დღეს ქვეყანის პოლიტიკურ ცხოვრებაში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხმა თითქოს, გარკვეულწილად, მნიშვნელობა დაკარგა და მისმა ფაქტორმა მეორე პლანზე გადაიწია, მიუხედავად უამრავი მცდელობისა, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ასევე სააკაშვილის ადვოკატების და თავად ყოფილი პრეზიდენტისა. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საზოგადოება დაიღალა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის შემდეგომი რეაბილიტაციის თუ მკურნალობის თემით. თუმცა, კონკრეტული მედიასაშუალებებით მაინც აქტიურად მიდის ყოფილი პრეზიდენტის ფაქტორის წინა პლანზე წამოწევის მცდელობა და ასევე, კვლავ განიხილება მისი გაყვანა საზღვარგარეთ, მკურნალობის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ გარკვეული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგი ამით არ იცვლება და „ნაცმოძრაობა“ ყველაფერს გააკეთებს თავისი ლიდერის საპატიმროდან გამოსაყვანად. ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად უამრავი მცდელობისა, მიხეილ სააკაშვილის ფაქტორის გააქტიურება რთული იქნება და მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდება, თუნდაც საპროტესტო აქციების გაგრძელდეს, რადგან ამან უკვე მუხტი დაკარგა.
საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ გამორიცხავს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, თუმცა, მას უნდა ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმას აუცილებლად მიიღებს. იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენების შედეგადაც, შედეგს ვერ მიაღწევს, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ ლიდერები შესაძლოა, კვლავ ქუჩის აქციებს დაუბრუნდნენ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის პრობლემატიკით დაიღალა და ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური წონა მნიშვნელოვნად არის დავარდნილი. როგორც ანჯაფარიძემ აღნიშნა, განსაკუთრებით უარყოფითი როლი ითამაშა ბოლო სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.
„სააკაშვილის საკითხი აქტუალური იქნება იმდენად, რამდენადაც თავად შეძლებს საკუთარი პიროვნების ირგვლივ ყურადღების მობილიზებას. ვნახეთ, რომ „ლორდთა პალატაში“ ხელათ დაიწყეს მისი საკითხის განხილვა, ინიციატივები აქვთ მათ ადვოკატებს, რომ საერთაშორისო მოსამართლეები ჩართონ საქმეში. პრაქტიკულად, ყოველ მომდევნო დღეს მიმართვებს ავრცელებს, რასაც აქტიურად ტირაჟირებს ყველა მედიასაშუალება. მედიაყურადღება მას არ აკლია, თუმცა, მეორე საკითხია, მისი პოლიტიკური წონა როგორი არის, მისი დაბრუნების შემდეგ.
მისი პოლიტიკური წონა მნიშვნელოვნად არის დავარდნილი, განსაკუთრებით სასამართლო პროცესებზე მისი სკანდალური გამოსვლების შემდეგ. ამ მხრივ ნიშანდობლივი იყო ბოლო სასამართლო პროცესი, სადაც მის მიერ გამოთქმულმა მოსაზრებებმა, მისი აქტიური მომხრეების გულისწყრომაც კი გამოიწვია, განსაკუთრებით ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით გაკეთებულმა რემარკებმა. მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ მისი სახელი არ ჩამოვიდეს მედია სივრციდან, პროვოკაციაზეც კი წავა იმისათვის, რომ ყურადღების ცენტრში იყოს. საზოგადოება უკვე დაიღალა სააკაშვილის პრობლემატიკით, ისმენს ერთი და იგივე მესიჯებს, რომელიც მისგან მოდის“, - განაცხადა ანჯაფარიძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებსა და შემდგომ ნაბიჯებს, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეეცდება მოუგვარებელ სოციალურ პრობლემებზე სპეკულირებით შეძლოს საპროტესტო ელექტორატის მობილიზება.
„ახლა ოპოზიცია ძირითადად ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ ხელისუფლება გამოიჭიროს მოუგვარებელ სოციალურ პრობლემებზე და სოციალურ პრობლემატიკაზე სპეკულირებით შეძლოს საპროტესტო ელექტორატის მობილიზება, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებში. ოპოზიცია ამ კუთხით იქნება აქტიური, მაგრამ აქ არის მეორე საკითხი, აუბამს თუ არა მას მხარს დანარჩენი ოპოზიცია თუ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ იქნება მარტოსული მებრძოლი? - ეს, ალბათ, მალე გამოჩნდება. ვნახავთ, ისინი შევლენ თუ არა პარლამენტში, ეს იქნება გარკვეული ინდიკატორი, თუ რას გააკეთებენ სამომავლოდ.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოაგროვებენ თუ არა ისინი საჭირო 50 ხმას იმისათვის, რომ შექმნან საგამოძებო კომისია. „ნაცმოძრაობაში“ ამაზე აზრები გაყოფილია. ერთი ჯგუფი ემხრობა იმას, რომ იყვნენ პარლამენტში, მაგრამ არ დაივიწყონ ქუჩა, მაგრამ მეორე, უფრო რადიკალური ფრთა მიიჩნევს, რომ ისინი არ უნდა იყვნენ პარლამენტში. რომლის მოსაზრება გაიმარჯვებს, ვნახოთ. ბევრი იქნება დამოკიდებული სააკაშვილისგან რა დერექტივას მიიღებენ“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ“ უნდა გამოიყენოს ბრძოლის იარაღად, როგორც პარლამენტი, ასევე ქუჩის საპროტესტო აქციებიც. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ალბათ საკანონმდებლო ორგანოში შევა, რადგან მათ მიზანს საგამოძიებო კომისიის შექმნა წარმოადგენს.
„ოპოზიციის გეგმებს გაგრძელება ექნება, თუმცა, ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ იქნება დღის წესრიგში, არამედ სხვა საკითხებიც, გარკვეული მოთხოვნები ხელისუფლების მიმართ, მათ შორის პარლამენტის შიგნით და მის გარეთაც. ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აპირებს, რომ გააგრძელოს საქმიანობა პარლამენტის შიგნით.
არსებობს ინტერესი მიხეილ სააკაშვილის საკითხის მიმართ და ასევე, სხვა საკითხებსაც ექცევა მნიშვნელოვანი ყურადღება. ის სტატუს-კვო, რომელიც დღეს არსებობს, შენარჩუნებული იქნება. ჯერჯერობით, რაიმე რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ ამ ვითარებაში. მოგეხსენებათ, პარტიის შიგნით უკვე მოხდა ცვლილებები, მაგრამ სამოქმედო ტაქტიკა დარჩება იგივე, - პარლამენტის შიგნით წინააღმდეგობის გაწევა და ხანდახან, დემონსტრაციული გამოსვლებიც. „ნაცმოძრაობა“, ალბათ, შევა პარლამენტში, რადგან მათი მიზანი არის საგამოძიებო კომისიის შექმნა და ამისთვის ოპოზიციის უმრავლესობა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.