ქართველი პოლიტიკოსების წინასაახალწლო განწყობები: ზოგი გოზინაყს აკეთებს, ზოგიც კანონებს ქმნის

ქართველი პოლიტიკოსების წინასაახალწლო განწყობები: ზოგი გოზინაყს აკეთებს, ზოგიც კანონებს ქმნის

ახალი წელი კარს მოგვადგა, თუმცა ქართველი პოლიტიკოსები წინასაახალწლოდ არ ისვენებენ და რიგარეშე პლენალურ სხდომებს ესწრებიან - დაამტკიცეს ახალი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

მიუხედავად ასეთი გადატვირთული გრაფიკისა, მაინც მოვახერხეთ მათთან გასაუბრება და შევიტყვეთ თუ რამდენად არიან წინასაახალწლო სამზადისში ჩართულები და სჯერათ თუ არა მეკვლის ტრადიციის. როგორც აღმოჩნდა, ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობა დაკავებულია, მაგრამ ზოგიერთი მათგანი გოზინაყის გაკეთებას მაინც ახერხებს.

„ახალი წელი ძალიან მიყვარს, განსაკუთრები ბავშვებს რომ უხარიათ, ეს უფრო მახარებს. წინასაახალწლო სამზადისში ჩართული ვარ იმდენად, რამდენადაც სამსახური და საქმე საშუალებას მაძლევს. ამ ახალ წელს ნაკლებად გამომდის, რადგან პარლამენტში რიგგარეშე სესიები გავქვს და აქ მიწევს ყოფნა. თუმცა, მაინც ვახერხებთ წინასაახალწლო განწყობის შექმნას. რაც შეეხება მეკვლის ტრადიციას, ეს ტრადიცია გვაქვს. ვიდრე პატარა ვიყავი, ოჯახში მე ვიყავი მეკვლე. ახლა, როდესაც მყავს შვილები, ჩემს ოჯახში მეკვლეები ისინი არიან“, - გვითხრა დავით მათიკაშვილმა.

სამუშაოდან გამომდინარე, წინასაახალწლო სამზადისში ჩართვას ვერ ახერხებს უმავლესობის წევრი ნიკოლოზ სამხარაძე: - „აბა, წინასაახალწლო სამზადისში ჩართული როგორ ვიქნები, როდესაც ახალი წლის დადგომამდე ორი დღით ადრე პარლამენტში ვარ. ასე რომ, წელს ვერ ვახერხებ“, - განუცხადა მმართველი გუნდის წევრმა for.ge-ს.

თანაგუნდელის მსგავსად ვერც გივი მიქანაძე ახერხებს წინასაახალწლო ფუსფუსს: - „საერთოდ ვერ ვახერხებ. სამწუხაროდ, ჯერ საჩუქრებიც კი არ მიყიდია“, - გვითხრა მიქანაძემ.

ნინო წილოსანისთვის საახალწლო განწყობა კი 31 დეკემბერს დგება: - „პარლამენტში მუშაობის პირობებში საახალწლო განწყობა მხოლოდ 31 დეკემბერს ეხება, იქამდე სესიები და საპარლამენტო საქმიანობები არ წყდება. რაც შეეხება საახალწლო მზადებას , ესეც მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის საჩუქრების მომზადებით შემოიფარგლება. განსაკუთრებულ საახალწლო სუფრას არ ვაკეთებ“, - განუცხადა ნინო წილოსანმა for.ge-ს.

მმართველი გუნდის მსგავსად ოპოზიციის ნაწილიც წინასაახალწლო სამსაზისისთვის ვერ იცლის. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ლევან იოსელიანი, წინა საახალწლოდ პარლამენტში მუშაობით არის დაკავებული: - „31 დეკემბერს პარლამენტში ვარ და, ალბათ, ხვდებით წინასაახალწლო სამზადისში რამდენად ვიქნები ჩართული“, - გვითხრა იოსელიანმა.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას თანაგუნდელი, ბექა ლილუაშვილიც მხოლოდ საპარალმენტო საქმიანობით არის დაკავებული.

„წინასაახალწლო სამზადისში ჩართვას ვინ მაცდის ბატონო, თორემ დიდი სიამოვნებით ჩავერთვებოდი“, - გვითხრა ბექა ლილუაშვილმა.

თუმცა, გამონაკლისებიც აღმოჩნდნენ, მაგალითად, პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე გოზინაყსაც კი თავად აკეთებს.

„საოჯახო სამზადისში სრულად ვარ ჩართული - დაწყებული საახალწლო ნაძვის ხის მორთვით, დამთავრებული გოზინაყით, რომელსაც მე ვაკეთებ“, - განუცხადა სერგო ჩიხლაძემ for.ge-ს.

უმრავლესობის წევრი, ხატია წილოსანიც წინა საახალწლო სამზადისში აქტიურად არის ჩართული და ეს დიდ სიამოვნებასაც ანიჭებს: - „საახალწლო სამზადისში ყოველთვის აქტიურად ვარ ჩართული ხოლმე. რაც შეეხება მეკვლის ტრადიციას, არ მჯერა, თუმცა ახალი წლის განუყრელი ნაწილია, ამიტომ ნებისმიერი სტუმრის მოსვლა მახარებს“, - გვითხრა ხატია წილოსანმა.