არაა გამორიცხული პროკურატურის ქმედება იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყოს, რომელსაც დღევანდელი ხელიუფლება ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ აწარმოებს.

„ჯობია გამოიძიონ სხვა საქმეები. იგივე მათი გუნდის წევრები რომ ჩადიოდნენ რუსეთში და ხვდებოდნენ ოკუპანტი სახელმწიფოს პოლიტიკურ მოღვაწეებს. საქმე გვაქვს შერჩევითი სამართალთან. როდესაც, ერთი მხრივ შეიძლება ბოკერიას წინააღმდეგ აღიძრას საქმე იმაზე, რომ ქირაობდა გარკვეულ ლობისტურ ჯგუფებს, რომ ორი ისტორიული რეგიონის არაღიარების პოლიტიკა გაგრძელებულიყო, მეორე მხრივ, რატომ არ ინტერსედება იმ საკითხებით გამოძიება, როდესაც ვიღაცეები მოსკოვიდან ფინანსდებოდნენ და გარკვეულ თანხებთან ერთად მხარდაჭერას იღებდნენ?

ეს არის სწორედ შერჩევითი სამართალი, როდესაც ეკითხებიან ბოკერიას და არ ეკითხებიან ბურჯანაძეს, არ ეკითხებიან კობა დავითაშვილს. ბიუჯეტის თანხების განკარგვის გარდა, სხვა სისხლის სამართლის საქმეც არსებობს, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკას ეხება,“ - აღნიშნა ნიკა  ჩიტიძემ.