რა ჯდება საკუთარი საიტის შექმნა საქართველოში

რა ჯდება საკუთარი საიტის შექმნა საქართველოში

თუ თქვენ გადაწყვეტთ ინტერნეტში საკუთარი გვერდი შექმნათ, ამისათვის, სულ მცირე 500 ლარი მაინც დაგჭირდებათ.

საიტის შესაქმნელად შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალურ კომპანიებს, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულნი. გარდა ამისა, ვებ-გვერდის შექმნა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვისაც საამისო ცოდნა გააჩნია. კომპანიების მომსახურება კერძო პირის მომსახურებასთან შედარებით გაცილებით ძვირი ღირს.

„არის ბევრი კომპანია, რომელიც აკეთებს ვებ-გვერდებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მას მიმართს. ასევე არიან კერძო პირები, რომლებიც არც ისე ძვირად ამზადებენ ვებ-გვერდებს. ფასი გამომდინარეობს საიტის სირთულიდან. თუ დინამიური გვერდი გინდა, მაშინ ფასები 500-700 ლარებში მერყეობს, თუ სტატიკური - უფრო იაფი. ზოგიერთ კომპანიაში სრულიად უბრალო დინამიური საიტების ფასები იწყება 400 ლარიდან. თუმცა, იმის ილუზია არ უნდა გქონდეს, რომ ასეთი იაფიანი გვერდები მაღალი ხარისხის იქნება", - გვითხრა გიორგი ალექსიშვილმა.

ვებ-გვერდების ფასებს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ვახტანგ ბერიძის აზრით, იაფფასიან საიტის დამზადებისთვის ფულის გადახდა არც ღირს:

 „გვერდების დამზადების ფასები განსხვავებულია. ეს საკმაოდ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ საიტს ფიზიკური პირი დაგიმზადებს, მისი ფასი ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყება 500 ლარიდან. ჩემი აზრით, სრულიად ფუჭია ფულის გადაყრა იმ საიტებში, რომლებსაც 200, 300 ან 400 ლარად გაგიკეთებენ. ამ ფასში შეიძლება ერთი-ორი გვერდი დაგიკიდონ ინტერნეტში.

თუ ორგანიზაცია გიკეთებს, მაშინ საიტის საშუალო ფასი, დაახლოებით, 800-1000 ლარიდან იწყება და ხშირად შეიძლება დიდ თანხასაც მიაღწიოს. ფასის მიუხედავად, გარანტია მაინც არ გექნებათ, რომ საიტი უმაღლესი დონის იქნება და მასზე მუშაობას დადგენილ ვადებში დაასრულებენ. ასე რომ, იმის თქმა, რომ საიტის გასაკეთებლად აუცილებლად რომელიმე კომპანიას უნდა მიმართოთ, სწორი არაა. შეიძლება, ფიზიკურმა პირმა უფრო უკეთესი საიტი გაგიკეთოთ და თანაც გაცილებით იაფად".

როდესაც ვებ-გვერდის შესაქმნელად კომპანიას მიმართავ, აუცილებელია ზუსტად იცოდე რის გაკეთებას აპირებ ვირტუალურ სამყაროში. ფასებიც ამის მიხედვით განისაზღვრება. მაკა ბოჯგუას თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, საიტის დასამზადებლად, შესაძლოა, ათი ათასობით ლარი დაგეხარჯოთ:

„სხვადასხვა ვებ-გვერდის გაკეთებას განსხვავებული ფასი აქვს. პირველ რიგში უნდა იცოდე როგორი საიტი გინდა და რისთვის გჭირდება - უბრალოდ ინფორმაცია უნდა განათავსო ინტერნეტ სივრცეში თუ პოპულარულობა უნდა მოუპოვოს ორგანიზაციას, გაყიდვები გაზარდოს და ორგანიზაციის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახადოს. ამის მიხედვით ფასები იწყება 200 ლარიდან და ფასი შეიძლება განუსაზღვრელად გაიზარდოს. ზოგიერთი ვებ-გვერდის დასამზადებლად დამკვეთს, შესაძლოა, 30 000 ლარიც კი გაუხდეს გადასახდელი.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია გვერდის რეკლამირების ხარჯები. მის შესახებ საიდანღაც ხომ უნდა მიიღოს ინტერნეტ-მომხმარებელმა ინფორმაცია. ამისათვისაც, გარკვეული თანხა არის საჭირო. უნდა განსაზღვრო სად გააკეთო რეკლამა. ინტერნეტში ზოგიერთ საიტზე რეკლამა საკმაოდ იაფი ღირს. არსებობენ ფირმები, რომლებიც დაპირებებს იძლევიან, რომ იაფად და სწრაფად გააკეთებენ რთულ საიტებს, მაგრამ ეს ტყუილია. ასეთ შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, მოტყუებულები დარჩებით და თქვენი გვერდი არც ისე კარგი იქნება".

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ვებ-გვერდის შესაქმნელად კომპანიებს არ უნდა მიმართონ. მათი აზრით, კომპანიების მომსახურების დონე მათთან არსებულ ფასებს არ შეესაბამება.

„ვებ-სტუდიები და სააგენტოები ცდილობენ რაც შეიძლება ბევრი ფული გამოსძალონ დამკვეთს. საიტის ხარისხი და შესაძლებლობები კი საფასურს არანაირად არ შეესაბამება. როდესაც ვინმე ამბობს, რომ სააგენტომ მას საიტი 400 ლარად გაუკეთა, ეს ძალიან სასაცილოა. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ რომ, იგი საშინელი იქნება.

ფიზიკურმა პირმა კი, შეიძლება, გაგიკეთოთ ვებ-გვერდი 400 ლარად. ისინი უფრო მონდომებით ეკიდებიან საკუთარ საქმეს, თუმცა მათ იმდენი შრომა უწევთ, რომ ზოგიერთს არ უღირს ამ თანხაზე იმუშაოს. მე ჩემი ვებ-გვერდი ჩემს ერთ ნაცნობს დავამზადებინე, რომელიც საიტებს ძალიან იაფად აკეთებს. როცა კომპანია გთხოვს 3000 ლარს საიტში, ეს ბიჭი 400-800 ლარში აკეთებს. საკმაოდ ბევრი კლიენტი ჰყავს. როგორც ჩანს, მოსწონთ მისი ნამუშევრები. ჩემი საიტით მეც კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად მუშაობს, დიზაინიც მომწონს და რაც მთავარია არ მაქვს იმის განცდა, რომ მომატყუეს და ზედმეტი გადამახდევინეს", - გვითხრა ანი ბეჟანიშვილმა.

თუ გინდათ თქვენი ვებ-გვერდი ხარისხიანი გამოვიდეს, ზოგიერთი ადამიანის აზრით, ამისათვის 700 ლარი მაინც არის საჭირო. 700-ლარიანი საიტი უბრალო, მაგრამ ხარისხიანი იქნება. უფრო იაფად კი შესაძლებელია შაბლონების ყიდვა. ასეთ შემთხვევაში კი უნდა იცოდეთ, რომ თქვენნაირი ვებ-გვერდი სხვა ადამიანებსა თუ კომპანიებსაც ექნებათ.

„სრულიად უბრალო, მარტივ საიტს, სავარაუდოდ, ნორმალური დეველოპერი ასე 700 ლარიდან ააწყობს. ჩემი აზრით, 300-ლარიანი საიტი იქნება არაპროფესიონალური და ძალიან დაბალი დონის. პერსონალური ვებ-გვერდის შექმნა უფრო იაფადაც შეიძლება. არის საშუალება შეიძინოთ არაექსკლუზიური შაბლონები, რომლის ფასიც, თუ არ ვცდები, 50 დოლარიდან იწყება. თუ კომპანიისთვის არ გინდათ ვებ-გვერდი, ეს სრულიად მისაღები ვარიანტია. კომპანიას კი, რომელსაც წარმატების ამბიცია აქვს, არსებული შაბლონების მიხედვით შექმნილი საიტით მუშაობა არ ეპატიება", - ამბობს ნიკა ახალაია.