სააკაშვილი და რუსი გოგონები

სააკაშვილი და რუსი გოგონები

შუაღამისას ორი ნახევრად გახდილი, შემაშფოთებლად მაღალ ქუსლებზე შემხტარი გრძელფეხა რუსი ქალი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რეზიდენციაში შეიჭრა.

გვიანი იყო, მაგრამ თვალისმომჭრელად თეთრ მინიკაბებში გამოწყობილ ქერა და შავგვრემან ქალბატონებს საქართველოს ლიდერისთვის რთული კითხვები ჰქონდათ მომზადებული და უპასუხოდ წასვლას არ აპირებდნენ.

ეს პირველი შემთხვევა იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც სააკაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსეთის მედიასაშუალებას (არც მეტი, არც ნაკლები, ჟურნალ GQ-ს რუსულენოვან ვერსიას) მისცა და ორმა მედიადივამ, ქსენია სობჩაკმა და ქსენია სოკოლოვამ ამ შანსის მაქსიმალურად გამოყენება გადაწყვიტეს.

რატომ ხართ პროვოკაციული რუსეთის მიმართ? რატომ ღეჭავდით ჰალსტუხს? რას ფიქრობთ სარკოზი-მედვედევის შეთანხმებაზე?

მაგრამ ალბათ ორი ქსენიას მიერ GQ-ისთვის  დაწერილმა სტატიამ იმედი გაუცრუა იმ რუს მკითხველებს, რომლებიც გრანდიოზული ბოროტებისა და სიგიჟის ამბავს ელოდნენ.

საქართველოს საპრეზიდენტო სასახლეში ბაკიბუკის შემდეგ ორი მედიადამპყრობელი სააკაშვილთან ერთად თვითმფრინავით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საჩვენებელ ქალაქ ბათუმში გაფრინდა. ქალაქის ბნელ ქუჩაში გოგონები იმაზე მსჯელობდნენ, თუ პირველად რომელს გადაითრევდა ბუჩქებში რუსული მედიის მიერ გამოუსწორებელ მექალთანედ აღიარებული სააკაშვილი.

ამის საპირისპიროდ მოვლენები პროზაულად განვითარდა: დაათვალიერეს შადრევნები, იყვნენ საცეკვაო კლუბებსა და იმ ქალაქის სანაპირო ბულვარზე, რომლის გადაქცევასაც სააკაშვილი კავკასიის ბარსელონად აპირებს.

მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოვლენები ისეთი პროვოკაციული სცენარით არ განვითარდა, როგორსაც ელოდნენ, როგორც ჩანს, სობჩაკმა სიტუაციის დაძაბვა გადაწყვიტა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის (სააკაშვილის საძულველი ფიგურა) პორტრეტიანი მაისური ჩაიცვა.

ამ ნაბიჯს პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელთა პროტესტი მოჰყვა, თუმცა მხოლოდ ასეთი შენიშვნის სახით: - „როგორ მაისურს ჩაიცვამთ, ეს თქვენი გემოვნების საქმეა, თუმცა თავისუფალ ქვეყანაში ასეთი საკითხის გადაწყვეტა თავად შეგიძლიათ".

მოგვიანებით, ქსენია სოკოლოვა სატელევიზიო ინტერვიუში რუსული „ახალი ამბების“ წამყვანებთან სააკაშვილს იცავდა კიდეც.

ეს საქართველოს პიარგამარჯვებაა?