ავსტრალიის სასამართლომ დაადგინა, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საიმიგრაციო პატიმრობიდან და მიიჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ჩოგბურთელისთვის ვიზის გაუქმების შესახებ არაგონივრული იყო.
მოსამართლე ენტონი კელის გადაწყვეტილებით, ნოვაკ ჯოკოვიჩს პასპორტი და სხვა პირადი დოკუმენტები უნდა დაუბრუნონ.
მოსამართლემ გააკრიტიკა ნოვაკ ჯოკოვიჩის მელბურნის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვა და აღნიშნა, რომ როგორც დაკითხვა, ასევე ვიზის გაუქმება არაგონივრული ნაბიჯი იყო.
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ადვოკატებმა სასამართლოს განუცხადეს, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრი იტოვებს უფლებას, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის ხელახლა გაუქმების მიზნით თავისი პირადი უფლებამოსილება გამოიყენოს.
4 იანვარს, ნოვაკ ჯოკოვიჩმა განაცხადა, რომ Australian Open-ში მონაწილეობას მიიღებს, ვინაიდან სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან გათავისუფლება მიიღო. ნოვაკ ჯოკოვიჩი 16 დეკემბერს კორონავირუსით დაინფიცირდა და ამის საფუძველზე ვაქცინაციისგან გათავისუფლდა. ადვოკატების თქმით, ჯოკოვიჩმა დროებითი ვიზა მიიღო, ხოლო ავსტრალიის ჩოგბურთის ასოციაციამ მას კოვიდინფიცირების საფუძველზე „ვაქცინაციისგან სამედიცინო გათავისუფლება“ მიანიჭა.