"ვალენსია" მამარდაშვილს გამოისყიდის და თანხის გადასახდელად ორი ვარიანტი აქვს

ესპანურმა „ვალენსიამ“ გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას As-ი ავრცელებს.

გავლენიანი ესპანური გამოცემის ცნობით, ყველაფერი გადაწყვეტილია და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ხოსე ბორდალასის სასტარტო შემადგენლობაში ვეღარც ლა ლიგაში ხვდება და ვეღარც ესპანეთის თასზე, „ღამურები“ 21 წლის ქართველ კიპერზე დიდ იმედს ამყარებენ.

წყაროს თანახმად, კლუბს გიორგის გამოსყიდვის ორი ოფცია აქვს: 425 ათასი ევროს იანვარში გადახდა და 425 ათასი ევროს მაისში გადახდა ან თანხის სრული ნაწილის მაისში გადახდა. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ჩაივლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდი კლუბში.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გამოსყიდვის საფასური კონტრაქტის პუნქტის მიხედვით 20-დან 30 მილიონ ევრომდე იქნება.

შეგახსენებთ, მამარდაშვილი „ვალენსიას“ „დინამო თბილისიდან“ იჯარით ზაფხულში შეუერთდა და დღემდე ლა ლიგაში 6 მატჩი ჩაატარა. ის პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს, ორჯერ კი კარი მშრალად შეინახა.