მედიკამენტების სიძვირის მიზეზები თანდათან სააშკარაოზე გამოდის

მედიკამენტების სიძვირის მიზეზები თანდათან სააშკარაოზე გამოდის

მედიკამენტების გაიაფების საკითხზე პრემიერს ძალიან პრინციპული პოზიცია აქვს და როგორც ჩანს, ფარმაცევტული ბიზნესის სასარგებლოდ არაფრის დათმობას არ აპირებს. ირაკლი ღარიბაშვილი თანდათან ასახელებს იმ პრობლემატურ საკითხებს, რის გამოც საქართველო მედიკამენტების სიძვირით გამორჩეულია.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს პასუხი დღეს კითხვაზე, რატომ არის შეზღუდული მედიკამენტების იმპორტი თურქეთიდან, სადაც ფარმაცევტული ინდუსტრია მაღალ დონეზეა განვითარებული.

„თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ? პასუხი არავის აქვს. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს შეიძლება ძალიან სწრაფი ეფექტი იყოს და მაშინვე შეიძლება გაიაფდეს წამლები. ეს მაგალითისთვის გითხარით.

ბუნებრივია, სხვა ღონისძიებებიც გვაქვს დაგეგმილი და მე ახალს არაფერს ვაკეთებ. თქვენ ახსენეთ, რომ შეიძლება ვერევი ბიზნესში, მაგრამ მთავარი მოტივაცია არის პირველი – ხალხი, მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა და შემდეგ – დანარჩენი სხვა. ეს გზა გაიარა ევროპამ. ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, შესაბამისად რაც არის აპრობირებული, გამოცდილი და დადასტურებული ევროპაში და ცივილიზებულ სამყაროში, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენც. ახალი ველოსიპედის გამოგონებას ჩვენ აქ არ ვაპირებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მედიკამენტების ფასების დარეგულირებაზე საკუთარი მოსაზრებები ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო და მათგანაც საინტერესო მოსაზრებები მოისმინა.

„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს უკვე დაგეგმილი ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გაირკვა, თურქეთიდან წამლების იმპორტი აკრძალული არ არის, მაგრამ სხვა შეზღუდვა მოქმედებს, რაც უფრო ამძიმებს ვითარებას. კომპანია „გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ ხელმძღვანელი, მარინა ბერაძე აცხადებს, რომ საქართველოზე იაფი წამლები არა მხოლოდ თურქეთში, არამედ ყველგან არის.

„ჩვენთან ეს პრობლემა ყოველთვის არსებობდა და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველოში ფარმაციის თემა სრულიად დერეგულირებულია. არ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ გვქონდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებები. აჭარაში მცხოვრებნი ძალიან ხშირად გადადიოდნენ თურქეთში, თავიანთთვის და შეიძლება, ახლობლებისთვისაც ყიდულობდნენ წამლებს და გიგანტი ფარმაციის კომპანიებისთვის ეს აღმოჩნდა მიუღებელი, ამიტომ, ბოლო პერიოდში, საზღვარზე ხდებოდა ფასების შედარება და ფასნამატი, რომლითაც აქ იყიდებოდა წამალი, იმის გადახდა უწევდათ მოქალაქეებს. ეს გზაც მოისპო, რომ ადამიანს თურქეთში წამალი იაფად ეყიდა“, - განაცხადა მარინა ბერაძემ „რეზონანსთან“ და დასძინა, რომ აუცილებელია, სისტემური ცვლილება მოხდეს.

არასტაბილური ვალუტის კურსი, გაზრდილი საოპერაციო ხარჯები და კონკურენცია - ეს ის ძირითადი მიზეზებია, რომელთაც სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლები წლის განმავლობაში მედიკამენტების ფასნამატზე საუბრისას ასახელებენ. როგორც „ბიზნეს მედიას“ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელში განუცხადეს, მომხმარებლისთვის ლოიალური პირობების შესაქმნელად ცდილობენ, რიგ მედიკამენტებზე, ძირითადად კი ქრონიკულ პრეპარატებზე, ფასდაკლებები დააწესონ, თუმცა ფასნამატი მომხმარებლის ბიუჯეტს მაინც მნიშვნელოვნად ეტყობა.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების ნუსხა და მთელი წლის განმავლობაში ფასთა დინამიკა ასეთია:

„დეტრალექსი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 56,7 ლ, დღეს ღირს 64,2 ლ;

„ნო-შპა“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 17,6 ლ, დღეს ღირს 19,6 ლ;

„კარდიომაგნილი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 13,9 ლ, დღეს ღირს 14,8 ლ;

„ნიმესილი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 20,02 ლ, დღეს ღირს 22,2 ლ;

„ტრიპლიქსამი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 59,29 ლ, დღეს ღირს 69,2 ლ;

„ქსარელტო“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 225 ლ, დღეს ღირს 262,65 ლ;

„ამრადიპინი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 44,05 ლ, დღეს ღირს 46,75 ლ;

„სიოფორი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 10,41 ლ, დღეს ღირს 11,55 ლ;

„დიაბეტონი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 19,06 ლ, დღეს ღირს 22,25 ლ.

„ჯიპისის“ მოთხოვნადი სააფთიაქო პროდუქტების ღირებულება 2021 წლის 1-ლი იანვრისა და წლის ბოლოს არსებული მონაცემების მიხედვით ასეთია:

„ნიმესილი“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,67 ლ, დღეს ღირს 0,74 ლ; „ნო-შპა” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 1,8 ლ, დღეს ღირს 1,96 ლ; „შპრიცი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,16 ლ, დღეს ღირს 0,2 ლ; „კორსიზი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 1,9 ლ, დღეს ღირს 1,97 ლ; „ციტრამონი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,25 ლ, დღეს ღირს 0,3 ლ; „კარდიომაგნილი” - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 1,39 ლ, დღეს ღირს 1,48 ლ;

„ტერაფლუ“ - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 2,62 ლ, დღეს ღირს 2,62 ლ; ხელთათმანი - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,85 ლ, დღეს ღირს 0,95 ლ;

ლეიკოპლასტირი - 2021 წლის 1-ელ იანვარს ღირდა 0,4 ლ, დღეს ღირს 0,45 ლ.

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში თურქეთიდან 40,142 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 12%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, წელს 11 თვეში ქვეყანამ 334,321 მლნ დოლარის ღირებულების შეფუთული წამალი იყიდა, ჯამში, 67 ქვეყანაში:

გერმანია - 46,166 მლნ დოლარი, თურქეთი - 40,142 მლნ დოლარი, უნგრეთი - 32,509 მლნ დოლარი, საფრანგეთი - 28,709 მლნ დოლარი, უკრაინა - 18,519 მლნ დოლარი.

ამასთან, წელს 11 თვეში საქართველომ 9,713 მლნ დოლარის ღირებულების დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებები შეიძინა, სულ 19 ქვეყანაში და თურქეთი იმპორტიორების სიაში არ არის.

dimpi ხოხ, აქამდე იატაკქვეშეთში იყომ ხომ?
2 წლის უკან