ესპანურ „ვალენსიაში“ კორონავირუსი გავრცელდა და ინფიცირებულთა შორისაა ნიდერლანდელი მეკარე იასპერ სილესენიც.
Marca-ს ცნობით, ტესტის დადებითი პასუხი „ღამურების“ ხუთმა ფეხბურთელმა მიიღო - მაქსი გომესმა, ელდერ კოშტამ, დენის ჩერიშევმა, დანიელ ვასმა და იასპერ სილესენმა. ხუთივე მოთამაშეს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ეს შესაძლოა, შანსი იყოს გიორგი მამარდაშვილისთვის და სილესენი სწორედ მან შეცვალოს. ასე იყო სეზონის სტარტზე, როცა გიორგიმ ლა ლიგაში ზედიზედ 6 მატჩი ჩაატარა. თუმცა, სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია და ბოლო დროს ესპანეთის თასზეც, როცა სილესენი ისვენებდა, ხაუმე დომენეკი თამაშობდა.
„ვალენსია“ უახლოეს მატჩს ესპანეთის თასზე 16 იანვარს, „ატლეტიკო ბალეარესთან“ გამართავს, სადაც უფრო ხაუმეს გამოჩენაა მოსალოდნელი, ხოლო ლა ლიგაში 20 იანვარს „სევილიას“ უმასპინძლებს. სხვათა შორის, გიორგიმ ბოლოს სწორედ „სევილიას“ წინააღმდეგ ითამაშა.
შეგახსენებთ, ექვსი მატჩიდან მამარდაშვილმა კარი მშრალად ორჯერ შეინახა, პირველ ტურში კი ლა ლიგის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. „ღამურებმა“ 21 წლის ქართველი მეკარე 31 დეკემბერს გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმეს.