ქართული არმიის დღე საჩვენებელი სწავლებით აღინიშნა (ვიდეო)

ქართული არმიის დღე საჩვენებელი სწავლებით აღინიშნა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში დღეს საჩვენებელი სწავლება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრნენ. მათთან ერთად ქართველი სამხედროებისთვის პროფესიული დღესასწაულის მისალოცად ვაზიანში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც იმყოფებოდნენ.

სპეციალურად მისული სტუმრებისთვის ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი საველე-ტაქტიკური სწავლება „ისარი - 013“ გაიმართა. სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ წვრთნაში საკუთარ შეიარაღებაში არსებული საბრძოლო ტექნიკითა და საქართველოში წარმოებული სამხედრო მანქანებით მიიღო მონაწილეობა. სამხედროებმა ჩასაფრების, ძებნა-გადარჩენის, საცეცხლე მომზადებისა და ძალთა გამოყვანის ამოცანები განახორციელეს.

„ისარი - 013“-ში საჰაერო ბრიგადის ესკადრილიაც იყო ჩართული, რომელმაც ოპერაციის რაიონში ახლო საჰაერო მხარდაჭერა და სპეცდანიშნულების ჯგუფების საჰაერო ინფილტრაცია განახორციელა.

საჩვენებელ სწავლებაში I საარტილერიო ბრიგადის რეაქტიული საარტილერიო ბატარეაც მონაწილეობდა, რომელიც პირობითი მოწინააღმდეგის შეყოვნებისთვის სამიზნეებზე არაპირდაპირ ცეცხლს აწარმოებდა.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წარმომადგენლებმა შეიარაღებული ძალების დღე ქართველ სამხედროებს პირადად მიულოცეს. ბიძინა ივანიშვილმა მათ საჩვენებელი სწავლებისთვის მადობა გადაუხადა და პროფესიული წარმატებები უსურვა.