„რა გამოდის, კახეთის რომელიმე წარმოამდგენელს, ვისაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნება, ყველას კლანის წევრობა უნდა დავაბრალოთ?“

„რა გამოდის, კახეთის რომელიმე წარმოამდგენელს, ვისაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნება, ყველას კლანის წევრობა უნდა დავაბრალოთ?“

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე კახა კუჭავას შალვა პაპუაშვილით ჩანაცვლებამ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსიები გააჩინა. საუბარია, რომ კუჭავა ახალი წლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. მეორე ვერსიით კი, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში „კახურ კლანს“ აძლიერებს.

აღნიშნული ინფორმაცია ანალიტიკოსებს შევაფასებინეთ რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამიწვია.

„კლანს ვერ დავარქმევ და რატომ გეტყვით, იმის გამო, რომ წარმომავლობით შალვა პაპუაშვილი ქიზიყიდან არის, ამიტომ კლანს ეკუთვნის? რა გამოდის, კახეთის რომელიმე წარმოამდგენელს, ვისაც კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ექნება, ყველას კლანის წევრობა რომ დავაბრალოთ, არარეალურია. კახა კუჭავამ თავად ახსნა თუ რატომ გადადგა და ამიტომ, არ მგონია, რომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ამაში შეთქმულების თეორია. რეალურად, ყველა ცვლილება განპირობებულია იმით, რომ პერსპექტივაში ბევრად უკეთესი პოლიტიკა იქნას განხორციელებული. ალბათ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ შალვა პაპუაშვილი ამ ეტაპზე არის ბევრად უფრო პერსპექტული და ის პარლამენტში ბევრად უფრო გააუმჯობესებს პოლიტიკურ ცხოვრებას. დანარჩენი, არ მინდა შეთქმულების თეორიებში შევიდე და არ მჯერა, რომ რაღაც კლანები არსებობს. რაღაცას აქვს დასაწყისი და რაღაცას აქვს დასასრული“, - განუცხადა for.ge-ს ანალიტიკოსმა ზურა ქადაგიძემ.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ კახა კუჭავა სხვა პოზციაზე უფრო ეფექტური იქნება.

„დღეს, ჩვენს ქვეყანას ძალიან პერსპექტული პრემიერ-მინისტრი ჰყავს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევებს ებრძვის. ირაკლი ღარიბაშვილი არსად არ მიდის, პირიქით, - ემზადება უფრო კარგი საქმეების გასაკეთებლად. ღარიბაშვილის წასვლა მოარული ჭორებია, რომელიც არანაირ სიმართლეზე არაა დაფუძნებული. გუნდის გადაწყვეტილებაა და თვლიან, რომ ბატონი კუჭავა სხვა პოზციაზე უფრო ეფექტური იქნება. არაფერი ისეთი არ ხდება, რამაც შეიძლება გუნდში რყევები გამოიწვიოს. დღეს „ქართული ოცნება“ ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ „კახური კლანის“ გააქტიურება რეალობასთან ახლოს არის.

„კახა კუჭავა გაწონასწორებული და ნაკლებად რადიკალური პოლიტიკოსია. აქედან გამომდინარე, რომ მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოუწოდებდნენ „ცხრაწლიან სისხლიან რეჟიმზე“ ესაუბრა, რასაც ის არ აკეთებდა, ბევრს არ აწყობდა. ხელისუფლებაში აწყობთ უფრო რადიკალი იყოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. კახა კუჭავამ ერთი წელიც არ არის, რაც არჩილ თალაკვაძე შეცვალა და პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. აქ საქმე ისაა, რომ კუჭავა პარლამენტის მანდატსაც ტოვებს. თალაკვაძეს მანდატი არ დაუტოვებია, კი გადადგა, მაგრამ რიგით დეპუტად რჩება. კუჭავას განცხადება, რომ ის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად რჩება, ვფიქრობ, ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან გამოჩნდეს ასე - პარტიიდან არ მიდის და ამით საზოგადოებას დაანახონ, რომ გუნდში უთანხოება არ არსებობს. რაც შეეხება კუჭავას პრეიერ-მინისტრობას, არ მგონია ასე მოხდეს. კი, დადიოდა ამის შესახებ ხმები, თუმცა თავად კუჭავა გავრცელებულ ხმებს უარყოფდა“, - განუცხადა for.ge-ს ნიკა ჩიტაძემ.