პატრიარქის წინადადებებს ხელისუფლება ერთი ყურიდან მეორეში ატარებს

პატრიარქის წინადადებებს ხელისუფლება ერთი ყურიდან მეორეში ატარებს

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება პატრიარქის წინადადებებს ერთი ყურიდან მეორეში ატარებს და ჯიუტად აგრძელებს თურქეთის რესპუბლიკასთან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, ჯერ კიდევ 2005 წელს დაწყებულ მოლაპარაკებას, რაც არ ითვალისწინებს ქართული ტაძრების გადასარჩენად საერთაშორისო მექანიზმების, მათ შორის იუნესკოს, ევროსაბჭოს კონვენციების გამოყენებას. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით for.ge კულტურის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაამისამართა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა კულტურის სამინისტროსკენ მიგვითითა.

29 აპრილს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე შეხვდა, 12 წუთი მისი საქმიანობის დეტალებსა და გეგმებზე საუბარს დაუთმო, ხოლო შემდეგ მედიასაშუალებების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა. ეს ღონისძიება მთლიანობაში საათი და ოცი წუთი გაგრძელდა. აქედან ზუსტად 5 წუთი საგარეო საქმეთა მინისტრს for.ge-მ წაართვა. მაია ფანჯიკიძეს ორი, წინასწარ მომზადებული კითხვა დავუსვით. მინისტრის პასუხიდან შევიტყვეთ, რომ რეპატრიაციის შესახებ ვადები გადაიწევს.

მართალია, პასუხის პირველი ნაწილში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგვითითა, რომ ჩვენი კითხვები უმჯობესი იყო დაგვესვა ერთ შემთხვევაში კულტურის სამინისტროსთვის, ხოლო მეორე შემთხვევაში ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთვის, მაგრამ მთავარი ისაა, რომ for.ge-მ მის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი მიიღო. ასე გავიგეთ რომ პატრიარქის წინადადებებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ყურს არ იბერტყავს, ხოლო 1999 წელს მიხეილ სააკაშვილის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულების გულდმოდგინედ შესრულებას ცდილობს და ამ კუთხით რეპატრიაციის პროცესში ცვლილებების შეტანასაც გეგმავს.

for.ge: გაითვალისწინეთ თუ არა პატრიარქის წინადადებები და დაიწყეთ თუ არა მოლაპარაკება თურქეთთან, ქართული ტაძრების იურიდიული სტატუსის განსაზღვრაზე, მათი აღდგენის საქმეში იუნესკოს ჩართვასა და ტაო კლარჯეთსა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზე? შეგახსენებთ რომ ამაზე პატრიარქი ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

მაია ფანჯიკიძე: პირველ რიგში, კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე თქვენ მოგეხსენებათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ პროცესში არის ჩართული იმდენად, რამდენადაც ეს არის საგარეო პოლიტიკური საკითხი, ხოლო კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც იქნება გადადგმული, უკვე კონკრეტული ქმედებების განსახორციელებლად, არ არის ჩვენს პრეროგატივაში, ამას ხელმძღვანელობს კულტურის სამინისტრო.

თქვენთან გადმომამისამართა კულტურის მინისტრის მოადგილემ და ამიტომ დაგისვით ეს კითხვა.

- კონკრეტული რჩევების გათვალისწინება და კონკრეტული საკითხები ნამდვილად არ შედის ჩვენს პრეროგატივაში, რადგანაც ჩვენ ამისი კომპეტენცია არ გაგვაჩნია. იქ არის მთელი ჯგუფი სპეციალისტების, რომლებშიც შედიან არა მხოლოდ ხელოვნებათმცოდნეები, არამედ არქიტექტორები, არქეოლოგები, გეოლოგები და ასე შემდეგ, იურისტებიც, რომლებმაც სწორედ მსგავსი საკითხები უნდა განიხილონ. ჩვენ ვართ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო, რომელიც ამ მხრივ უწევს კოორდინაციას ქვეყანაში მიღებულ გადაწყვეტილებებს, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

ჩვენ ვართ, ასე ვთქვათ მედიატორი, ამ ჯგუფსა და მეორე სახელმწიფოს ხელმძღვანელობას შორის. სწორედ ამის შედეგი იყო, რომ აპრილში უკვე განხორციელდა კულტურის მინიტრის მოადგილის ვიზიტი თურქეთში, ხოლო შემდეგ, თუ არ ვცდები, 17-18 აპრილს, 20 აპრილამდე, ყოველ შემთხვევაში, ქართველმა და თურქმა სპეციალისტებმა გამართეს პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, სადაც იმსჯელეს იმ მეთოდოლოგიაზე, რომლითაც უნდა შენარჩუნდეს ეს ძეგლები. ასე რომ, კონკრეტული მუშაობა ჩვენგან გადადის კულტურის სამინისტროში, რომელიც ამ საკითხს ხელმძღვანელობს.

საპატრიარქოს ჩართულობას პირადად  მე და ჩვენ, რასაკვირველია, მივესალმებით, რადგანაც მათაც ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმით ამ გადაწყვეტილებების მიღებაში, მათი რჩევები და მათ მიერ აღძრული საკითხები არის ძალიან ყურადსაღები ჩვენთვის და ჩვენ რასაკვირველია, ვეცდებით ყველაფერ იმის გათვალისწინებას, რაც საპატრიარქოს მხრიდან იქნება მოწოდებული. ასე რომ, ეს არის პროცესი, რომელიც არ არის ჯერ დასრულებული და აქედან გამომდინარე, ერთობლივი პოზიცია ყველაფერ ამაზე, ასევე თურქ კოლეგებთან შეთანხმებით, შედარებით მოგვიანებით უნდა იყოს მოსალოდნელი.

for.ge: რა ტიპის ცვლილებების განხორციელებას გეგმავთ 1944 წელს სამხრეთ საქართველოდან გასახლებულების უკან დაბრუნების კუთხით - რეპატრიაციის შესახებ კანონში შევა ცვლილებები, განაცხადების წარდგენის ვადას გაახანგრძლივებთ, თუ რა მოხდება?

მაია ფანჯიკიძე: ეს გახლავთ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს თემა, რომელიც განიხილავს განცხადებებს, რომლებიც რეპატრიანტის სტატუსის მინიჭების თაობაზეა შესული სამინისტროში. 6 000 განცხადებამდე არის შესული და ეს სტატუსი მიენიჭა, დაახლოებით, 900-მდე ადამიანს. ძალიან ხშირ შემთხვევაში, თუ არ ვცდები, სამი ათასზე მეტი განცხადება იყო დარღვევებით შევსებული. ამიტომ ისინი დაუბრუნდა აპლიკანტებს და შემდეგ მიიღებენ მათ თავიდან.

რაც შეეხება ვადებს და ამის იურიდიულ გაფორმებას, ეს უკვე სამწუხაროდ, არ არის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. იუსტიციის სამინისტრო მუშაობს და იქ შესაძლებელია, რომ ვადების გადავადება მოხდეს, იმისათვის, რომ ვისაც მინიჭებული აქვს ეს სტატუსი, მაგრამ ჯერ ვერ ახორციელებს შესაბამისი საბუთების მიღებას, მათი გაცემის ვადა გადაიდოს, რათა ვისაც სწორად ჰქონდა შევსებული, ლაპარაკია 900-მდე აპლიკანტზე, მათი საქმეები იყოს დაძრული.

ეს მოგეხსენებათ არის ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება. ამიტომ, ახალი ხელისუფლება ძალიან მონდომებულია, რომ ეს ვალდებულება შეასრულოს.

ცნობისათვის - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არის საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მისი წინამორბედი გრიგოლ ვაშაძე შეცვალა.

for.ge-მ ქართული ტაძრების აღდგენის საქმეში პატრიარქის წინადადებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით კითხვები ფანჯიკიძემდე კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს მარინე მიზანდარს დაუსვა. მასთან ჩაწერილი ინტერვიუ ჩვენს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა სათაურით - მარინე მიზანდარი: „ორი ეკლესიაც შეიძლება დაიტბოროს და ცოტა მეტიც“. მიზანდარისა და ფანჯიკიძის პასუხები ერთმანეთის მსგავსია:

for.ge: გაითვალისწინეთ პატრიარქის წინადადებები და შეიტანეთ ხელშეკრულების პროექტში შესაბამისი ცვლილებები, ქართული ტაძრების იურიდიული სტატუსის განსაზღვრაზე, მათი აღდგენის საქმეში იუნესკოს ჩართვასა და ტაო-კლარჯეთსა და ლაზეთში სამონასტრო ცხოვრების აღორძინებაზე? შეგახსენებთ რომ ამის შესახებ პატრიარქი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა.

მარინე მიზანდარი: ეს საკითხები ჩვენი სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს სცდება. შესაძლებელია ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უფრო ეხებოდეს, ვიდრე ჩვენ, ან მთავრობათშორისი შეთანხმები საფუძველი გახდეს.

რაც შეეხება for.ge-ს კითხვას, რეპატრიაციის საკითხთან დაკავშირებით - მოგეხსენებათ, რომ ეს არის ევროსაბჭოს წინაშე მიხეილ სააკაშვილის მიერ 1999 წელს აღებული ვალდებულება, რაზეც მიმდინარე წლის 14 თებერვალს ანკარაში ბიძინა ივანიშვილისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ამ უკანასკნელმა შემდეგი რამ ბრძანა: „... განვიხილეთ ასევე სამოცდაათი წლის წინ უსამართლოდ გადასახლებული ახალციხელი თურქების თავიანთ ქვეყანაში რეპატრიაციის საკითხიც. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბატონი პრემიერი ძალიან დადებითად უყურებს ყველა ამ საკითხს და ჩვენ ვიზიარებთ მის შეხედულებებს“. იმ დღეს ივანიშვილს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

27 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაია ფანჯიკიძემ ბრძანა - „ჩვენ იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ საკითხზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იქნება კონკრეტული შედეგი“;

მეორე დღეს, 28 მარტს ფანჯიკიძე ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეხვდა და ესაუბრა; 23 აპრილს სტრასბურგში ყოფნისას, ევროსაბჭოს ასაბლეაზე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს - 1999 წელს აღებული ვალდებულება შეახსენეს, რაზეც ივანიშვილმა მიუგო, რომ „უახლოეს ორ წელიწადში ჩვენ დაჩქარებული ტემპით მოვახერხებთ, რომ ვისაც ექნება სურვილი და ექნება ამის ობიექტური საფუძველი, დაჩქარებული ტემპებით ყველას ექნება საშუალება უახლოეს ორ წელიწადში დაჩქარებული ტემპებით მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა“.

აი, ამ ყველა დეტალის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის შეხსენების საშუალება 29 აპრილს გამართულ ღონისძიებაზე, მისი ფორმატის გამო შეუძლებელი იყო.

29 აპრილის ღონისძიებაზე მაია ფანჯიკიძემ ასევე ბრძანა, რომ

ქვეყნის საგარეო კურსი არის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია; რუსეთთან ურთიერთობების განახლების საქმეში ფანჯიკიძეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი ესახება; მალაიზიასა და საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოები გაიხსნება; ამ ეტაპზე საქართველოს 14 ქვეყანასთან არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობები დამყარებული, მაგრამ ცდილობს, რომ ჰქონდეს; რუსეთთან სავიზო რეჟიმი შეიძლება გამარტივდეს, რაც აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იქნება, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა იმის გამო არ იგეგმება, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% რუსეთს ოკუპირებული აქვს; მიმდინარე წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით ჩავა, მაგრამ კონკრეტული თარიღი საგარეო საქმეთა მინისტრის არ დაუსახელებია; მაისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდება ვინ იქნება კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი;

სალონიკში გენერალური კონსულის თანამდებობაზე განიხილება გია ბარამიას კანდიდატურა, რომელიც ახლო წარსულში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ხელმძღვანელობდა; მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში ოფიციალური ვიზიტების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული პოსტ-ფაქტუმ ხდება და ამგვარ შეხვედრებზე საელჩოების წარმომადგენლები ძალიან იშვიათად ესწრებიან; 26 მაისის ღონიძიებაზე სამხედრო კომპონენტი ძალიან საინტერესო კუთხით იქნება წარმოდგენილი, ხოლო სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი ქვეყნის გუნდი მონაწილეობას მიიღებს.