სატენდერო კომისიის შეხვედრა

სატენდერო კომისიის შეხვედრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან სატენდერო კომისიის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ, სატენდერო კომისიის წევრებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი უზრუნველყოფის ტენდერის შესახებ იმსჯელეს. თავდაცვის უწყებამ სამხედრო მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფის, სასადილოებისა და კვების საწარმოების მომსახურების შესყიდვების ღია ელექტრონული ტენდერი 2013 წელის 18 თებერვალს გამოაცხადა და ამჟამად, სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის პროცესი მიმდინარეობს.

შეხვედრაზე სატენდერო კომისიის წევრებმა ტენდერში მონაწილე კომპანიების - შპს „ფუდ ლაინ ჯორჯიასა“ და შპს „GMM“ მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული დოკუმენტაცია განიხილეს. განხილვის შედეგად, ორივე კომპანია სატენდერო პროცედურებიდან დაზუსტებული დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო დისკვალიფიცირებულია. სატენდერო კომისია შემდგომი ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტებს მიმართავს.

სატენდერო კომისიის წევრები და მოწვეული სტუმრები შპს „ელექტრო მონტაჟ სერვისის“ მიერ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განმხილველ საბჭოში შეტანილ საჩივარსაც შეეხნენ.
კომისიამ შპს „ჯი თი აი“-ის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და მისი სატენდერო კომისიის პირობებთან შესაბამისობაც განიხილა და ჯარისკაცის მშრალი კვების რაციონის ნიმუშის წარმოსადგენად ათდღიანი ვადა მისცა.

კომისიამ ასევე, დაამტკიცა 4 ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია, რომელთა შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდებზე 2 მაისამდე აიტვირთება.

როგორც მინისტრის მოადგილემ ზაზა ბროლაძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ სატენდერო კომისიის სხდომას დაესწრონ, რაც სამინისტროს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო აამაღლოს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამჭვირვალობისა და საჯაროობის დონე.