„პოროშენკოს აზრადაც არ მოსვლია, უკრაინის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, ან ტრაილერით უკანონოდ გადაელახა ქვეყნის საზღვარი და საკუთარ სამშობლოში ისე დაბრუნებულიყო“

„პოროშენკოს აზრადაც არ მოსვლია, უკრაინის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, ან ტრაილერით უკანონოდ გადაელახა ქვეყნის საზღვარი და საკუთარ სამშობლოში ისე დაბრუნებულიყო“

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კიევში ჩაფრინდა და მართლმსაჯულების წინაშე საკუთარი ინიციატივით წარდგა. იგი ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. პეტრო პოროშენკოს ამ ნაბიჯმა მიხეილ სააკაშვილთან გარკვეული ასოციაცია გააჩინა, თუმცა ბუნებრივია, არა პოზიტიური.

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტისგან განსხვავებით, სააკაშვილი სამშობლოში მალულად, განუბაჟებელი ტვირთივით და არეულობის მოსაწყობად შემოიპარა. განსხვავება თვალსაჩინოა - for.ge-თან ორი ქვეყნის პრეზიდენტის საკუთარ სამშობლოში დაბრუნების პარალელები ანალიტიკოსებმა შეაფასეს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ პეტრო პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნება და სასამართლოს წინაშე წარსდგომა ღირსეული საქციელია, რასაც საქართველოს ექს-პრეზიდენტზე ვერ ამბობენ.

„ძალიან სამარცხვინოა, რომ ქართველი ადამიანი, რომელიც უკრაინელებისთვის ერთ-ერთ ვაჟკაცურ პიროვნებად ითვლებოდა, გადაწყვიტა არაჟნებში დამალული საკუთარ ქვეყანაში შემოპარულიყო, რომელიც ასევე ჩემი ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი იყო.

რაც შეეხება პეტრო პოროშენკოს, ის უკრაინაში ვაჟკაცურად ჩავიდა და თუ დასაჭერი ვარ, დამიჭირეთო. ერთ მხარეს კურდღელი სააკაშვილია, მეორე მხარეს კი ადამიანია, რომელსაც ციხე ემუქრება, მაგრამ ციხეს არ შეუშინდა. სააკაშვილი ანალოგიურად რომ მოქცეულიყო, ჩემთვის ეს ბევრად უფრო მისაღები იქნებოდა და უფრო დავაფასებდი. არაჟნებში დამალული კურდღელი მთავარსარდალი რომ ჰყავდა ქვეყანას, ეს არის სირცხვილი. მან მსოფლიოს დაანახა თუ როგორი პრეზიდენტი გვყავდა. მისი მმართველობის პერიოდი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შავი ლაქაა“, - განუცხადა ანალიტიკოსმა ირაკლი ლატარიამ for.ge-ს.

„პეტრო პოროშენკო პოლიტიკოსს წარმოადგენს, ამ სიტყვის პირდაპირი და შინაარსობრივი დატვირთვით, ხოლო მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს სულთანს, დიქტატორს, რომლისგანაც პოლიტიკოსი ვერ ჩამოყალიბდა“, - ასე ავლებს პარალელს ორი პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებუნებაზე და სასამართლოს წინაშე წარსდგომაზე ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით:პოლიტიკოსობა არის ისეთი მდგომარეობა, რომელიც თვალსაჩინოდ ავლენს ლიდერისთვის დამახასიათებელ თვისებებს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ქვეყნის სათავეშია ან პარტიის, ან ოპოზიციის სათავეშია, არამედ მაშინაც, როდესაც მას უწევს დაშვებული შეცდომებზე პასუხისგება საკუთარი და ქვეყნის წინაშე.

პეტრო პოროშენკო ბოლო ერთი თვე ევროპა იმყოფებოდა. მას დაუსწრებლად სახელმწიფოს ღალატის მუხლით ბრალი წაუყენეს. მას თავში აზრადაც კი არ მოსვლია, რომ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა, ან ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის თავშესაფრის მიზნით მიემართა. არც საკუთარი კანდიდატურა შეუთავაზებია რომელიმე ქვეყნის სამთავრებო სტურქტურისთვის მაღალი თანამდებობაზე დასაქმების კუთხით. პოროშენკოს აზრად არ მოსვლია ცისტერნით ან ტრაილერით უკანონოდ გადაელახა ქვეყნის საზღვარი და საკუთარ სამშობლოში ისე დაბრუნებულიყო. ადამიანს აზრად არ მოუვიდა გაექცეს მართლმსაჯულებას, გაექცეს სასამართლოს განჩინებას. ის უკრაინაში ჩვეულებრივი ავიარეისით დაბრუნდა. ყველა სასაზღვრო პროცესი გაიარა და საკუთარი ფეხით სასამართლოში წაბრძანდა. მგზავრობის მიუხედავად, გვიანობამდე სასამართლო პროცესს დაესწრო, რომელსაც მისი აღკვეთი ღონისძიებაზე უნდა ემსჯელა. ის თავის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, მაგრამ თავისი ქცევის თითოეულ ნაბიჯი ადასტურებს, რომ ის პატივს სცემს სახელმწიფოს, კონსტუტიციას, კანონს, სასამართლოს და ამორჩეველს, რომელიც მას აკვირდება თუ როგორ იქცევა განსაცდელის ჟამს, რადგან მას პოლიტიკაში დაბრუნების პრეტენზია გააჩნია. მთელი ამ ქეისით პეტრო პოროშენკო, რა თქმა უნდა, იმსახურებს პატივისცემას, როგორც პოლიტიკოსი და როგორც პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოროროშენკოს პარტია ყველა ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით ლიდერია“.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ პოროშენკოს დააკავებენ, მისი პარტიის წევრები და ამომრჩევლები, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მხარდამჭერების მსგავსად აქციებს გამართავენ თუ არა, დავით ქართველიშვილი ასე გვპასუხობს: „ამაზე მსჯელობა ცოტა ნაადრევია. თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისას ისიც უდა გავითვალისწინოთ, რომ სამწუხაროდ, უკარაინა ევროპულ პოლიტიკურ სივრცეში ასოცირდება, როგორც ორი შემდგარი მაიდანის ქვეყანა. თუმცა, უკრაინელ ხალხს ისიც ძალიან კარგად ახსოვს, რომ არც ერთ შემდგარ მაიდანს არ მოუტანია მათი ქვეყნისთვის რაღაცა პოლიტიკური სარგებელი. პირიქით, 2014 წლის თებერვლის მოვლენებს, სადაც სააკაშვილმა ერთ-ერთი აქტიური და გადამწყვეტი მონაწილეობა მიიღო, მოქმედი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაძევება მოჰყვა. ასევე მოხდა უკრაინის მნიშვნელოვანი ნაწილის ანექსია, რასაც ყირიმის დაკარგვა ჰქვია. დღეს უკრაინას უმძიმესი სიტუაცია აქვს, ვგულისხმობ დომბასს. უკრაინელ ამომრჩეველს ეს ფაქტიც მხედველობაში აქვს, რადგან ხვდებიან, რომ მაიდანის ტიპის აქციები პოროშენკოს ხვედრს ვერ შეამსუბუქებს და პირიქით შეიძლება აქციებით უდიდეს საფრთხეში ჩააგდონ საკუთარი ქვეყანა. არ მგონია, პოროშენკომაც საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდოს, რომ რადიკალურ ზომებს მიმართონ“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ პოროშენკო უკრაინაში იმიტომ დაბრუნდა, რომ სასამართლოს იმედი აქვს.

„პოროშენკოსა და სააკაშვილს შორის განსხვავებული ვითარებაა. პეტრო პოროშენკო უკრაინაში ჩავიდა, რადგან მას სასამართლოს გადაწყვეტილების იმედი აქვს. საქართველოსგან განსხვავებით უკრაინაში სასამართლო შედარებით თავისუფალია. აქედან გამომდინარე, პოროშენკოს იმედი აქვს და გამარჯვებაში დარწმუნებულია. თუმცა, მისი დაბრუნება პოლიტიკური ბრძოლაც არის. მისი სურვილია პოლიტიკაში დაბრუნება. გვახსოვს ის საპრეზიდენტო არჩევნებში ზელენსკისთან დამარცხდა. უკრაინაში პანდემიის ფონზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა და ამის ფონზე ზელენსკის რეიტინგი დაეცა და შესაძლოა, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პოროშენკომ გაიმარჯვოს. ამიტომ, მისი დაკავების შემთხვევაში აქციების გამართვა გამორიცხული არ არის“, - გვითხრა ანალიტიკოსმა.