„სიხისტე პოლიტიკაში არ მიმაჩნია, რომ ნაკლია - ზოგ შემთხვევაში, ხისტი პოლიტიკა ჯობია“

„სიხისტე პოლიტიკაში არ მიმაჩნია, რომ ნაკლია - ზოგ შემთხვევაში, ხისტი პოლიტიკა ჯობია“

საქართველოს პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ, 88 ხმით, შალვა პაპუაშვილი აირჩიეს. იგი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე თავმჯდომარეა. ოპოზიციის ნაწილი პაპუაშვილს ხისტ პოლიტიკოსს უწოდებს და აცხადებს, რომ ახალი თავმჯდომარე ასევე ხისტი მმართველი იქნება. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევენ, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი კატეგორიულ მიდგომებს სიხისტეს უწოდებს, რაც ხშირ შემთხვევაში აცდენილია რეალობას. თუმცა, არც სიხისტე უნდა მივიჩნიოთ ნაკლად.

„თუ თქვენ პრინციპულობას სიხისტეს ეძახით, დიახ, ალბათ, ვარ ხისტი. თუ იმ სიმართლის თქმას, რისიც მჯერა, სიხისტეს ეძახით, დიახ, ხისტი ვარ. თუმცა ამ ყველაფერში გულწრფელი ვარ“, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზოციის კრიტიკას.

ოპოზიციის შეფასებებზე, რომ პაპუაშვილი ხისტია, ის ამბობს, რომ „მთავარია, ადამიანი გულწრფელი იყოს“. ამასთან, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამაგალითოა ის დამოკიდებულება, რაც ოპოზიციონერ დეპუტატებს კახა კუჭავას მიმართ აქვთ.

„ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რომ ადამიანი გულწრფელი იყოს თავის სიტყვებსა და საქმეში. რასაც აქამდე ვამბოდი და ვიტყვი ამის შემდეგ, იქნება ის სიმართლე, რისიც მჯერა და პირდაპირი დამოკიდებულება, რაც მექნება. დარწმუნებული ვარ, აქამდეც ეს აღქმა იყო, რომ გულწრფელი დამოკიდებულება მქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და გიზიარებდით, მათ შორის პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. უპირველეს ყოვლისა, ძალიან მიხარია ის თბილი სიტყვები, რომლებიც თქვენგან ისმის კახა კუჭავას მიმართ. სამაგალითოა როგორც თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ, ასევე ის ღირსეული თავმჯდომარეობა, რომელიც კახა კუჭავამ გასწია. კახასთან 20-წლიანი მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ აქვე გეტყვით, რომ ის არც ჩვენი გუნდიდან გამქრალა და მით უმეტეს, არც ჩემი ცხოვრებიდან. ასე რომ, მიხარია, რომ ოპოზიიცის მხრიდან ასეთი დამოკიდებულებაა კახას მიმართ. დიდი მადლობა მას, ვინაიდან, მისგან, როგორც მეგობრისგან, მათ შორის პოლიტიკაში, დიდ მხარდაჭერას ვგრძნობდი“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ პაპუაშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, ოპოზიციის კრიტიკა მისთვის გასაკვირი არ ყოფილა. მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ხისტი პოლიტიკა ჯობია, რბილ პოლიტიკას.

„მისი გამოსვლებიდან ასეთი შეფასებები ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ის საკმაოდ კატეგორიულია. სწორედ ასეთ კატეგორიულ პოლიტიკოსებს უწოდებენ ხისტ პოლიტიკოსებს. ის შესაძლოა, ისეთივე არ არ არის, როგორიც კობახიძე, ღარიბაშვილი, მაგრამ გაცილებით ხისტია, კატეგორიული შეფასებები იქნება თუ პოზიციების გამოხატვა. თუმცა, სიხისტე პოლიტიკაში ნაკლად ითვლება და არ მიმაჩნია, რომ ეს აუცილებლად ნაკლია. ზოგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხისტი პოლიტიკა ჯობია, ზოგან უფრო რბილი. გააჩნია რა ვითარებაში, რას ამბობს“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ პარლამენტის თავჯდომარე არა საკუთარს, არამედ პოლიტიკური გუნდის პოზიციას აჟღერებს.

„ალბათ ვიღაცაზე რაღაცა უნდა თქვან. არასეიოზული შეფასებაა. ზოგადად, კუჭავა და პაპუაშვილი არა მხოლოდ საკუთარ აზრს აჟღერებენ, არამედ შეთანხმებულს, პოლიტსაბჭოსთან გავლილს. პაპუაშვილი იქნებოდა, თუ ნებისმიერი სხვა, რომ დანიშნულიყო ამ თანამდებობაზე, რაიმე მსგავსს მაინც იტყოდნენ. თუმცა, ეს რეალობას არ ცვლის, პაპუაშვილი არის არჩეული თავმჯდომარე“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ამასთან, ოპოზიციაში აღნიშნავენ, კახა კუჭავას გადადგომითა და შალვა პაპუაშვილის დანიშვნით, საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური ორიენტაცია შეიცვალა და გეზი რუსეთისკენ აიღო.

აღნიშნულს ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი აბსურდს უწოდებს და ამბობს, რომ ვინც არ უნდა დანიშნულიყო პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის ნაცვლად, ოპოზიციიის კრიტიკა იგივე იქნებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ მსგვასი ტიპის განცხადებები საფუძველს მოკლებულია.

„არ ვთვლი, რომ ასეთ შეფასებებს რაიმე საფუძველი აქვს. თუ ჩვენი საგარეო ორიენტირი კუჭავაზე და ახალ თავმჯდომარეზე არის დამოკიდებული, თუ ვინმე ასეთი თვლის, მგონია, რომ მან არ იცის დასავლური ორიენტაცია რა არის, ან პიარისთვის იყენებს ამ ყველაფერს. პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყანაში არ არის ის პირი, რომელმაც საგარეო ორიენტირი უნდა განსაზღვროს. ბავშვური შეფასებაა“, - აღნიშნა ძაბირაძემ.

ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა პარლამენტის თავმჯდომარეზე არ არის დამოკიდებული.

„ყოვლად არასერიოზული ხალხია. აბსოლუტურად არაკომპეტენტური, რეალობას აცდენილი. რატომ ითვლება კუჭავა განსაკუთრებულად პროდასავლურად, ვერ ვიგებ. ახალბედა პოლიტიკოსია და რატომ არ უნდა იყოს სხვა პროდასავლური?! ეს არ არის დამოკიდებული ადამიანებზე და პოლიტიკოსებზე, არამედ გუნდზე და მის საქმიანობაზე. თუკი ვინმემ დააბრუნა საქართველო დასავლურ ვექტორზე, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი 2012 წელს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.