"ანორთოსისი" სკანდალური ვიდეოსთვის ნიკა კაჭარავას კონტრაქტს გაუწყვიტავს

ფამაგუსტას „ანორთოსისი“ ნიკა კაჭარავას კონტრაქტს გაუწყვიტავს. ამის შესახებ კვიპროსული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

საქმე აქამდე იმიტომ მივიდა, რომ კაჭარავას გუნდიდან გაშვება ფანებმა მოითხოვეს. კაჭარავა გურამ კაშიასთან ერთად „აპოელი“ – „ომონიას“ მატჩს დაესწრო და გიორგი ქვილითაიას გოლს ზეიმობდა, რამაც „ანორთოსისის“ გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია, რადგან მათთვის „აპოელი“ მთავარი კონკურენტი და მოძულე მეტოქეა.

როგორც ფამაგუსტელთა ვებგვერდი იტყობინება, კლუბის ხელმძღვანელობასა და კაჭარავას შორის შეხვედრა შედგა, სადაც მას მიეცა საშუალება, რომ თავისი საქციელი აეხსნა მომხდართან დაკავშირებით. საბოლოოდ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნიკა გუნდთან ერთად არ ივარჯიშებს და უახლოეს მომავალში შეთანხმება შედგება კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფორვარდმა აღიარა შეცდომა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.