"როგორც ჩანს პრემიერ-მინისტრი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას..."

გიორგი ბარამიძე შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს. როგორც თავად ამბობს, „ნაციონალური მოძრაობის’ საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევ პრაიმერში თავისი კანდიდატურის დაყენებას ფიქრობს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. რას პასუხობს პრემიერ მინისტრს და რატომ თვლის, რომ ლაფნყურის სპეცოპერაციის გამოძიება ქვეყნის საგარეო კურს დააზარალებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს ესაუბრა.

ბატონო გიორგი, საბოლოო გადაწყვეტილებაა, თქვენ იქნებით „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი?

გიორგი ბარამიძე: ჩემს კოლეგებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეიდან მოვახსენე, როგორ ვფიქრობთ ჩავატაროთ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის შესარჩევი პროცესი ჩვენი პარტიის მხრიდან. ისიც ვუთხარი, რომ მე ვფიქრობ კანდიდატურის დაყენებას. ეს იქნება კარგი გზა, კარგი მეთოდი კანდიდატის გამოსავლენად.  პრაიმერის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელევიზიებით და ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტითაც. ეს ძალიან საინტერესო იქნება ქართული საზოგადოებისთვის და კიდევ ერთი, ერთგვარად რევოლუციური ნაბიჯი ამ სფეროში.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტების მომზადებასთან დაკავშირებით. თქვენ მიგაჩნიათ, რომ პრემიერმა არასწორი განცხადება გააკეთა?

- სამწუხაროდ, როგორც ჩანს პრემიერ მინისტრი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. აბსოლუტურ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, თუ ეს არის დაუფიქრებლად გაკეთებული განცხადება, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენს ჩვენს ქვეყანას.

თქვენ ფიქრობთ, რომ დაუფიქრებელი განცხადება გააკეთა პრემიერმა?

- თუ დაფიქრებით გააკეთა მან ეს განცხადება, მაშინ ეს შეგნებული მავნებლობაა. ნათელია, რომ ამას რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებს და ამის პირველი გამოძახილი ვნახეთ კიდევაც. კადიროვი გამოვიდა და ილაპარაკა, რომ თითქოსდა საქართველოში დღესაც მზადდება ტერორისტები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რუსეთისთვის სულ ერთია სახელი და გვარი იმ ადამიანის, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში. რუსეთისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც თავის დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.

ამიტომ, როდესაც ადამიანი არის ხელისუფლებაში, მის სიტყვას ბევრად უფრო დიდი ფასი და წონა აქვს. თუ კარგს აკეთებს, კარგი თვალსაზრისით და თუ ცუდს აკეთებს, ცუდი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე ეს მცდარი და არასწორი განცხადება, ძალიან ცუდად აისახება ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე საერთაშორისო ასპარეზზე. იქნება ეს რუსეთთან ურთიერთობები, თუ ჩვენი ურთიერთობები ნატოსა და ევროკავშირთან.

თუ გვინდა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება და ამავდროულად ვლაპარაკობთ, რომ საქართველო თურმე ყოფილა ქვეყანა, რომელიც ტერორისტებს ამზადებს და ეხმარება. მაშინ, ბუნებრივია ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე კი არ იქნება ლაპარაკი, არამედ იმაზე, როგორმე არ მოვხვდეთ ისეთი ქვეყნების ჩამონათვალში როგორის არის სომალი და თალიბანის დროინდელი ავღანეთი. დასავლეთისგან მხარდაჭერას კი არ უნდა ველოდოთ, არამედ ჩვენ წესიერად არავინ დაგველაპარაკება. ეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ასეთ უპასუხისმგებლო მოქედებებს მოყვება სწორედ ეს.

პრემიერი ამბობს, რომ ტერორისტებთან თანამშრომლობის გამო ცალკეული ჩინოვნიკების დასჯა ქვეყნის იმიჯს ვერ შელახავს. ის ამბობს, რომ არსებობს ეჭვი, რომ თანამშრომლობდნენ ტერორისტებთან, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო თანამშრომლობდა ტერორისტებთან...

- როცა სუფლიორი უდგას წინ, ან მომზადებული ტექსტია ფურცელზე დაწერილი, მაშინ როგორც წესი ნორმალური გამოსვლები აქვს. როცა სუფლიორი და ტექსტი არ აქვს, ისეთ რაღაცას ლაპარაკობს, რაც ჯობია, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ეთქვა, რაც ძალიან საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის. მივეჩვიეთ იმას, რომ მერე მისი კოლეგები, ან თვითონ გამოდის და ამბობს, რომ არა მე ასე არ მითქვამსო.

მე არ მიხარია, რომ ეს თქვა. პირიქით,  ვწუხვარ იმაზე, რომ ასეთი რაღაცა თქვა. უი მე არ მითქვამს, ასეთი რაღაცეები არ ჭრის მერე. შეიძლება საქართველოს მოსახლეობაში ვიღაცამ მიუტევოს მას, იმიტომ, რომ სიმაპათიები ჰქონდეს ამ ადამიანის მიმართ. მაგრამ, ჩვენ რუსეთი ნამდვილად არ მოგვიტევებს და ნამდვილად არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გვაპატიოს.

ანალოგიური განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმაც, მეტიც - ის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს...

- სახალხო დამცველის პოზიცია, გავლენა და მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის ერთია და პრემიერის - მეორე. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება რომ გაეკეთებინა ოპოზიციის წარმომადგენელს, თუნდაც ოპოზიციის ლიდერს, ეს გასაგებია, მაგრამ როცა ამ განცხადებას აკეთებს ქვყნის პრემიერ-მინისტრი, ესაა საგანგაშო. საქართველოს მთავრობის პირველი პირის განცხადებას მილიონჯერ უფრო მეტი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ნებისმიერი სხვისას.

ლაფანყურის სპეცოპერაციაზე მიმდინარეობს გამოძიება. საინტერესოა, რატომ კეთდება მაშინ განცხადება ტერორისტული დაჯგუფების მომზადებაზე, თუ კი ასე არაა?

- რის გაკეთებასაც ცდილობენ ახლა, ეს არის სრული მავნებლობა საქართველოს წინააღმდეგ. სრული პასუხიმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. ამ რაღაცეების წინა პლანზე წამოწევით, საბოლოო ჯამში დაზარალდება ჩვენი ქვეყანა. უნდა დაუფიქრდნენ, რა თემას ეთამაშებიან. ამიტომ ვაბობ, რომ ეს ადამიანები ძალიან არაკომპეტენტურად და უპასუხისმგებლოდ იქცევიან.  უნდა იცოდნენ მათ მოქმედებებს რა მოჰყვება საერთაშორისო ასპარეზზე, რა მოჰყვება  რუსეთ-საქართველოს კონტექსტში, რა მოჰყვება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში.

შეიძლება მათთვის ეს პოპულარული იყოს ქვეყნის შიგნით. ახლა ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი ივანიშვილმა რაც არ უნდა თქვას, ყველაფერზე დათანხმებიან და ყველაფერს მოიწინებენ. ლაპარაკია იმაზე, როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ბედზე.  ხელისუფლება უნდა აცნობიერებდეს  პასუხისმგებლობას. ამიტომ ხომ მოვიდნენ ხელისუფლებაშიმ რომ ქვეყანა მართონ. იმისთვის ხომ არ მოვიდნენ, რომ ქვეყანას ზიანი მიაყენონ. ამიტომ, მე არ ვლაპარაკობ, რომ რასაც აკეთებენ ყველაფერს ცუდს აკეთებენ. ამ კონკრეტულ საკითხზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. არ შეიძლება ყველაფერზე განზოგადება. მაგრამ, ამ კონკრეტულ საკითხს რაც შეეხება, ვითომდა საქართველოს მიერ ტერორისტების მხარდაჭერას და დაფინანსებას, ამით საქართველოს ადგება ძალიან დიდი ზიანი. ისვე, როგორც მეორე საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ასევე წამოწია პრემერ მინისტრმა საქართველო-რუსეთის ომის განხილვა. ვინ არის აგრესორი, ვინ აის მსხვერპლი და ვინ არის თავდამსხმელი.

უმრავლესობის პოზიცია არის ასეთი - ყოფილ მართველ გუნდს ამ საკითხების გამოძიება არ უნდა იმიტომ, რომ მათი დახმარებით მოხდა ამ ადამინების საქართველოში ჩამოყვანა, მათი დაბინავება და მომზადება. ამბობენ, რომ ყველა კვალი მიდის ყოფილ მართველ გუნდზე. საუბარია მიხელი სააკაშვილზე, ვანო მერაბიშვილზე და ბაჩო ახალაიაზე...

- რაღაცა ხომ უნდა თქვან. რაღაცით ხომ უნდა გაიმართლონ თავი! ებრძვიან ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს, მაგარამ ამას რა მოჰყვება მერე, ამას ვლაპარაკობ მე. თქვენ ებრძვით რა მიხეილ სააკაშვილს და ვანო მერაბიშვილს, ამით რა ზიანს აყენებთ საქართველოს, აი ეს უნდა გააცნობიეროთ.

ამიტომ არ უნდა გამოვიძიოთ ის საქმეები სადაც არსებობს კითხვის ნიშნები?

- ნებისმიერი საქმის გამოძიება შეიძლება გაკეთდეს საჯაროდაც და სხვადასხვა რეჟიმეშიც. ამას აკეთებს მთელი ცივილიზებული სამყარო სხვადასხვანაირად. მაგრამ, ისე არ აკეთებს, რომ ამან ქვეყანას ზიანი მიაყენოს ქვეყანას. თავისი გამართლება ყველაფერს შეიძლება მოუძებნო. მაგრამ, რამდენი არის გამამართლებელი და რამდენი დამაზიანებელი, ეს უნდა აწონ-დაწონო როცა ხარ სახელმწიფო მოღვაწე. თუ ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამითი გულს მოულბობს რუსეთს და ამითი მნიშვნელოვანს საქართველოსთვის სასიკეთოს მიიღებს, რბილად, რომ ვთქვათ ეს არის მიამიტობა, ეს არის დანაშაულებრივი მიამიტობა. ამიტომ არის სახიფათო გამოუცდელი და არაკომპეტემტური საქმეში ჩაუხედავი ადამიანის ქვეყნის პრემიერ მინისტრად ყოფნა.

თავდაცვის მინისტრი თვლის, რომ საქართველო არაა ის ქვეყნა, სადაც ტერორისტების გადამზადება მიმდინარეობს. თუმცა, ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები მასაც აქვს...

- ირაკლი ალასანია მეტ-ნაკლებად ერკვევა ამ საკითხებში. მიხვდა, რომ მიუხედავად იმისა კარგად იცის რამხელა ნეგატიური რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას ივანიშვილის მხრიდან, მის საწინააღმდეგოდ. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა,  ჩათვალა აუცილებლად, რომ შეეცადოს ამ განცხადების დეზავუირებას. იმიტომ, რომ ხვდება რამხელა ზიანის მომტანი და რამდენად მძიმე განცხადებაა,  ყველა თვალსაზრისით ორივე ფრონტზე. ერთი ნეგატიური ფრონტი რუსეთთან ურთიერთობა და მეორე პოზიტიური ფრონტი, ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან.  ორივე მიმართულებით კატასტროფული და ძალიან დამაზიანებელი შედეგის მქონე შეიძლება იყოს პოტენციურად.