„სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალი უკვე ამოწურულია და ხიფათს აღარ წარმოადგენს, ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააგრძელებს კატა-თაგვობანას თამაშს თუ არა“

„სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალი უკვე ამოწურულია და ხიფათს აღარ წარმოადგენს, ახლა ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააგრძელებს კატა-თაგვობანას თამაშს თუ არა“

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებით, ამჟამად ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კი, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი ჩაივლის, ექიმების რეკომენდაციის თანახმად, სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან კვლავ რუსთავის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება. აღნიშნულის შესაბამისად, ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ამას მოჰყვება საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა.

თუმცა, ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში ასევე აღნიშნავენ, რომ როგორც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი ამოწურა და რესურსი იმისა, რომ საპროტესტო აქციები, რომელიც დიდი მასშტაბის და პერმანენტული იქნება, ოპოზიციას არ გააჩნია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების თქმით, კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვთ შემუშავებული, რომელიც ამ ეტაპზე უცნობია. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა მოხდება მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში დაბრუნდება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ერთგვარი კამპანია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იგი საზღვარგარეთ გაყვანას საჭიროებს, უკვე დაწყებულია. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი არ იქნება დასავლეთის მოწოდება, ან უკრაინის მოთხოვნა, ყოფილ პრეზიდენტს, თუნცად მკურნალობის მოტივით, ქვეყნიდან ვერ გაიყვანენ. ექსპერტის შეფასებითვე, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით საპროტესტო აქციები შესაძლოა გაგრძელდეს, თუმცა, მას ვერ ექნება მასშტაბური და უწყვეტი ხასიათი, რადგან ამის რესურსი ოპიზიციას აღარ გააჩნია.

„ბუნებრივია, რომ მკურნალობის კურსი როგორც კი დამთავრდება და ექიმები იტყვიან, რომ სააკაშვილი კარგად არის, მას რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, რადგან სხვა განვითარება ამ მოვლენებს არ შეიძლება ჰქონდეს და ვერც ექნება. თუმცა, იწყება მცდელობა იმის, რომ სააკაშვილი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ფსიქოტროპული წამლების ზემოქმედების ქვეშ და ა.შ. - მცდელობა იმისა, რომ მკურნალობის მიზნით ქვეყნიდან გაიყვანონ, უკვე არსებობს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმაში შეიძლება ჰქონდეს პერმანენტული აქციები რუსთავის ციხესთან, მაგრამ ამის გაგრძელების რესურსი ნაკლებად აქვთ. ამიტომ, მცდელობები, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი უფრო იქნება და არა რეალური შედეგის მომტანი „ნაციონალური მოძრაობისთვის.“ ამას აღარ ეყოფა მხოლოდ ადგილობრივი რესურსი, ძალიან მძიმე მოთხოვნა უნდა იყოს დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მძიმე ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს ნაბიჯი გადადგას ხელისუფლებამ და გაიყვანონ საზღვარგარეთ.

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პოტენციალი უკვე ამოწურულია. იგი ხელისუფლებისთვის ხიფათს აღარ წარმოადგენს და ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია, გააგრძელებს კატა-თაგვობანას თამაშს ისევ თუ არა. თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ეს თამაში გააგრძელოს, მაშინ გაუშვებენ საზღვარგარეთ. საქართველოში მისი შენარჩუნება იქნება ძალიან რთული, არცთუ ისე რეიტინგულის, მაგრამ მაინც, როგორც პოლიტიკური ფიგურის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკიდან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ თუ უკრაინიდან იქნება რაღაც მოთხოვნა, ან საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ის მართლაც გაუშვან ქვეყნიდან მკურნალობის მოტივით.

ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცემენ საშუალებას გადაჯგუფდეს ან გადანაწილდეს სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებში. ანუ, იმაზეა დამოკიდებული სპარინგ მოთამაშედ შეინარჩუნებენ სააკაშვილს თუ არა. თუკი ამ გადაწყვეტილებამდე მივლენ, გაუშვებენ. საქართველოში რომ დარჩეს, „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არა, იძულებული იქნება გაამწესოს რუსთავის ციხეში და ამდენ ხანს ციხეში ყოფნა სააკაშვილს, ალბათ, გაუჭირდება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეთა რიცხვი იკლებს. მისი თქმით, რესურსი იმისა, რომ მასშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციები გაგრძელდეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გააჩნია.

„განვლილმა პერიოდმა გვანახა, რომ ნელ-ნელა მცირდება საპროტესტო აქციის მონაწილეთა რიცხვი. როგორც ჩანს, დიდი ლაშქარის შეკრებისთვის არც ერთი და არც მეორე მოტივი არ კმარა. შესაძლოა, უბრალოდ, მხედართმთავრების მიმართ არ აქვს ამ ხალხს, როგორც ჯარისკაცებს, რწმენა და ამიტომ მათ დაძახილზე ნაკლები ხალისით გამოდიან. თუკი გავითვალისწინებთ აქციების ნაკლებ მხარდაჭერას, აქციების ჩატარებას, ალბათ, არ აქვს აზრი, რადგან აქცია მხოლოდ იმის ლუსტრაციას მოახდენს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდამჭერები იმ რაოდენობის არ ჰყავს, რა რაოდენობაც ჰგონია.

სულ უფრო ვიწროვნდება სამომავლო მოქმედების არეალი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. შესაძლოა, დიდი და პერმანენტული აქციები დააანონსონ, მაგრამ ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამისთვის საჭირო რაოდენობა არ ეყოლებათ. გეგმა იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს იტყვის ქუჩიდან პროტესტზე და საპარლამენტო ფარგლებში გააპროტესტებს მმართველი ძალის კანონებს ან პოლიტიკურ ინიციატივებს, ამას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არ ველოდები“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის თქმით, ყველა მედიკამენტი, რომელიც ინიშნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში, გადის ძალიან მაღალ წნეხს, რომ ამ მედიკამენტს არ ჰქონდეს გვერდითი მოვლენა და არ ავნოს ჯანმრთელობას სხვა კუთხით. მისვე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 2020 წელს გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის პრობლემები და დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.