მგზავრობის გაძვირების შემდეგ, დასუფთავების მოსაკრებელიც იზრდება

მგზავრობის გაძვირების შემდეგ, დასუფთავების მოსაკრებელიც იზრდება

როგორც ჩანს, დედაქალაქის მერიაში ტარიფების ზრდას მიჰყვეს ხელი. ტრანსპორტის გაძვირების შემდეგ, იზარდება დასუფთათვების მოსაკრებელი, თუმცა, ჯერ მხოლოდ ბიზნეს სუბიექტებისთვის. რამდენადაც ქალაქის დასუფთავება ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და მერიასაც მნიშვნელოვანი სუბსიდიის გაღება უწევს საამისოდ, გამორიცხული არ არის, მომავალში მოსახლეობისთვისაც შეიცვალოს ტარიფი.

მანამდე კი, 2022 წლის 1-ლი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის, დაწესებულებებისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც მომგებიან საქმიანობას ეწევიან, დასუფთავების მოსაკრებელი შეიცვლება. თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ტარიფი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის უცვლელი რჩება.

„2022 წლის 1-ლი იანვრიდან მხოლოდ ბიზნეს სექტორისთვის და სუბიექტებისთვის, რომლებიც ეწევიან მომგებიან საქმიანობას დასუფთავების მოსაკრებელი იზრდება. მოიმატებს სახელმწიფო დაწესებულებებისთვისაც. უცვლელი რჩება საყოფაცხოვრებო სექტორისთვის.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ დასუფთავების მიმართულებით მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვან სუბსიდიას ახორციელებს, თუმცა არ გვგონია, რომ მუდმივად უნდა ვასუბსიდიროთ ბიზნეს სექტორი, შესაბამისად, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მათი მოსაკრებელი იყოს ზუსტად იმდენი, რამდენიც იხარჯება მათთვის მომსახურების სახით.

დღესდღეობით 70% „თბილსერვისის“ დანახარჯები ბიზნეს სექტორის მომსახურებას ემსახურება, ხოლო დანარჩენი 30% საყოფაცხოვრებო სექტორს. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ იმის ნახევარია დარიცხვა ბიზნესზე, ვიდრე მათი მომსახურებისთვის იხარჯება. ამდენი წელი ეს პრაქტიკა იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ახლა არის დრო, როდესაც საკრებულომ უნდა განიხილოს მოსაკრებლის გადახედვის საკითხი, უნდა გაიზარდოს და მათი გადახდილი თანხა გაუტოლდეს იმდენს, რამდენიც იხარჯება მათი მომსახურებისთვის“, - განაცხადა ხმალაძემ.

დროებითი შეღავათი ექნებათ ტურისტულ ობიექტებს. მათ დასუფთავების გადასახადისთვის 1000-ლარიან ერთჯერად ვაუჩერებს გადასცემენ.

„შემოდის 1000-ლარიანი ვაუჩერები ტურისტული ობიექტებისთვის, ესენია კვების ობიექტები და სასტუმროები. მათ შეეძლებათ ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ ამ სუბსიდიით და შემდეგ დაიწყონ გადახდა. ამ სუბსიდიას მუნიციპალიტეტი გამოყოფს სუბიექტების სასარგებლოდ“, - განაცხადა ხმალაძემ.

ბიზნესისთვის მომატებული დასუფთავების მოსაკრებლის სახით, გადახდილი გადასახადები 17 მლნ ლარით გაიზრდება. მერიაში ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადი მოხმარდება „თბილსერვისის“ თანამშრომლების ხელფასებს, ტექნიკის განახლებისა და სხვა საკითხებს.

„ყველა ორგანიზაციას სხვადასხვანაირად ერიცხება გადახასადი და ყოველთვიური გადასახადი შეიძლება 20 ლარით გაიზარდოს. მთლიანობაში, ბიზნეს-სექტორზე დარიცხული დავალიანება გაიზრდება 17 მლნ ლარით. ამ თანხას აქამდე მუნიციპალიტეტი ასუბსიდირებდა და არ მიგვაჩნია სწორად, მოგებიანი ბიზნესი მუდმივად ვასუბსიდიროთ“, - განაცხადა ხმალაძემ.

მერიის პრობლემა გასაგებია, მაგრამ მეორე საკითხია, პანდემიის დროს რამდენად სწორია გადასახადის გაზრდა. ამ საკითხზე ვიცე-მერი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ძალიან დაეხმარა ბიზნესს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.