ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს

ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს. ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი წერს.

ჯოკოვიჩი გადის კონსულტაციებს იურისტებთან, რათა სასტიკი მოპყრობისთვის ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს. ჩოგბურთელისა და მისი ოჯახის აზრით, მას ცუდად ექცეოდნენ მელბურნში, საკარანტინო სივრცეში, სადაც ჯოკოვიჩი ვიზის პირველი გაუქმების შემდეგ მოათავსეს.

ჩოგბურთელი გეგმავს, კომპენსაციის სახით 3,2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვოს. ამ თანხაში შედის საპრიზო 2,3 მილიონი გირვანქა, რომელიც სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის შემთხვევაში შეიძლება მიეღო.

16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია.