ტერორისტები და რუსეთის საფრთხე

ტერორისტები და რუსეთის საფრთხე

საქართველოს პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტები მომზადებას გადიოდნენ, თუმცა საბოლოო დასკვნამდე გამოძიების დასრულებას ელოდება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი2“-ის ეთერში, გადაცემა „პოზიციაში“ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, ლაფანყურის მოვლენების გამოძიებამ დაადგინოს, რომ საქართველოში ტერორისტები გადიოდნენ მომზადებას, პრემიერი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელია.

„მე მგონია, რომ შესაძლოა. გუშინ „ლე მონდთან“ მქონდა შეხვედრა, ძალიან ჩამეძია კორესპონდენტი ამ თემაზე, უარი ვთქვი დასკვნების გაკეთებაზე, რამეთუ ის ეყრდნობოდა ომბუდსმენის გამონათქვამს და ცდილობდა ჩემი მხრიდან დადასტურებას. ომბუდსმენის ეჭვები და გამონათქვამები მე შემიძლია მივიღო ძალიან რეალურად, მაგრამ არა დასტურად. დაველოდოთ გამოძიებას. რა თქმა უნდა, მეც დიდი ეჭვი მაქვს, იმ საკითხებზე, რაც ომბუდსმენმა გამოთქვა. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ხდებოდა რეალობაში, მაგრამ თავს შევიკავებ. ალბათ, უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ, შეიძლება შოკისმომგვრელსაც კი. ეს თანამშრომლობაც და ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა... ამაზე ეჭვებია, იგივე ბოევიკებთან და ტერორისტებთან, და თუ ეს დადასტურდა, შოკის მომგვრელი იქნება ჩემთვის პირადად. ქვეყნის იმიჯსაც ეს დააზარალებს იმ შემთხვევაში, თუ ამას სხვა გამოიძიებს და სხვა ქვეყნები დაადასტურებენ, მაგრამ თუ ამას ახალი ხელისუფლება იზამს და თანაც აჩვენებს, რომ უარს ამბობს მსგავს ქმედებებზე, ეს პირიქით, საქართველოს იმიჯად ჩაეთვლება“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისში და პრეზიდენტი სააკაშვილი ამერიკიდან. მან გააკრიტიკა ივანიშვილი ტერორისტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

„მე, როგორც პრეზიდენტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველო არასდროს არ მონაწილეობდა არა მხოლოდ ტერორისტების მომზადებაში, არამედ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველო ყოფილიყო უსაფრთხო, პასუხისმგებლიანი წევრი საერთაშორისო თანამეგობრობის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე მიმართა საქართველოს მთავრობის წევრებს, რომ პრემიერ-მინისტრს აუხსნან, რამდენად საშიშია ქვეყნისთვის მისი ეს განცხადებები.

„მე მინდა ვუთხრა მისი მთავრობის წევრებს, იქ არის ხალხი, რომლებსაც არ შეიძლება რომ ეს არ ესმოდეთ, ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა თანამდებობებზე არიან ნამუშევარი საქართველოს სტრუქტურებში. თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა!“, - ამბობს პრეზიდენტი.

მეორე საკითხი ივანიშვილის ინტერვიუდან, რამაც არანაკლები რეზონანსი გამოიწვია, იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თავდაცვის სამინისტროს დოქტრინაში რუსეთის, როგორც მტრის მიმართ ჩანაწერი აღარ არსებობს და იგი შერბილებულია, იმასთან შედარებით, რაც უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ უსაფრთხოების კონცეფციაში იყო მოცემული.

ამასთანავე, ივანიშვილის თქმით, რუსეთთან მიმართებაში ტონი შერბილებულია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ შემუშავებულ საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ამსახველ დოკუმენტშიც.

ივანიშვილი აცხადებს, რომ რუსეთთან ურთიებობის დარეგულირებაში მნიშვნელოვანია როგორც სწორი დიპლომატიური სვლები, ისე სწორი რიტორიკაც. პრემიერის თქმით, სააკაშვილის გუნდის დამახასიათებელი მწვავე რიტორისგან განსხვავებულმა რიტორიკამ, რომლითაც ახალი მთავრობა საუბრობს რუსეთთან, შეძლო სწორედ ის, რომ საქართველო რუსულ ბაზარზე დააბრუნა. პრემიერის თქმით, ეს ის ბაზარია, რომლისკენაც მთელი მსოფლიო ისწრაფვის და რომელიც სააკაშვილმა, ჯერ კიდევ, 2008 წლის ომამდე დააკარგინა საქართველოს.

პრემიერის ამ განცხადებამაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა მხრიდან სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა. პარტიის გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილმა პირველად თავის გამოსვლებში აღიარა, რომ შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების დოქტრინა. მერაბიშვილის თქმით, ნაციონალების ფრაქცია აპირებს ამ დღეებში ამ საკითხის განხილვას და შესაბამისად, პასუხის მოთხოვნას ხელისუფლებისაგან, თუ რას გულისხმობდა პრემიერი, როცა თქვა, რომ რუსეთი ამოიღო ჩვენი თავდაცვის კონცეფციიდან, როგორც საფრთხე.

„ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საზოგადოებრივ აზრს და რაც ყველაზე მთავარია, ეწინააღმდეგება იმ კონცეფციას, რომელიც საქართველოს ჰქონდა. ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება საჯარო განხილვის გარეშე. არ შეიძლება ხალხთან განხილვის გარეშე ასეთი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ბიძინას, როგორც გამოუცდელ პოლიტიკოსს, მოუწევს განმარტებების გაკეთება თუ რატომ გააკეთეს ეს. „ბოევიკების“ მომზადებას რაც შეეხება, ეს არის სიცრუე, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა და შეუძლებლია რამე დაიმალოს. ამ ფონზე საკუთარი ოპონეტებისთვის ზიანის მიყენებისთვის საქართველოს იმიჯისთვის ზიანის მიყენება არის გამოუცდელი პოლიტიკოსის განცხადება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, გიორგი ვოლსკი for.ge-სთან საუბარში განმარტებას აკეთებს კომიტეტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რაზეც პრემიერმა ისაუბრა. მისი თქმით, კომიტეტის მიერ შემუშავებულ კონცეფციაში წერია, რომ საქართველო მიისწრაფვის კეთილმეზობლური ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან, თუმცა არ არის მოხსნილი ოკუპაციის საკითხი და ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთია. დეპუტატი ამბობს, რომ უბრალოდ, დოკუმენტში ხაზგასმულია რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების სურვილი. აქვე იგი აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ეს მუხლი, სადაც გაწერილია რუსეთთან ურთიერთობის შესახებ საკითხი, გიორგი ვოლსკიმ და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ბარამიძემ ერთად ჩამოაყალიბეს.

„რასაკვირველია, ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება შეუძლებელია და ამ დოკუმენტში ესეც წერია. მოკლედ, დაბალანსებული დოკუმენტია, რომელიც არავის აძლევს საშუალებას (მათ შორის არც რუსეთს), რომ რაღაცაში მოგვედავოს. იქ არ წერია, რომ ეს არის მტერი სახელმწიფო, რომელსაც ფეხები, თუ ხელები უნდა მოამტვრიო, რადგან რიტორიკა ერთია და იგი საქმეს აფუჭებს, ხოლო საქმიანი მიდგომა მეორეა. ჩვენ განვავითარებთ ისეთ პროგრამას, რომელიც ურთიერთობის მოგვარებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, ყველა წინაპირობა იქნა შექმნილი იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და რუსეთს განევითარებინა ის პროცესი, რომელსაც ეუთოს მინისტერიალმა 2005 წლის დეკემბერში დაუჭირა მხარი. დეპუტატი აცხადებს, რომ ყველა მოლაპარაკების ფორმატი შეიცვალა და რუსეთი, ნებით თუ უნებლიედ, ამას არ შეწინააღმდეგებია. თუმცა 2006 წელს სააკაშვილმა ეს მოლაპარაკებები შეწყვიტა. გიორგი ვოლსკი სვამს კითხვას, რა ნიშნით შეიძლება წინა ხელისუფლების საქმიანობა კონფლიქტების მოგვარების კუთხით დადებითად შეფასდეს?

დეპუტატი ლაფანყურის ოპერაციის გამოძიების შესახებ პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამაში საერთაშორისო ურთიერთობების და მათ შორის, კონფლიქტების მოგვარების კუთხით წერია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას თან უნდა ახლდეს საქართველოს პროგნოზირებადი პოლიტიკა, მათ შორის მეზობლების მიმართ. გიორგი ვოლსკის თქმით, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს გამოკვეთილი პოლიტიკა ისეთი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას და რუსეთს დაარწმუნებს, რომ ევროატლანტიკური სივრცისკენ საქართველოს მისწრაფება არც ერთი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას არ ემყარება.

„ევროატლანტიკური საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს პრობლემებს შეუქმნის. აქედან გამომდინარე, ლაფანყურის თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და იგი დეტალურად უნდა იქნეს გამოძიებული. რუსეთს არც ერთ შემთხვევაში საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ საქართველოს რაღაც ქმედებები თავისი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა“, - აღნიშნავს დეპუტატი.

მისი თქმით, საქართველო არის სხვა და სააკაშვილი და მისი გუნდი (რომელმაც უამრავი შეცდომა დაუშვა და ქვეყანა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო) კიდევ სხვა არის. ამიტომ არ უნდა მოხდეს სააკაშვილის და მისი გუნდის საქართველოსთან გაიგივება. დეპუტატის განმარტებით, როგორი მწარეც უნდა იყოს სიმართლე, ის გამოძიებული უნდა იქნეს საქართველოშივე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სხვა გამოიძიებს და შესაძლოა, ეს გამოძიება არასწორად მოხდეს. ამასთანავე, დეპუტატი ამბობს, რომ ეს თემა უკვე ისედაც ტრიალებს და მას აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. ხოლო საერთაშორისო მონიტორინგის არსებულ რეჟიმში, მმართველი ძალა მისი ოპონენტების მიმართ რაც უნდა ცუდად იყოს განწყობილი, არაობიექტურ გამოძიებას ვერ ჩაატარებს.

„სააკაშვილი და მისი გუნდი არ არის საქართველო. საქართველოს და მის ხალხს არც ომი და არც დაძაბულობა არ უნდოდა. ამიტომ სააკაშვილის საქართველოსთან გაიგივება არის თვალთმაქცობა“, - აცხადებს ვოლსკი.

ექსპერტი სამხედრო საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე განმარტავს, რომ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სტრატეგიაში საუბარია თავდაცვის პოლიტიკის პრინციპებზე, ხოლო დოქტრინაში საუბარია იმაზე, თუ როგორ ვიცავთ თავს.

„რაც შეეხება იმას, ვინ არის მტერი და ვინ არის საფრთხე, ეს წერია ისეთ დოკუმენტებში, როგორიც არის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და საფრთხეების შეფასება. ეს მეორე მთლიანად დახურული დოკუმენტია“, - ამბობს ექსპერტი.

ლაფანყურის ოპერაციასა და წინა ხელისუფლების ტერორისტებთან შესაძლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და თუ ეს სიმართლესთან ახლოს არის,  რა თქმა უნდა, რუსეთის მხრიდან ეს აგრესიას არ გამოიწვევს, მაგრამ მოხდება ისე, რომ ჩვენ ძალიან ბევრ რამეში დამნაშავეები აღმოვჩნდებით.

და ბოლოს, სამხედრო დოკუმენტებთან დაკავშირებით განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამაც გააკეთა. მისი თქმით, სამხედრო დოკუმენტში საფრთხეების ანალიზსა და შეფასებებში ფუნდამენტური ცვლილება არ მომხდარა. მინისტრი ამბობს, რომ საუბარია სტარტეგიული უსაფრთხოების მიმოხილვის დოკუმენტზე, რომლის მცირე ადაპტაცია მოახდინა ახალმა ხელისუფლებამ და, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტთან არის გადაგზავნილი. ალასანიას თქმით, ახალმა ხელისუფლებამ აუცილებლად მიიჩნია, რომ მუშაობა ამ დოკუმენტზე გაეგრძელებინა და არ შეექმნა ახალი, რათა უწყებაში ინსტიტუციური მეხსიერება შენარჩუნებულიყო.

„ჩვენ დოკუმენტის მხოლოდ მცირე ადაპტაცია მოვახდინეთ, რაც გავაცანით ყველა დაინტერესებულ უწყებას, მათ შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უკვე მესამე კვირაა, უშიშროების საბჭოშია გადაგზავნილი და ველოდებით, როდის მოაწერს პრეზიდენტი ხელს. მე რამდენადაც ვიცი, უშიშორების საბჭოდან ამ დოკუმენტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხს, მინისტრის თქმით, ერთადერთი, რაც ამ დოკუმენტში პრემიერთან შეთანხმებით მასში ჩაიწერა, არის ახალი რეალობა – ის პრაგმატიზმი, რომელიც რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკაში გაჩნდა. კერძოდ ის, რომ იწყება სავაჭრო-ჰუმანიტარულ საკითხებზე რუსეთის ფედერაციასთან დიალოგი, რაც აჩენს პატარა იმედს იმისა, რომ შეიძლება სამომავლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივა გაჩნდეს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფრთხეების შეფასება არის იგივე, რაც იყო, ერთადერთი აღნიშნული პატარა პოსტულატი დავამატეთ“, - განაცხადა ალასანიამ.

მან ივანიშვილის მიერ ტერორისტების თემაზე გაკეთებულ განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი. ალასანიას თქმით, ამ ეტაპზე არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის თქმისა, რომ ჩრდილოკავკასიელი ტერორისტები საქართველოში მომზადებას გადიოდნენ.