დუტა სხირტლაძემ სასამართლო პროცესი წააგო

დუტა სხირტლაძემ სასამართლო პროცესი წააგო

თელავის რაიონულ სასამართლოში თელავის თეატრის მმართველმა დუტა სხირტლაძემ პროცესი წააგო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა თეატრის კაპელდინერების საჩივარი დააკმაყოფილა და თეატრის ხელმძღვანელს სახელფასო დავალიანების სრულად გადახდა დააკისრა 2 604 ლარის ოდენობით.

სასამართლო პროცესზე თელავის თეატრის წარმომადგენელი ვახო მოსიაშვილი არ გამოცხადდა, რის გამოც სასამართლო სხდომა 10 წუთში დასრულდა.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამართლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. თეატრს დაეკისროს სამივე თანამშრომლისთვის ერთად 2 604 ლარის გადახდა. მხარეებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ," - განაცხადა მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილმა.

იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა თელავის თეატრი რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას, კახეთის საინფორმაცო ცენტრი თეატრის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ვახო მოსიაშვილის თქმით, თეატრი ამ გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიჩნევს და გასაჩივრებას არ გეგმავს.

„სასამართლოზე იმიტომ არ გამოვცხადდი, რომ თეატრის თანამშრომლების სახელფასო დავალიანება დავის საგანი არ არის და შესაბამისად, თეატრს დაცვა არ სჭირდებოდა. ჩვენც ვიცით, რომ სახელფასო დავალიანება დასაფარი გვაქვს და უახლოეს 2 კვირაში თეატრი ამ დავალიანებას დაფარავს," - განაცხადა მოსიაშვილმა.

თელავის თეატრს სულ 6 კაპელდინერის სახელფასო დავალიანება აქვს, თუმცა სასამართლოში მხოლოდ სამმა იჩივლა. ვახო მოსიაშვილის თქმით, თეატრი შეეცდება იმ კაპელდინერების დავალიანებაც 2 კვირის ვადაში დაფაროს, ვისაც სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

შეგახსენებთ, რომ ეს უკვე მეორე საქმეა, რომელიც თელავის თეატრის თანამშრომლებმა თეატრის წინააღმდეგ მოიგეს. რამდენიმე თვის წინ, თელავის თეატრის დაცვის სამსახურის ყოფილმა წევრებმა თეატრს სასამართლოში იგივე მიზეზით, სახელფასო დავლიანების დაფარვის მოთხოვნით უჩივლეს. სასამართლომ თეატრს სახელფასო დავალიანების დაფარვა დააკისრა. თეატრის წარმომადგენელი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებდა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება შეცვალა. ვახო მოსიაშვილის თქმით, თეატრმა დაცვის ყოფილი თანამშრომლების სახელფასო დავალიანება უკვე დაფარა და მათ სასარგებლოდ 2 000 ლარზე მეტი გადაიხადა.