რამდენიმე დღის წინ გერმანულმა გამოცემამ „Zeit” სენსაციური ინფორმაცია გამოაქვეყნა. გაზეთის ჟურნალისტების მტკიცებით, მომავალ თვეში თავის დროზე პოპულარული შვედური ჯგუფი „ABBA” უწინდელი შემადგენლობით აღსდგება და რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს.
გერმანულ გამოცემას ჯგუფის ყოფილი წევრი აგნეტა ფელტსკუტი ესაუბრა. ქალბატონმა აგნეტამ განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ქალაქ მალმიოში დაგეგმილი „ევროვიზია - 2013“-ის ჩატარების დღეებში კვლავ გაერთიანება და მსმენელების წინაშე ორი კონცერტის გამართვა სურთ.
რამდენიმე თვის წინ ჯგუფის წევრებმა ბიორნ ულვეისმა და ბენი ანდერსონმა სპეციალურად მალმიოში ჩასატარებელი კონკურსისთვის კომპოზიცია „We Write History” დაწერეს. ჯგუფის დროებითი გაერთიანების შესახებ საუბრები ამის შემდეგ დაიწყო.
საინტერესოა, რომ ბრიტანული საბუკმეიკერო დაწესებულებებმა „ABBA”-ს შესაძლო დაბრუნების შესახებ უკვე სპეციალური ფსონების მიღებაც დაიწყეს.
მაისის თვეში ქალაქ სტოკჰოლმში „ABBA”-ს დიდების მუზეუმის გახსნაა დაგეგმილი. ამ ღონისძიებაზე ჯგუფის ყოფილი წევრები დასწრებას ისედაც აპირებენ. რაც შეეხება აგნეტა ფელტსკაუტს. მომღერლის ბოლო სოლო ალბომმა „My Colouring Book” დღის სინათლე 2004 წელს იხილა.