„სააკაშვილმა ასლან აბაშიძის ქონების დიდი ნაწილი თავის სიმამრს გადასცა, რომელიც შემდეგ ამ ქონებას ყიდდა“

„სააკაშვილმა ასლან აბაშიძის ქონების დიდი ნაწილი თავის სიმამრს გადასცა, რომელიც შემდეგ ამ ქონებას ყიდდა“

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი წევრი, მამუკა გობეჩია for.ge-სთან საუბრისას სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს. კერძოდ, როგორ მიისაკუთრეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნებმა აჭარის ა-რ ყოფილი თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის და მისი ვაჟის გიორგი აბაშიძის კუთვნილი ქონება. როგორც გობეჩია ამბობს, სააკაშვილმა ამ ქონების დიდი რაოდენობა თავის სიმამრს გადასცა, რომელიც შემდეგ ამ ქონებას ყიდდა. მისი თქმით, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში დაკარგული ქონების პოვნა შესაძლებელია.

for.ge მამუკა გობეჩიას ესაუბრა.

ბატონო მამუკა, რა მოხდა 2003 წელს, რა გავლენა იქონია რუსეთმა ხელისუფლების მაშინდელ ცვლილებაზე?

მამუკა გობეჩია: 2003 წელს ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი, ედუარდ შევარდნაძემ დამნიშნა საარჩევნო კომისიის წევრად. ჩემი კვალიფიკაცია იძლეოდა იმის საშუალებას, რომ კანონის ფარგლებში მემოქმედა. მაშინ საშინელ ბულინგს გავიცდიდი „დემოკრატებისგან“, თითქმის ყველანი ჩემი ნაცნობი იყო, გარდა მიხეილ სააკაშვილისა. ვიცოდი მისი ფსიქოტიპი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ეს ძალა არ მოსულიყო ქვეყანაში. სერიოზულ წინააღმდეგობას ვუწევდი. ჩემზე გადაიღეს ე.წ. კლიპი - „შენ, მომავალ არჩევნებს ციხეში შეხვდები“. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთერში ტრიალებდა ეს კლიპი, თან ისე, რომ ჩემი სახე არ იყო დაფარული.

რა იყო მიზეზი, რატომაც კლიპიც კი მოგიძღვნათ მაშინდელმა ოპოზიციამ და იყავით ბულინგის მსხვერპლი?

- ვითომ ვაყალბებდი არჩევნებს. კარგად ვიცოდი „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის მუშაობის სისტემა. ყველაფერი ის, რაც კეთდებოდა ე.წ. შავი პიარის მეშვეობით და რა ქვედა დინებები იყო. ამიტომ შევხვდი საქართველოში ვიზიტად მყოფ მაკკეინს. მან დამიდასტურა, რომ ეს ყველაფერი იყო არა ხალხის ნების გამოხატულება, არამედ გარკვეული პოლიტიკური ძალების გამოხატულება. სხვათა შორის, როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ვხვდებოდი მაკკეინს, გვერდით ოთახში იჯდა სანდრა რულოვსი, რომელიც გვისმენდა. ფარულ ჩანაწერს აკეთებდა. ეს მოხდა რესტორან „პურის სახლში“.

რაზე ესაუბრეთ მაშინ მაკკეინს?

- მე ვუთხარი, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო თითოეულ თავდასხმაზე გაეცა პასუხი. ეს არ მოეწონა ბატონ მაკკეინს და ჩვენს შორის რამდენიმეწუთიანი კამათიც შედგა.

კამათი რამ გამოიწვია?

- შეხვედრა შედგა თავად მაკკეინის ინიციატივით. მას სურდა გაეგო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რაც მაშინ ვითარდებობდა, ნიადაგი მოსინჯა - ვუჭერდით თუ არა მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლას ხელისუფლებაში, რადგან მთელი საქართველო გაგიჟებული იყო ამ გიჟებზე. მაკკეინი უფრო იხრებოდა ბურჯანაძე-დემოკრატების მხარეს, რომლის შემდგენლობაში მეორე ნომრად იყო ბატონი ზურაბ ჟვანია.

როდესაც ჩვენს შორის შედგა საუბარი, ვუთხარი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზდული მოძრაობა „კმარა“ და ა.შ. პირდაპირ ფინანსდებიან სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, მას არ მოეწონა და მითხრა: კარგით, მაშინ ევროკავშირზე რას იტყვითო, რაზეც ვუპასუხე, რომ ევროკავშირი არის თქვენი დანამატი და რასაც თქვენ იტყვით, იმას გააკეთებს-თქო. ამ დროს ინტენსიური მოლაპარაკება მიდიოდა ედუარდ შევარდნაძესა და ე.წ. ჟვანიას ჯგუფს შორის, რომ ჟვანია მომხდარიყო პარლამენტში. იცით, რომ ბურჯანაძემ ვერ გაიმარჯვა ქუთაისში და იქ არჩევნები 2 საათით გადაწიეს. ნაცვლად იმისა, რომ 8 საათზე დახურულიყო უბანი, 10 საათამდე გადაწიეს, რისი წინააღმდეგი მარტო მე ვიყავი.

თუმცა, „ვარდების რევოლუცია“ მაინც შედგა...

- დიახ. რუსების ხელი ერია ამ პროცესებში და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც გვქონდა. მე თვალყურს ვადევნებდი მოვლენების განვითარებას. 6 მაისს, როდესაც აჭარიდან გაიქცა ასლან აბაშიძე, მაშინ ტელეკომპანია „202“-ის სტუდიაში ვიყავი. შალვა რამიშვილს ვთხოვე, რომ დაეთმოთ ჩემთვის ეთერი, რადგან მაბრალებენ იმას, რაც არ გამიკეთებია. მაშინ იქ შემოვიდნენ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები და თქვეს, რომ აბაშიძე გაიქცაო.

რომ დავაზუსტოთ, ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინ შემოვიდა?

- დავით ტყეშელაშვილი, დავით კირკიტაძე და გარეთ ელოდებოდნენ კიდევ ვიღაცები. მათ თქვეს - „ასლანმა დატოვა აჭარა, ჩვენ საქართველო გავაერთიანეთ“. მაშინ ვუთხარი, რომ კი არ გააერთიანეთ საქართველო, არამედ თქვენ დაღუპავთ საქართველოს-თქო. ამის შემდეგ ვითარდება საინტერესოდ მოვლენები. ჩემი უახლოესი მეგობარი, ზურაბ ანდრიაძე რომელიც მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ დეპარტამენტს, რომელიც შემდეგ სიპ-ად გამოეყო, მის მოვალეობაში შედიოდა კონფისკაციის შედეგად დაგროვილი ქონების ბალანსზე აღება, შემდეგ აუქციონის წესით გასხვისება და მიღებული თანხმების სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა. 2004 წლის აგვისტო-სექტემბერში საჭირო გახდა აბაშიძის მიერ დაგროვილი ქონების აღწერა და მიღება, ანუ ასლან აბაშიძის ქონების კონფისკაცია, ბალანსზე აღება, აუქციონის წესით გასხვისება და მიღებული თანხით ბიუჯეტის შევსება. ამ სამუშაოების შესასრულებლად ზურაბ ანდიაძემ აჭარაში მიავლინა მისი მოადგილე აკაკი ჭოღოშვილი.

ამის შემდეგ როგორ განვითარდა პროცესები?

- ორ კვირაში ჩამოვიდა აკაკი ჭოღოშვილი და ეუბნება ზურას, რომ ქონების მხოლოდ ნაწილი ვნახე, ქონების დიდი ნაწილი ვერ ვნახეო. უთხრა, რომ საჭირო იქნება თქვენი ჩარევა, რადგან ძალიან მძიმე საუბარი მქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის წარმომადგენლებთანო. ამიტომ, რამდენიმე დღეში აჭარაში გაემგზავრა ზურაბ ანდრიაძე რომ მოეკითხა რა ხდებოდა. ქონების ჩამონათავლი ჰქონდა და თვალით ხომ უნდა ენახა ბალანსზე რა უნდა აეღო, რომ შემდეგ შესაბამისი პროცედურა განვითარებულიყო. ადგილზე რომ ჩავიდა, მოიკითხა ეს ქონება და ვერ იპოვა.

ამის შემდეგ შეხვდა ლევან ვარშალომიძეს და ესაუბრა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელმაც პირდაპირ უთხრა - „თავი დაანებე. ფეხებზე დაიკიდე, შენ ბალანსზე აიყვანე რაც ამ ჩამონათვალშია და დანარჩენს ჩვენ მივხედავთ“, რაზეც ზურამ უთხრა, რომ 100 კაცი გყავთ დაჭერილი და მე, ასეთი რამ რომ გავაკეთო, თავისთავად დამიჭერთო. ჯერ ერთი, რომ არაკანონიერია, რადგან მატერიალურ-ტექნიკურმა დათვალიერებამ შედეგი არ მომცა და რა უნდა ავიყვანო ბალანსზეო? ამაზე მოუვიდათ კამათი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ხელი მოუქნია ვარშალომიძეს, აგინა და წამოვიდა უკან.

კარგად მახსოვს, ეს იყო ხუთშაბათი დღე. დამირეკა და მითხრა, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა და რა გავაკეთო არ ვიციო. მაშინ ხომ გახსოვთ როგორი ვითარება იყო, სამართალდამცავ სტრუქტურებში იყვნენ როგორც ყოფილი, ისე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზურა ვერელი იყო, როგორც ჩანს, მისი ნაცნობი მუშაობდა იმ სისტემაში და მან გააფრთხილა, რომ ორშაბათს არ მისულიყო სამსახურში, დაჭერას გიპირებენ და ტელევიზორში გამოგაჭენებენ, როგორც გამფლანგველსო. ზურამ მოახერხა, რომ ერთი ხელჩანთით დაეტოვებინა საქართველო და წავიდა ქვეყნიდან. აზერბაიჯანში შევხვდი მას, იქ მელაპარაკა ყველაფერი და საკუთარი ხელით დაწერა ფურცელზე იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც დაიკარგა. 2014 წელს ზურა მე ჩამოვიყვანე საქართველოში.

რაც შეეხება ქონებას, რომელიც ვერ იქნა აღმოჩენილი, შეგიძლიათ გვითხრათ რა ქონებაზეა ლაპარაკი?

- ეს არის გებელსის ნაქონი წითელი „მერსედესი“. 2 „ლამბორჯინი“, რომელიც გიორგი აბაშიძის კუთვნილება იყო, ასევე გიორგის მოტოციკლეტები. 5 ცალი ნახევრად ბრონირებული შავი ფერის „მერსედესი“, შემოიტანა დანიურმა ფირმამ, თითოეულის ღირებულება იყო 150 ათასი დოლარი, სპეც-შეკვეთა იყო, მაგრამ დოკუმენტები არ არსებობს. შემდეგ ამ „მერსედესით“ მოძრაობდა ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და ბატონი ირაკლი კოდუა. რამდენიმე მანქანის კვალი ქრება. 18 ცალი შავი და კრემისფერი ამერიკული „ჰამერი“, თავისი მარაგ-ნაწილებით. მე მახსოვს როგორ დადიოდა ასლან აბაშიძე „ჰამერებით“ იმ ტერიტორიაზე, სადაც იყო ჰამერების საამქრო, ესენი ფიზიკურად ვერ ნახა. 2-კაციანი ფრანგული ვერტმფრენები, ასაწყობი საამქროთი - 12 აწყობილი და 50 ცალზე მარაგ-ნაწილები ყუთებში შეფუთული იდო აეროპორტის ტერიტორიაზე. საბუთებიც უნდა ყოფილიყო აეროპორტის ტერიტორიაზე, მაგრამ რომ მოიკითხა, ვერ ნახა. 6-კაციანი ბიზნეს თვითმფრინავი „ჯეტა“, 10-12 აწყობილი მასალა, 50-60 ცალზე ასაწყობი მასალებით და ძრავებით. ამ ამერიკულ თვითმფრინავებს აწყობდა გერმანელი სპეციალისტი. ასევე დაკარგულია სასაზღვრო დაცვის 5 ცალი კატარღა. მომცრო ზომის 4 გემი. ცხენსაშენი თავისი გერმანული ცხენებით, რამდენიმე მილიონის ქონებაა. სირაქლემების ფერმა 250-300 სირაქლემით, იარაღის კოლექცია - პატარა „ბერტა“ და ოპტიკური თოფები, რომელიც შემდეგ ჰქონდათ გიგი უგულავას და გია გეწაძეს. მის მიერ დაწერილ ამ ჩამონათვალში არ წერია, მაგრამ მითხრა, რომ დაიკარგა მეჰმედ აბაშიძის საგვარეულო ქამარ-ხანჯლები და მაჭახელას ტიპის თოფების კოლექცია, რომელიც რამდენიმე მილიონი დოლარი ღირდა.

თავისთავად საინტერესოა ასლან აბაშიძემ როგორ დააგროვა ეს ქონება, მაგრამ ასევე საინტერესოა სად წავიდა შემდეგ ეს ქონება? გარდა იმისა, რომ ნინო ბურჯანაძე და ირაკლი კოდუა დადიოდნენ აბაშიძის ბრონირებული მერსედესით და იარაღის ნაწილი მიისაკუთრეს უგულავამ და გეწაძემ...

- ეს ყველაფერი არის გაყიდული. სააკაშვილმა ამ ქონების დიდი რაოდენობა თავის სიმამრს გადასცა. მაგალითად, რამდენიმე ცალი ვერტმფრენი, ასევე „ჰამერები“. უბრალო ინჟინერი იყო და დღეს მილიონერია ბატონი ედვარდ რულოვსი. შეიძლება კატარღებიც იქ იყოს. ქონების ის ნაწილი, რომელიც არ იძებნება, ვფიქრობ, რომ გაყიდულია ბიუჯეტის გვერდის ავლით. აუცილებლად უნდა არსებობდეს დეკლარაციები, უნდა არსებობდეს ტვირთის განბაჟების დოკუმენტები. მე, დარწმუნებით ვიცი და იყო მაშინ ამაზე საუბარი, თვითონ ზურაც ამას ამბობდა, რომ ძირითადი სიმდიდრე და მათ შორის 18 „ჰამერი“ თავისი ასაწყობი ცეხით და მარაგ-ნაწილებით, ასევე ვერტმფრენები გაჩუქებული იყო სააკაშვილის სიმამრზე, რომელიც შემდეგ ყიდდა. ყველაფრის პროვნა შეიძლება და ეს დამოკიდებულია პროკურატურის მუშაობაზე.

საერთო ჯამში რა რაოდენობის ქონება არის დაკარგული?

- ეს არ იყო აბაშიძის ქონება. გარკვეული ნაწილი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ნაწილი კი აბაშიძის კუთვნილება. ეს კატარღები სასაზღვრო პოლიციისთვის უნდოდა, აბა რაში სჭირდებობდა 20 ცალი სწრაფმავალი კატარღა? დიდი ალბათობით, აქ საუბარია მილიარდ ნახევარი დოლარის ღირებულების ქონებაზე და კიდევ რამდენია გატანილი არავინ იცის. სააკაშვილმა ტყუილად კი არ თქვა, რომ ჩემს გვერდით ჩემი ცოლი უნდა იჯდესო. ეს ისეთი იდიოტია, კი ვერ ფიქრობს, რა თქვა. ის ადამიანი არ არის, არასოდეს მას ადამიანად არ ვთვლიდი.

amo "მისი თქმით, პროკურატურის დაინტერესების შემთხვევაში დაკარგული ქონების პოვნა შესაძლებელია." ახლა გეკითხებით: ამას სახელმწიფო ჰქვია?
2 წლის უკან
dimpi რას აბინურებთ ქართულს უცხოური სიტზვების შემოტანით? ბულინგი არა ბუბლიკი კიდევ
2 წლის უკან