მთავრობის დატოვება სავარაუდოდ, ეკონომიკური გუნდის მინისტრს მოუწევს

მთავრობის დატოვება სავარაუდოდ, ეკონომიკური გუნდის მინისტრს მოუწევს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯერ ისევ არ აკონკრეტებს იმ მინისტრის ვინაობას, ვისთანაც გარკვეული შეკითხვები აქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უკვე აღარ აქვს იმედი, რომ ამ მინისტრთან ურთიერთობების დალაგება შიგნითვე მოხერხდება.

„თავის დროზე ყველაფერს გაიგებთ, ჩემი პოზიციით გაჩვენებთ გულწრფელობას და კითხვები, რომლებიც გვაქვს, გარეთ გამომაქვს. თუ ეს კითხვები, ღმერთმა ქნას, პოზიტიურად გადაწყდა, იმასაც მოგიყვებით, რას ეხებოდა ეს კითხვები და ვისთან იყო, ხოლო თუ უარესად გადაწყდა, ამასაც თავის დროზე გაიგებთ. მე დიდი იმედი აღარ მაქვს, რომ შიგნითვე მოვახერხებთ ყველაფერის დალაგებას“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრის განცხადებას სამთავრობო ცვლილებების შესახებ საკუთარ თავზე არ იღებენ. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ეს არ მეხება მე და იგივე იმედი აქვს სოზარ სუბარს, დანარჩენს ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მაინც ვინ უნდა იყოს ის ადამიანი ივანიშვილის მთავრობაში, რომელსაც პირველს მოუწევს მინისტრის პორტფელის დატოვება? რადგან პრემიერ-მინისტრმა ამასთან დაკავშირებით განცხადება უკვე არაერთხელ გააკეთა, სავარაუდოა, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ პრემიერმა ეს განცხადება მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის მოსინჯვისა და თავად მინისტრების გასაგონად გააკეთა. ბუნებრივია, თითოეულ მათგანს ერთხელ მაინც გაუელვებს აზრი, - ეს მე ხომ არ ვარო. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა ეს განცხადება საზოგადოებრივი განწყობის მოსასინჯად გააკეთა. მას სჩვევია ამგვარი განცხადებების გაკეთება, - შემოაგდებს რაიმე თემას და შემდეგ ამ თემის მიმართ საზოგადოების განწყობას აკვირდება. ამის მაგალითად შეგვიძლია მის მიერ სომხეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მოვიყვანო. შეგახსენებთ, სომხეთში ვიზიტის შემდეგ პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით, სომხეთი კარგი მაგალითია.

მისმა ამ განცხადებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, ნაციონალებმა მაშინვე თქვეს, რომ საქართველომ საგარეო-პოლიტიკური ორიენტირები შეიცვალა და ა.შ. მოგვიანებით ივანიშვილმა რამდენიმე განმარტება გააკეთა და საბოლოოდ ეს თემა ჩაიფარცხა. ასეთი მაგალითი შეგვიძლია კიდევ რამდენიმე მოიყვანოთ. ამიტომ შესაძლოა, მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც პრემიერმა სწორედ ამ მოტივით წამოჭრა, თუმცა რამდენად რეალურია ეს შესაძლებლობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

რაც შეეხება წარმატებულ და წარუმატებელ მინისტრებს. თითქმის ყველა სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, მინისტრებს შორის რეიტინგებში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებას (რომელსაც ივანიშვილი ენდობა და უსმენს) იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი პრეზიდენტი აფხაზებთან და ოსებთან მომლაპარაკებელი მხარე იქნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ალასანიასნაირი ფიგურა უნდა იყოს, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მიუხედავად ივანიშვილსა და ალასანიას შორის მომხდარი გარკვეული გაუგებრობისა, თავდაცვის მინისტრს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება. ასევე სავარაუდოდ არ უნდა განიხილებოდეს თეა წულუკიანის თანამდებობიდან მოხსნის საკითხი, რადგან ისიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად მიიჩნევა. მართალია რეიტინგებში არ ლიდერობს, მაგრამ პრემიერის პირადი სიმპატიით სარგებლობს განათლების მინისტრი, გიორგი მარგველაშვილი და გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატადაც კი განიხილება. ასევე პრემიერის პირადი სიმპატიით და ნდობით სარგებლობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ამასთანავე, წარმატებულ მინისტრადაც მოიაზრება.

კობა დავითაშვილის ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოსადმი არსებული პრეტენზიების მიუხედავად, პრემიერ ივანიშვილთან სტუმრობის შემდეგ დავა სერგეენკოს სასარგებლოდ გადაწყდა. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ არც სერგეენკო იქნება სუსტი რგოლი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ მის მიერ გატარებულ ჯანდაცვის რეფორმას. ასევე ერთ-ერთი რთული სფერო აბარია სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძეს, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამას წარმატებით გაართვა თავი. ამის ერთგვარ გამოძახილად შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა თბილისში ხმების მიზერული რაოდენობა მიიღო მაშინ, როდესაც რეგიონებში, ანუ სამტრედიასა და ბაღდათში მმართველი გუნდისადმი მოსახლეობის მხარდაჭერა ბევრად უფრო მაღალი აღმოჩნდა. ეს საზოგადოების განწყობის გარკვეულ ინდიკატორად შეიძლება მივიჩნიოთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ადგილებზე „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი მცდელობისა, სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებაში გარკვეული პრობლემები შექმნან, პროცესი მაინც მიმდინარეობს და სოფლის მოსახლეობაც, შეიძლება ითქვას, კმაყოფილია.

გარკვეული პარალელის გავლება შეიძლება დავით კირვალიძესა და ალასანიას შორის. კერძოდ, ირაკლი ალასანიას არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს ყველაზე რთულ რეგიონში, სამეგრელოში მოუწია, სადაც როლანდ ახალაიას და მისი შვილების გავლენის სფერო იყო. მართალია, ალასანიამ მაჟორიტარული ოლქი წააგო, მაგრამ სამეგრელოში ნაციონალების მთელი ძალები იყო გადასროლილი და არჩევნების გასაყალბებლად მძლავრი მექანიზმი მუშაობდა, როგორიც იყო ადმინისტრაციული რესურსი და ახალაიების ფაქტორი. ამიტომ, ალასანიას მიმართ პრეტენზიის გამოთქმა სამეგრელოს წაგებული არჩევნების გამო, ცოტა არ იყოს, ზედმეტია.

იგივე შეიძლება ითქვას კირვალიძეზეც, რადგან მასაც ერთ-ერთი ყველაზე რთული სფერო ერგო სამართავად. გარდა ნაციონალების მხრიდან საბოტაჟისა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სოფლის მეურნეობის რეფორმას პრობლემად ემატება დაურეგისტრირებელი მიწები და კიდევ სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ამ პროცესის ხელისშემშლელად რჩება. პარალელის გავლება ალასანიასა და კირვალიძეს შორის იმ მიმართულებითაც შეიძლება, რომ ორივე მკაფიო პროდასავლური ორიენტაციით გამოირჩევა და კულუარული ინფორმციის თანახმად, ორივეს თავად მმართველ გუნდშივე ებრძვიან.

ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პროდასავლური განწყობის ქართველ პოლიტიკოსებში ახალ დასაყრდენს ეძებდა (მას შემდეგ, რაც სააკაშვილი და მისი გუნდი გამოეცალა ხელიდან), რათა მისთვის ქვეყნის მართვის საფუძველი შეექმნა. მაშინ ასეთად ალასანია სახელდებოდა, რომელზეც შეიძლებოდა ამერიკას ფსონი დაედო, თუმცა მმართველ გუნდში გარკვეულმა ძალებმა მოახერხეს ის, რომ ადრე საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებული ირაკლი ალასანია მოგვიანებით ვახტანგ ხმალაძემ ჩაანაცვლა.

გარკვეული პრეტენზიები გადაზიდვებთან დაკავშირებით არსებობდა ფინანსთა მინისტრ, ნოდარ ხადურთან, მაგრამ ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს პრობლემები აღმოფხვრილია და ხადურისადმი მხარდაჭერა გამოხატა. ასევე მიუხედავად დარგის ექსპერტების კრიტიკისა, რომ კვალიფიკაციის პრობლემა აქვს, პრემიერ-მინისტრის დიდი სიმპატიით სარგებლობს ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე, რომელიც ასევე კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება. დარგის ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ ხოლმე, რომ კალაძე პრემიერის ფავორიტი რომ არ იყოს, შესაძლოა დიდი ხნის წინ ყოფილიყო მინისტრობიდან გათავისუფლებული. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ კალაძე მის სამინისტროში ნაციონალების დროიდან შემორჩენლი კადრების გავლენის ქვეშ იმყოფება, ან მათთან თანამშრომლობს.

რამდენიმე თვის წინ საუბარი იყო სოზარ სუბარზეც, მაგრამ სასჯელაღასრულების სისტემაში რომ დადებითი პროცესები მიდის, ეს ცალსახაა და ცხადია, რომ პატიმრებმაც ამოისუნთქეს. პრეტენზიები არ გამოთქმულა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ დავით ნარმანიასადმი. გარკვეული კითხვები იყო საგარეო საქმეთა მინისტრ, მაია ფანჯიკიძის მიმართ, რადგან ევროპასა და ამერიკაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კვლავ არასწორი წარმოდგენა აქვთ, რაც ადეკვატური ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული, თუმცა ბოლო დროს ეს ვითარებაც შეიცვალა.

გარკვეული პრობლემები კულტურის სფეროშიც არის, რაც თურქულ მხარესთან ქართული კულტურის ძეგლებთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებს უკავშირდება და შესაბამისად, კულტურის მინისტრ, გურამ ოდიშარიას მიმართაც არსებობს კითხვები.

სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება სამი მინისტრის კანდიდატურა, რომელთაგან ერთ-ერთი შეიძლება „აუთსაიდერი“ აღმოჩნდეს. ესენი არიან გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, დავით დარახველიძე და ეკონომიკური განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. არის კიდევ რამდენიმე მინისტრი, რომელზეც არც კარგს ამბობენ და არც პრეტენზიები აქვთ მათ მიმართ. ასეთია მაგალითად, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი.

რას ფიქრობენ ქართველი ექსპერტები აღნიშნულთან დაკავშირებით და მათი შეფასებით, ვინ შეიძლება იყოს მინისტრი, რომელიც „ქართული ოცნების“ მინისტრთა კაბინეტს გამოაკლდება, ამ თემაზე for.ge რამდენიმე ექსპერტს ესაუბრა.

„საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ მთავრობაში ძირითადად ყველაფერი წესრიგშია.

„მე არ ვიცი, რა ტიპის პრეტენზიებზეა საუბარი და არც იმაზე მაქვს წარმოდგენა, ვინ შეიძლება იყოს ეს მინისტრი. ასე რომ, სამწუხაროდ, ამ თემაზე ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს უჭირს ამ თემაზე საუბარი და ამბობს, რომ ვერ დაასახელებს მინისტრს, რომელსაც შეიძლება მთავრობის დატოვება მოუწიოს. სამაგიეროდ, ექსპერტი ასახელებს იმ მინისტრებს, რომლებსაც სავარაუდოდ, ეს არ ემუქრება.

„ჩემი აზრით, მთავრობიდან წასვლა არ მოუწევთ მარგველაშვილს, კალაძეს, ხადურს, კვირიკაშვილს, წულუკიანს. დარწმუნებული ვარ, ამათ არაფერი ემუქრებათ. დანარჩენების კი რა მოგახსენოთ, მათთან დაკავშირებით ასე დარწმუნებული არ ვარ“, - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ იცის იმ მინისტრის ვინაობა, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც განიხილება, მაგრამ ფიქრობს, რომ შესაძლოა, ეს პრობლემა გუნდშივე მოგვარდეს და მინისტრმაც თანამდებობა შეინარჩუნოს. ამიტომ არეშიძე ამ მინისტრის ვინაობას არ ამხელს.

„არ მინდა, იმისათვის, რომ ჩვენი მკითხველის ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილოთ, ამ ადამიანის გვარი გავთქვა, რადგან ამ კაცს კარგიც ბევრი გაუკეთებია და ვინაიდან ეს საკითხი ჯერ განხილვის პროცესშია, არ მინდა ამ პროცესს ხელი შევუშალო“, - აცხადებს მამუკა არეშიძე და აქვე დასძენს, რომ საქმე ეხება ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთ მინისტრს.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, რომ არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც გარკვეულ სფეროში პრობლემები ყოფილა, მაგრამ ამ სფეროში მოღვაწე მინისტრის მიმართ კრიტიკა არ ყოფილა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ დღეს მეტი პრობლემები ისეთ სფეროებშია, რომლებიც ადამიანთა ბედ-იღბალს, ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო მეტად უკავშირდება.

„ვხედავთ, რომ იცვლება ეკონომიკური მდგომარეობა, მაგალითად, მაღაზიებში საქონელი შემცირდა, თან საკმაოდ დიდ სუპერმარკეტებში. ხელუხლებელია მდგომარეობა ბიზნესის მონოპოლიზაციის მიმართულებით, რაც ასევე სირთულეებს ქმნის. მნიშვნელოვნად არ დაძრულა (იმ ტემპით, როგორი ტემპითაც ეს დაიწყო) ტარიფები და საწვავის ფასები, რაც იყო საარჩევნო დაპირებაში. სირთულეები ჩანს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. ბაზრებში ისეთივე სიტუაციაა, რომ ქართული პროდუქცია ისევ არ ჩანს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, სამივე ამ სფეროს (ეკონომიკაში, ენერგეტიკაში და სოფლის მეურნეობაში) საკმაოდ აქტიური მინისტრები ჰყავს, რომლებიც ბევრის გაკეთებას ცდილობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სფეროებში პრობლემებია. თუმცა აქვე ექსპერტი დასძენს, რომ გადასაყენებელი მინისტრის თემა შესაძლოა იქიდან წარმოიშვა, რომ მისი სფერო კი არ არის პრობლემური, არამედ მას გუნდთან, ან პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაში აქვს პრობლემები და სწორედ აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს მიღებული გადაწყვეტილებაც.