რა ელის მომავალში სააკაშვილს, ბურჯანაძეს და პუტინს?

რა ელის მომავალში სააკაშვილს, ბურჯანაძეს და პუტინს?

(იბეჭდება შემოკლებით)

ნათელმხილველი გიგი ირემაშვილი მეუღლესთან ერთად ეწვია „ალიას“. მათ თან თავიანთი პოლიტიკური პროგნოზებიც მოიტანეს...

- ხილვები 16 წლის ასაკიდან მაქვს, ყველა ხილვა ზუსტად ცხადდება, 2000 წლიდან დღემდე 578 ხილვა აცხადდა.

კონკრეტული მაგალითები მითხარით...

- 11 სექტემბრის ტერაქტი, კახა თარგამაძისა და ნოღაიდელის მოხსნა, სააკაშვილის დანიშვნა საკრებულოს თავმჯდომარედ, გაზეთშიც დაიბეჭდა ეს 12-18 ივლისს.

ივლისში ეს ისედაც ცხადი იყო, დიდი ნათელმხილველობა აღარ სჭირდებოდა.

- სხვა დამამტკიცებელი საბუთებიც მაქვს, ამ რვეულში მიწერია ყველა ხილვა და რიცხვებიც აქვს მიწერილი, როდისაა ნანახი. ყველა აცხადდა. ასე სკეპტიკურად არ უნდა იყოთ განწყობილი. უნდა გჯეროდეთ. მომავალზე გეტყვით კონკრეტულად და დაიმახსოვრეთ, თუ არ აცხადდეს, მაგალითად, ჟვანიაზე.

კი, ბატონო, დავიწყოთ ჟვანიათი.

- ზურაბ ჟვანიას მომავალი, პოლიტიკური მრწამსიდან, მისი პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე, ბრწყინვალე იქნება. არჩევნებში გაიმარჯვებს. მაგრამ მანამდე გარკვეული პიროვნებები მას უკვე უმზადებენ ტერაქტს. ეს პიროვნებები არიან მასთან დაახლოებულები. შემსრულებლები - სხვები.

ჟვანიას ტერაქტი ელის? როდის?

- ამას პირადად მასთან საუბარში ვიტყვი. თუ დაიჯერებს. აგვისტოს თვეში მას სერიოზული ხიფათი ელის ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით. რიცხვიც ზუსტად ვიცი, მაგრამ თავს შევიკავებ. მის მომავალზე სხვა ინფორმაციებიც არსებობს და საკმაოდ სერიოზულიც, მაგრამ ეს ინფორმაცია იქნება ჩამოყალიბებული უშუალოდ მასთან შეხვედრისას.

თქვენ ფიქრობთ, ამ ინტერვიუს წაკითხვისთანავე ჟვანია თქვენთან გამოიქცევა?

- რა, არ დარბიან თუ - რა... უშტატო მკითხავები არ ჰყავთ პარლამენტში? სამლარიანი მკითხავები. შევარდნაძესაც ჰყავს მრჩეველი ნათელმხილველი. სვეტა ჰქვია, გვარს არ დავასახელებ.

სხვა პოლიტიკოსებსაც ხომ არ ელით რაიმე ხიფათი?

- ნინო ბურჯანაძესაც ელის ამ წლის ბოლომდე საავტომობილო კატასტროფა, უნდა ერიდოს მეგრელ მამაკაცს, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდება. მომავალი წლის მარტის თვეში შეეცდებიან, მისი ბინა დააყაჩაღონ, მანამდე კი სერიოზული მკვლელობა მოხდება.

ვინ ვის მოკლავს?

- მაგას ჯერ ვერ გეტყვი. ავთანდილ ჯორბენაძე სახელმწიფო მინისტრი აღარ იქნება. 29 ივნისს სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება, ეს მის პირად ცხოვრებას ეხება. ჯანმრთელობა წელიწადნახევრის განმავლობაში სერიოზულად ექნება შერყეული. მისი მხსნელია ერთი „პრიბალტიკელი“ გოგონა. სხვა სერიოზული ინფორმაციაც მაქვს მასზე, მაგრამ მხოლოდ მასთან პირადი საუბრისას იქნება ეს დაკონკრეტებული.

თქვენ ჯორბენაძესაც ელოდებით, რომ თქვენთან მოვა...

- დიახ, მოვა და ეს სულ არ არის სასაცილო.

არა, აბა, როდის ვიცინი. სხვებზე რას იტყვით?

- ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ იცის, ვინც მოკლა მისი ქმარი. მოვა დრო, ფარდა აეხდება ამ საქმეს. მის ოფისში დაიკარგება საბუთები. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, თავს შევიკავებ, პირადად მას გავუმხელ.

სააკაშვილს რა ელოდება?

- ცოტა ხანი იქნება საკრებულოს თავმჯდომარე. შემდეგ ისეთ პირობებს შეუქმნიან, რომ გააბუნძულებენ საქართველოდან. საზღვარგარეთ გაიქცევა. ასლან აბაშიძე ფრთხილად უნდა იყოს, მას ტერაქტს მოუწყობენ.

როდის?

- ეს გამოსაქვეყნებელი არ არის, პირადად მას ვეტყვი. მის ვაჟს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ექნება, ღვიძლს უნდა მიხედოს...

თქვენ სადამ ჰუსეინის შესახებაც გეცოდინებათ რამე.

- ინფორმაცია იმისა, რომ ჰუსეინი ცოცხალია, მცდარია. განადგურდა გასულ საუკუნეში, როცა მამა-ბუშის პრეზიდენტობისას ამერიკამ დაარტყა ერაყს... ახლანდელი ე.წ. სადამ ჰუსეინი არის მისი ორეული. ამჟამად ცოცხალია და იმყოფება აფრიკის ერთ-ერთ სახელმწიფოში, ქვეყანას შეგნებულად არ ვასახელებ.

ლამის ნახევარი მსოფლიო მას ეძებს და თქვენ ამბობთ, რომ იცით, სად არის?

- ვიცი, მაგრამ არ ვამბობ. პირადად ბუში თუ დამირეკავს, იმას ვეტყვი. გაზეთში რომ გამოვაქვეყნო მისი ადგილსამყოფელი, შეიძლება ამაორთქლონ. მისი მხრიდან სერიოზული ტერაქტია მოსალოდნელი აშშ-ს საწინააღმდეგოდ... რაც შეეხება რიჩარდ მაილსს (აშშ-ს ელჩი საქართველოში) ამ წლის ბოლომდე იქნება თავის თანამდებობაზე, შემდეგ მოხსნიან. სექტემბრის პირველ დეკადაში საავტომობილო კატასტროფის ხიფათი ელის, მაგრამ არა სასიკვდილო. ყურადღება უნდა მიაქციოს ჯანმრთელობას, თირკმელს, სისხლძარღვების შევიწროებაც აქვს. შემდგომ პერიოდში კიდევ უფრო სერიოზულად დაავადდება. საქართველოს არჩევნების ჩაშლაში მონაწილეობას მიიღებს, მაგრამ არ გამოჩნდება.

არჩევნები ჩაიშლება?

- დიახ, ჩაიშლება. ამის შემდეგ რამდენიმე თვე პრეზიდენტი იქნება პაატა შევარდნაძე. შემდეგ კი პრეზიდენტი გახდება ჯუმბერ პატიაშვილი.

საქართველოს ახლანდელ და მომავალ პრეზიდენტებს შევეხეთ, არც ბუშს დავწყვიტეთ გული. რუსეთის პრეზიდენტმა რაღა დაგვიშავა, მასაც ვუთხრათ, რა ელის...

- პუტინს ტერაქტს მოუწყობენ და მოკლავენ.

როდის?

- უახლოეს წლებში. შემდეგი პრეზიდენტი იქნება შუმეიკო. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს იბრუნებს საქართველო ჯერ სამაჩაბლოს, მერე აფხაზეთს, მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, უსისხლოდ.

ამ დროს საქართველოს პრეზიდენტი ისევ შევარდნაძეა?

- არა, პატიაშვილი. ეს რვა წლის შემდეგ ხდება. მაგრამ მანამდე მიწისძვრები ხდება, ჟინვალჰესზეც ტერაქტია მოსალოდნელი. წყალი თბილისის დიდ ნაწილს წალეკავს. ჯვარი და სვეტიცხოველი აუცილებლად გადარჩება.

ვინ აწყობს ტერაქტს ჟინვალჰესზე?

- მეგრელი გვარის კაცია, ის ააფეთქებს.

რატომ არ ასახელებთ გვარს?

- მაინც არ გჯერათ და... ამდენი კონკრეტული ადამიანი გითხარით, მეტი რაღა გინდათ.

გახსოვთ, ერთხელაც იყო ეგეთი რამ, ვიღაც ნათელმხილველმა თბილისის დანგრევა იწინასწარმეტყველა. ვინც დაიჯერა, სახლები დატოვა, ქურდებმა კი პირწმინდად გაასუფთავეს ასეთი სახლები.

- ეგ ინფორმაცია თვითონ ქურდებიდან მოდიოდა.

რატომ ხართ დაინტერესებული, რომ თქვენი პოლიტიკური წინასწარმეტყველებები დაიბეჭდოს?

- ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს.