„როცა ამდენი ცვლილება ხდება და თან ისე, რომ თვალსაჩინო დიდად არაფერია, ნიშნავს, რომ პრობლემაა“

„როცა ამდენი ცვლილება ხდება და თან ისე, რომ თვალსაჩინო დიდად არაფერია, ნიშნავს, რომ პრობლემაა“

პანდემია, საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები, საკადრო ცვლილებები, ექს-პრეზიდენტის დაკავება, ყველაზე სასტიკი დამნაშავის, მეგის ქარდავას ექსტრადირება და „მოშიმშილე“ ოპოზიცია - ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ მნიშვნელოვანი მოვლენებისა, რომლითაც გამოირჩევა 2021 წელი. საქართველოს ჰქონდა წარმატება, მაგრამ წარუმატებლობაც, ამ მხრივ საინტერესო იყო პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას პარლამენტიდან წასვლა, რომელიც შედარებით ხისტმა შალვა პაპუაშვილმა ჩაანაცვლა. მთავარი პოლიტიკური მოვლენები წინ გვაქვს და ამ მხრივ საკმაოდ დატვირთული იქნება იანვრის თვე, რადგან არაოფიციალური ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებას შესთავაზებს.

როგორი იყო 2021 წელი ქვეყნისთვის - ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ორი წელია მსოფლიო „კოვიდ 19“-თან ერთად ცხოვრობს და მათ შორის არის საქართველო, რომელსაც პანდემიის პირველ ეტაპზე ჰქონდა პროგრესი, მთავარ ინფექციონისტებს „სამ მუშკეტერსაც“ კი უწოდებდნენ მათ, მაგრამ მალევე აღმოჩნდა, რომ სიკვდილიანობით ჩვენ გავუსწარით მეზობელ სახელმწიფოებს - სომხეთს და აზერბაიჯანს. შეიძლება ვთქვათ, რომ 2021 წელი წარუმატებელი იყო საქართველოსთვის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრით, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი მსხვერპლი?

რამაზ საყვარელიძე: საშინელი ციფრებია, რომელიც მართლა ვერაფერს ვერ შეედრება. ომის მსხვერპლსაც გადააჭარბა პანდემიის მსხვერპლმა, რაც საეჭვოა რამეთი აიხსნას, გარდა ძალიან ბევრი ხარვეზისა ჯანდაცვის სისტემაში. როცა გავრცელება პროცენტულად არ არის იმხელა, რამდენიც სიკვდილიანობა, ეს მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სისტემა ვერ უძლებს, ვერ მიყავს დაავადება გამოჯანმრთელებამდე. სისტემა სუსტია რთული შემთხვევების ბოლო ფაზაში. თქვენ ახსენეთ „სამი მუშკეტერის“ ეტაპი, ეს ფენომენი იყო იმდენად, რამდენადაც მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ყურს უგდება ექიმებს და მოქმედებდა მათთან თანამშრომლობით.

აღნიშნავდნენ კიდეც გამყრელიძე და ცერცვაძე, რომ ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვსო. ამან გამოიღო ეს შედეგი. თუკი მეორე პლანზე გადაიტან ადამიანთა გადარჩენას, უკვე დიდი შანსია გაიზარდოს მსხვერპლი. თუკი ეკონომიკურ მხარეს წამოწევ წინ, კიდევ უფრო დიდი შანსია, რომ გაიზარდოს მსხვერპლი, ვინაიდან იზრდება მობილურობა და მოქალაქეთა მობილურობაში არსად არ არის შეზღუდვა. პროცესი მიდის იქითკენ, რომ ამერიკის ტიპის ყოფას ვეგუებით - ოღონდ ეკონომიკა ნუ ჩავარდება და მსხვერპლი იყოს.

ჩვენ ხომ არ ვართ ამერიკა, პატარა საქართველოსთვის ოპტიმალურია პოლიტიკა - „ოღონდ ეკონომიკა ნუ ჩავარდება და მსხვერპლი იყოს“? მსხვერპლი დიდია, თუმცა ეკონომიკაც წინ ვერ მიდის...

- რამდენად სწორი სტრატეგიაა, ეს კიდევ საკითხავია იმ თვალსაზრისით, რომ ამერიკას ეკონომიკური პოტენციალი უფრო მრავალფეროვანი აქვს. ტურიზმი თითქმის არ ფიგურირებს ამერიკის ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკის ცენტრი - ტურიზმია. ტურიზმი კი, მობილურობის გაზრდას ნიშნავს. ამდენად, ამერიკა თავის ეკონომიკას უფრთხილდება იმით, რომ წარმოებას ინარჩუნებს და პროცენტული მაჩვენებლით კიდევ ნაკლებ უბედურებას მოუტანს იმ ქვეყანას, ვიდრე შენი აქცენტი ეკონომიკაზე, როცა შენთვის ეკონომიკის წყაროა ტურიზმი. ორი წლის განმავლობაში თითქმის არაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეკონომიკას სხვა ტიპის ფორმები მიეღო და შედარებით დასჯერებოდა ტურიზმის იმედზე ყოფნას. ჯერჯერობით არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ქართული ეკონომიკა ტურიზმზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს წელი საქართველოსთვის იყო ძალიან მძიმე.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკური გადაწყვეტილებების თვალსაზრით რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი იყო? შეიცვალა პრემიერ-მინისრტრი, ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, შეიცვალა ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც დღეს „ქართულ ოცნებაში“ ჯანდაცვის მიმართულებას კურირებს და ამბობს, რომ აქედან უფრო მეტის გაკეთება შეუძლია პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ვიდრე მინისტრის სავარძელიდან, რაც გაუგებარი მოტივია...

- გეთანხმებით, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა პოლიტიკურ არენაზე. საინტერესოა, თვითონ პანდემიის თემაც რა ტიპის ზეწოლას განიცდიდა პოლიტიკის მხრიდან. მცირე დროში იყო ორი არჩევნები - საპარლამენტო და რეგიონალური, რომელსაც თავისი მობილურობა ახლდა, ამას ემატება საპროტესტო აქციები, რამაც პანდემიაზე რაღაცა გავლენა მოახდენდა. რაც შეეხება თვითონ პოლიტიკურ დატვირთვას, საზოგადოებაში გაჩნდა ოპტიმიზმი, რომ მესამე პოლიტიკური ძალის სახით მომწიფდებოდა გახარიას ჯგუფი, მაგრამ სამწუხაროდ, ის რაც გახარიას პლუსად ჩაითვალა, რომ მან დაუჯერა ექიმებს, ასეთი თვისება მერე უკვე არ გამოამჟღავნა. მისი შეცდომების პიკი იყო მერის არჩევნებისთვის ბრძოლაში ჩაბმა, რაც მას სჭირდებოდა და რომც გაემარჯვა, ამით არაფერი შეცვლებოდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ მოელოდა მოსახლეობა მესამე პოლიტიკური ძალის გაჩენას, მაგრამ ისევ ჩაქრა.

შანსის ჩაქრობა მნიშვნელოვანი დანაკლისია მიმდინარე პოლიტიკური პროცესისთვის?

- სამაგიეროდ გაჩნდა რამდენიმე პროცესი, რომლის შედეგადაც ოპოზიციამ დაკარგა ძალიან ბევრი. უამრავი შეცდომა დაუშვეს. ვნახეთ, რომ საქართველოში ჩამოყვანილმა სააკაშვილმაც ვერ გააძლიერა საზოგადოებაში საპროტესტო მუხლი საიმისოდ, რომ ეს დიდად დატყობოდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. მიტინგებიც კი არ ჰქონდათ მასშტაბური, თუმცა იმუქრებოდნენ. დიდი პერსპექტივის მქონე არ არის არც შიმშილობის აქცია, რომელსაც ახლა მართავენ. შიმშილობის აქციით პოლიტიკური შედეგი ძალიან იშვიათია. თუკი ვიღაცების შიმშილობა პოლიტიკურ პროცესს ეხმარება ხოლმე, იქ, იმ შემთხვევაში სხვა ფაქტორები მოქმედებენ. თავისთავად, შიმშილობა პოლიტიკას რომ ცვლიდეს, არჩევნებს და პოლიტიკურ ბრძოლას გვერდზე გადადებდა ხალხი და შიმშილობაში შეეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ასეთი რამ კი არ ხდება. არც ახლა დამსხდარი ადამიანების შიმშილობა იქნება პოლიტიკურად რამე შედეგის მომტანი. მთლიანობაში, ოპოზიციისთვის ეს პერიოდი მარცხიანი პერიოდი იყო.

ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვების პერიოდი იყო. თვითონ „ოცნებაში“ ბევრი რამ მოუგვარებელია და ამას ადასტურებს როგორც მინისტრების ცვლილებები, ასევე უფრო მნიშვნელოვანი, ალბათ, პარლამენტის თავმჯდომარეების შეცვლაა. როცა ამდენი ცვლილება ხდება და თან ისე, რომ თვალსაჩინო დიდად არაფერია, ნიშნავს, რომ პრობლემაა. ტიკარაძის შემთხვევაში ის მაინც იყო, რომ კრიზისია კოვიდთან ბრძოლაში და ლოგიკურია ჯანდაცვის მინისტრის მოხსნა. დანარჩენი არც ერთი საკადრო ცვლილება ამ დისტანციიდან გასაგები არ არის. როცა გაუგებარი მიზეზებით ხდება ცვლილებები, ე.ი. პოლიტიკურ ჯგუფში ხდება დაპირისპირება. ამიტომ, ზედაპირზე ვხედავთ რაღაცას, მაგრამ გასაგები არ არის - რას.

რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ამ მხრივ ხმაურიანი იყო მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი, რამაც აშშ-ის ელჩის გულისწყრომა გამოიწვია და მათ შორის ევროკავშირის. ასევე მნიშვნელოვანი იყო მეგის ქარდავას ექსტრადიება, ვიცით, რომ იგეგმება გენერალური შტაბის უფროსის, გიგი კალანდაძის ექსტრადირება. დაკავებულია ექს-პრეზიდენტი. სამართალი და გამოძიება ეს არის ის სფერო, რისთვისაც ხელისუფლებას ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და ამ ნაწილში ხშირად საყვედურობენ კოჰაბიტაციის პროცესის გამო, რაც არ იყო სწორი ფორმა პოლიტიკურ ოპონენტთან თანამშრომლობის კუთხით...

- სწორი ბრძანდებით. მიჭირს რამე თავდაჯერებულად ვთქვა, იმიტომ, რომ არ ვარ სისტემის ისეთი მცოდნე, როგორიც სჭირდება მის შეფასებას. მით უმეტეს რთული სისტემაა. ჩემთვის დიდი ხანია გაუგებარია, რატომ იხდის თავს სალანძღავად „ქართული ოცნება“ და რატომ არ იცავს იმ მოთხოვნებს, რომლითაც სრულიად განახლდება მოსამართლეთა კორპუსი?! ოპოზიცია იძახის, რომ მართვადი მოსამართლეები სჭირდებათო, მაგრამ ეს დამაჯერებელი არ არის. იმიტომ, რომ თუ მოისურვა ხელისუფლებამ, მართვად მოსამართლეებს ყოველთვის შექმნის. დედის მუცლიდან ხომ ამ გამოჰყვა ეს მოსამართლეები სააკაშვილს, მან გახადა მართვადი.

ამიტომ, მართვადობის მოტივი გაუგებარია. სხვა მოტივი არ ჩანს. არის ვერსიები, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაწინაურებული იურისტები და მათ შორის კონსტიტუციონალისტებიც კი, ხელს უწყობენ და ლობირებენ ამ ჯგუფს და ამიტომ არიან ხელშეუხლებლები, ამიტომ ხდება ამდენი საყვედურის მოსმენა უცხოელებისგან. თქვენ ამერიკა ახსენეთ და ამ მხრივ არავის არ დაუკლია კრიტიკა. მცირეოდენი დადებითი შეიძლება იყოს ქარდავას ექსტრადირება, ასევე სააკაშვილის გატუსაღება, რომელიც ნომრმალურად წავიდა. გამოძიების ოპერატიული მხარე შიგადაშიგ აშკარად უკეთესად გამოიყურება.

რაც შეეხება საგარეო მომართულებას. დავშორდით ევროპას და ნატოს, თუ პირიქით, დავუახლოვდით?

- უნიკალური მოვლენები ვნახეთ. საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით, საქართველოს ბედ-იღბალში ჩართული იყვნენ ევროპული პოლიტიკის უმაღლესი ეშელონები. ჩაერთვნენ, ჩაერივნენ, მოაწესრიგეს. მართალია, ცუდად მოაწესრიგეს, მერე გაირკვა, რომ ხარვეზიანი იყო დოკუმენტი, მაგრამ უკან არ დაუხევიათ და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ. ერთი რამ ცხადი ხდება - ყირიმისა და ყარაბახის პრობლემების სათავისოდ მოგვარების შემდეგ, რუსეთმა ძალიან გააძლიერა შავი ზღვის ამ რეგიონში თავისი გავლენა. შესაბამისად, გაძლიერდა რუსეთის გავლენა. შესუსტდა დასავლეთის გავლენა. ერთი მხრივ შესუსტდა და მეორე მხრივ კიდევ უფრო მძაფრად დაუპირისპირდა ამ რეგიონში რუსეთს.

ასეთ დაპირისპირებაში დასავლეთისთვის ერთადერთი დასაყრდენი არის საქართველო. თურქეთიც დიდად სანდო არ არის. ამ საგარეო პროცესის პროდუქტი იყო ის, რომ ევროპულმა პოლიტიკოსებმა ამხელა ყურადღება მიაქციეს იმას - არის თუ არა დესტაბილიზაცია საქართველოში. ხაზიც გაუსვეს, რომ დესტაბილიზაცია აწყობს რუსეთს. ოპოზიციას უთხრეს, რომ თქვენ რუსეთის წისქვილზე ასხმათ წყალსო. დასავლეთის და რუსეთის ბრძოლის ფრონტი გადმოვიდა საქართველოზე და უკრაინაზე. ფაქტია, რომ დღეისთვის ეს თემები მწვავეა ისევე როგორც არასდროს. ამავე დროს არ ვიცით რა პოზიციას დაიკავებს დასავლეთი - რუსეთთან უპრობლემო ურთიერთობა ექნება და წავა კომპრომისსზე, თუ იქნება უკომპრომისო. დღეს, მთელი მსოფლიო ამას ელოდება. ამ მომენტამდე განვლილი წელი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს როლი უფრო მკაფიოდ და შთამბეჭდავად გამოჩნდა.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და ამ ნაწილში ოკუპირებულ რეგიონებს. თითქოს იყო მოლოდინი, რომ პოლიტიკური ყინული გალღვებოდა, მაგრამ პირიქით, ისევ გაყინულ მდგომარეობაში ვრჩებით. რატომ ვერ წავედით წინ?

- რუსეთი საგარეო ურთიერთობაში და ჩვენთან ურთიერთობაშიდაც ცდილობს, რომ შენთვის სასარგებლო ნაბიჯი არ გადადგა და შენ გადაგადგმევინოს ის ნაბიჯები, რაც მას სურს. ვთქვათ, რომ მკაფიოდ გვესმის მას რა სურს, არასწორი იქნება. იმიტომ, რომ თვითონ რუსეთმა არ არ იცის რა უნდა. უბრალოდ უნდა, რომ იყოს არაკომფორტული ქვეყანა დასავლეთისთვის. ამ არაკომფორტულობას უკრაინით შექმნიან, საქართველოთი, თუ რომელიმე სხვა დასავლეთვისთვის მნიშვნელოვანი რეგიონით, ეს უკვე რუსეთისთვის სულერთია. რადგან ჩვენ არ გვაქვს წინსვლა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კომპრომისზე არ წავედით.

რუსეთს ჩვენ ვერ ვაიძულებთ რაღაცებს, ჩვენ ხელში არ გვიკავია ის კოზირი, რომლითაც რუსეთთან თამაში მომგებიანი იქნება. ამიტომ, პრინციპში, ეს მდგომარეობა ჩვენთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია, რომ უფრო წამგებიანი რამ არ მოხდეს. როცა რაღაცა პროცესები ჩაივლის და გამოჩნდება ვინ რა პოლიტიკის გამტარებელია, ამ შემთხვევაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ვგულისხმობ, მერე გამოიკვეთება ამ ურთიერთობათა ჭრილში ჩვენ რა როლი გვეკუთვნის და როგორ უნდა მოვიქცეთ.

trampi გიორგი მარგველაშვილი:........................ სააკაშვილი პუტინის პატიმარია

ვააააააა........... ეს რომ დებილი იყო ვიცოდი მაგრამ ............................................ ესეთიიიიიიიი?
პლიუს ჩათლახიც ყოფილა......................
რომ ჰკითხო კიდევ ფილოსოფოსი ვააარო
ფილოსოფოსი კი არა ეს მართლა ქაჯი. ფალოსიფოსი ყოფილა .....
2 წლის უკან