გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია: წამლების გაიაფება, წესით, მალე უნდა დაიწყოს

გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია: წამლების გაიაფება, წესით, მალე უნდა დაიწყოს

17 იანვრიდან საქართველოში თურქეთის ფარმაცევტული მარეგულირებლის მიერ აღიარებული ფარმაცევტული პროდუქციის ავტომატური აღიარება მოხდება. შესაბამისი დადგენილება მთავრობამ უკვე აამოქმედა. თურქეთის „ბაზრის გახსნა“ სწორედ ამ ცვლილების გატარებას გულისხმობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 17 იანვარს „გაიხსნა“ თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის, თუმცა დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. პრემიერის ინფორმაციით, შესაბამის განკარგულებას უკვე მოეწერა ხელი. ამასთანავე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტებს საქართველოში.

ხელისუფლება ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, პირველ ეტაპზე, 200-მდე დასახელების მედიკამენტზე შეამცირებს ფასს, შემდეგ კი ნუსხა გაფართოვდება. თურქეთის ბაზრის „გახსნა“ კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის შესწავლისას გამოკვეთილი ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი აღნიშნავს, რომ ამიერიდან თურქეთიდან ნებისმიერი მედიკამენტის იმპორტი ხდება შესაძლებელი. ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს, რომ წამლებზე ფასნამატი ხანდახან 1000%-საც აღწევს.

„რამდენიმე თვის წინ, პრემიერის დავალებით, კონკურენციის სააგენტოს დაევალა ბაზრის მოკვლევა, ყველა იმ ნიუანსის გავლა, რაც შეიძლებოდა მედიკამენტების ფასების შემცირების მიმართულებით გაგვერკვია. პირველი ეტაპი, რაც ამ კვლევის გაცნობის შემდეგ სასწრაფოდ გასაკეთებლად ჩაითვალა, გახლავთ თურქეთის ბაზრის გახსნა. დაახლოებით 200 მედიკამენტია სხვადასხვა მიდგომით შესწავლილი, რომლებიც, მაგალითად, თურქეთში ღირს 5 ლარი დაჩვენთან - 10-ჯერ მეტი. ზოგიერთ მედიკამენტზე მარჟები ადის 1000%-მდე. ყველამ ვიცით, რომ ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილს ჩანთებით გადმოაქვს მედიკამენტები, ზოგიერთი სხვებს აბარებს თურქეთში, სწორედ ფასების გამო.

პრემიერის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით მედიკამენტების შემოტანას შეუწყობს ხელს, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე ხარჯს გაუიაფებს. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ და სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდან წამლების ხარისხისა და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმებისა და კონტროლის კუთხით. ჩვენ სრულად პასუხისმგებელნი ვართ, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები კონკურენტული ფასებით“, - თქვა მინისტრმა.

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის თქმით, თუ როგორ უნდა ხდებოდეს თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, ამის აღსრულების მექანიზმი ჯანდაცვის სამინისტროს აქვს. სააგენტომ მთავრობაში, პარლამენტსა და სხვა უწყებებში წარადგინა რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი. ამ მიზნით მათი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ქვეყანაში ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტის დანერგვა.

„ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით, ქვეყანაში უნდა არსებობდეს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტი, რითაც ერთი და იმავე დანიშნულებისა და ფასებით განსხვავებულ მედიკამენტებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა ასევე, მედიკამენტის ხარისხის სტანდარტის შემოღება როგორც იმპორტის, ასევე ადგილობრივი წარმოების დონეზე. ამის შესაბამისი ინსტრუქციები და აღსრულების მექანიზმები არსებობს და ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რათა საქართველოს ბაზარზე იყოს მხოლოდ ხარისხიანი მედიკამენტი და იაფფასიანი მედიკამენტი უხარისხო მედიკამენტს არ ნიშნავდეს“, - განაცხადა ლექვინაძემ.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი მარგველაშვილი კი „ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტომ დასკვნა ასოციაციასთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა და მიზნად ისახავს ბაზარზე არსებული რისკების შემცირებას.

„არსებობს რესურსი, წამლის ფასმა მყისიერად დაიკლოს. რამდენიმე ასპექტი უნდა გამოიყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ არის ფასნამატები. ამის შესაცვლელად შეიძლება გაკეთდეს ფასდერეგულაცია საბითუმო და საცალო ბაზარს შორის. ჩვენი მიზანი ის კი არ არის, კონკრეტული მედიკამენტის ფასმა დაიწიოს, ჩვენ ნაკლები მედიკამენტი უნდა დაგვჭირდეს.

ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს. ყველაზე სწრაფი მეთოდია, ფასნამატებზე რეგულაცია, ურთიერთობის დარეგულირება სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ სექტორს შორის. მერწმუნეთ, ეს არ არის რთული. ბევრად რთულია ჰოლდინგური კომპანიების დაშლა, რომლის ალტერნატივაც ახლა ბაზარზე არ გვაქვს.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაშიც წერია, რომ მსხვილქსელურ კომპანიებს, რომლებიც ასეთ ჰოლდინგებში შედიან, ფასნამატი, დაახლოებით, 15-26% აქვთ, მაშინ, როცა ნაკლები ზომის კომპანიებს 200-1000% აქვთ ფასნამატი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამდენად, თურქეთი შეემატა იმ 36 ქვეყანას, საიდანაც ფარმაცევტული პროდუქცია აღიარებითი რეჟიმით შემოვა. მედიკამენტების აღიარების წესი მთავრობამ 2009 წელს მიიღო, სიაში ეტაპობრივად ახალი ქვეყნები ემატებოდნენ და ის ამჟამად 20-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს:

ევროპის წამლების სააგენტო;

ამერიკის შეერთებული შტატები;

ავსტრალიის თანამეგობრობა;

ავსტრიის რესპუბლიკა;

ახალი ზელანდია;

ბელგიის სამეფო;

ბულგარეთის რესპუბლიკა;

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;

დანიის სამეფო;

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;

ესტონეთის რესპუბლიკა;

ესპანეთის სამეფო;

ირლანდია;

იტალიის რესპუბლიკა;

იაპონია;

ისლანდიის რესპუბლიკა;

კანადა;

კვიპროსის რესპუბლიკა;

კორეის რესპუბლიკა;

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო;

ლატვიის რესპუბლიკა;

ლიტვის რესპუბლიკა;

მალტის რესპუბლიკა;

ნორვეგიის სამეფო;

ნიდერლანდების სამეფო;

პორტუგალიის რესპუბლიკა;

პოლონეთის რესპუბლიკა;

რუმინეთი;

საფრანგეთის რესპუბლიკა;

საბერძნეთის რესპუბლიკა;

სლოვენიის რესპუბლიკა;

სლოვაკეთის რესპუბლიკა;

უნგრეთის რესპუბლიკა;

ფინეთის რესპუბლიკა;

შვედეთის სამეფო;

შვეიცარიის კონფედერაცია;

ჩეხეთის რესპუბლიკა;

თურქეთის რესპუბლიკა.